reportiori.ge - გუგული მაღრაძე: 3 წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა, 20 წლის მანძილზე რომ არ გაკეთებულა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:23
ინტერვიუ
გუგული მაღრაძე: 3 წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა, 20 წლის მანძილზე რომ არ გაკეთებულა!
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 15:09


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ 3 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა და მოსახლეობა ამას დააფასებს.


რა მიღწევები და რა პრობლემები აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, - ამ და სხვა თემებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ესაუბრა.

 

- ქალბატონო გუგული, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და ამ მიმართულებით ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს. თქვენი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის პოზიცია როგორია აღნიშნულ საკითხზე?


- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს, რაც საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული. არცერთი ამ პირობებიდან ახლა დღის წესრიგში არ დგას. ამიტომ, ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, არის პიარის ერთ-ერთი ხერხი. კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ არსებობენ. რაღაც ლოზუნგები ხომ უნდა წამოაყენონ და ჰქონდეთ რაღაცაზე ლაპარაკის შესაძლებლობა. თავადაც კარგად იციან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობები არ არის დღესდღეობით.


- ელოდებით თუ არა ქუჩის აქციებს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან?


- შესაძლოა, ქუჩის აქციები ჰქონდეთ. თუმცა, დიდი ხალხმრავლობით მათი აქციები არ გამოირჩევა. ოპოზიციაში ვიყავი გარკვეული წლები და ვიცი, რომ ასეთ აქციებზე მოსახლეობის შეკრება მხოლოდ იმ ფინანსურ რესურსზე არ არის დამოკიდებული, რაც შეიძლება გააჩნდეს „ნაციონალურ მოძრაობას". რაიმე სერიოზულ აქციებს მათი მხრიდან არ ველი. პატარ-პატარა აქციები შეიძლება ჰქონდეთ, ეს მათი უფლებაა. ძალიან კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი ვითრება, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

- საარჩევნო სისტემაზეც გკითხავთ. თქვენი ოპონენტები მუდმივად გაკრიტიკებენ აღნიშნულის გამო. თავად ხედავთ ხარვეზებს ამ მიმართულებით?


- ცხადია, საკმაოდ რთული მისაღწევია სრულყოფილი საარჩევნო სისტემა. მთავარია, როგორ ტარდება არჩევნები. რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველთვის ვამბობ, რომ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები ჩვენნაირი ქვეყნისთვის უკეთესია და მხარს ვუჭერ. პროპორციული არჩევნები ზრდის პოლიტიკურ კულტურას, აჩვევს ადამიანებს, ორიენტაცია გააკეთონ პარტიის პროგრამებზე და არა კონკრეტულ სუბიექტებზე, ამომრჩევლის პასუხისმგებლობაც უფრო მაღალია ამ დროს და არჩეული პოლიტიკური ძალისაც. პროპორციულ სისტემას ჩემთვის ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მაგრამ არჩევნების ჩატარება მაჟორიტარული წესითაც შეიძლება და შესაძლებელია, კარგადაც ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ სუფთად და გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები. მხოლოდ არჩევნების ჩატარების წესი არ არის წამყვანი. ამ შემთხვევაში წამყვანია ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ადამიანების პოლიტიკური ნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ მონაწილეობა გაყალბებულ არჩევნებში და გააპროტესტონ და ა.შ.


ვთქვით, მაჟორიტარული სისტემა არ არის კარგი და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებებიც განვახორციელეთ. სისტემის ცვლილება თანმიმდევრულად ხდება. საზოგადოებასაც სჭირდება მომზადება. დღეს რომ გამოვუცხადოთ რაიონებს, რომ არ ეყოლებათ მაჟორიტარი დეპუტატი, მათ ექნებათ გარკვეული რეაქცია ამაზე. მაჟორიტარობა მოსახლეობაში თითქოს პატრონობის განცდაა. თანდათან პოლიტიკური გემოვნება აიწევა, ადგილობრივი თვითმმართველობები გაძლიერდება და ამის შემდეგ ჩატარდება პროპორციული არჩევნები.


- 2016 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე, არის თუ არა შესაძლებელი, პენსია გაიზარდოს?


- ასეთი დაპირება სწორად არ მიმაჩნია. ჯერჯერობით ამის თქმა არ შეგვიძლია. აღმოჩნდა, რომ საქართველოში 40 000-ით მეტი პენსიონერი გვყავს წინა წლებთან შედარებით. ჯანდაცვის პროგრამამ შეძლო, რომ ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს, თავის დროზე მიდის ექიმთან, იტარებს გამოკვლევებს, იკეთებს ოპერაციას და ამან შედეგი გამოიღო. თუმცა, პენსიონერთა რიცხვის გაზრდას ხარჯების გაზრდაც მოჰყვა.


ზოგადად, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე ძალიან დიდი თანხა, ბიუჯეტის მესამედი იხარჯება. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო და ეს სფერო ბოლომდე მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. იმაზე ნაკლები არ იქნება, ვიდრე არის და შესაძლოა, გაუმჯობესდეს კიდეც.

 

- როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 3 წელს. რა მიღწევები და რა პრობლემები აქვს ხელისუფლებას დღეის მდგომარეობით?


- დღეს დავესწარი გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს. 3 წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, 20 წლის მანძილზე რომ არ გაკეთებულა. მოსახლეობამ ეს ჯერ არ იცის და როცა საჭირო იქნება, მივაწოდებთ ამ ინფორმაციას და გაიგებენ, თუ რა გააკეთა სამ წელიწადში „ქართულმა ოცნებამ", რისი შესაძლებლობები იყო, რა ვერ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ობიექტურ დასკვნებს გამოიტანს და „ქართული ოცნება" უმრავლესობაში დარჩება. ის, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ 3 წელიწადში გააკეთა, შესაძლოა, ხალხმა უცებ ვერ დაინახოს, მაგრამ გათვლილია სამომავლო სიკეთეზე. არის სოფლები, რომლებშიც ადამიანები დაბრუნდნენ, რადგან გატარდა ღონისძიებები უკეთესი ცხოვრებისთვის. მეტი ტურისტი მოდის, შემოსავალი მეტია. სოფლის მეურნეობაშია ძალიან დიდი პროგრესი. ოკაცეს კანიონის ტურისტულმა პოტენციალმა ახლომახლო რაიონებს დამატებითი შემოსავალი მოუტანა. რასაც მოსახლეობა აწარმოებს, ყველაფერი იქვე ეყიდებათ. განათლების სფეროშიც ბევრი რამ გაკეთდა. მოხდა მასწავლებლების სერტიფიცირება და იზრდება მათი ხელფასები. ძალიან ბევრი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლები კვალიფიკაციას იმაღლებენ. პროფესიული განათლების სისტემაშია კარგი ცვლილებები. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა უბრწყინვალესი პროგრამა, რომლის შემდეგაც ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომის აღება საქართველოში გახდა შესაძლებელი. ბევრი რამ გაკეთდა, რასაც დანახვა სჭირდება. ჩვენ ჩავიბარეთ ბუტაფორიული სახელმწიფო. ეკონომიკაც, დემოკრატიაც და წარმატებებიც ბუტაფორიული იყო. ჩვენ კი ვეცადეთ, რომ ეკონომიკაც, დემოკრატიაც, თავისუფალი სასამართლოც და თავისუფალი მედიაც ნამდვილი სახით წარმოგვედგინა. ახლა, ფაქტობრივად, სახლის საფუძველს ვყრით, მართვის სტილს ვცვლით და ამას სიძნელეებიც ახლავს თან. საფუძვლის ჩაყრა სწრაფად არ ჩანს, მერე გამოჩნდება ყველაფერი, როდესაც სახლი აშენდება. სახლის აშენებამდე კი მისვლა გვინდა. ეს უნდა გააცნობიეროს საქართველოს მოსახლეობამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016