უმრავლესობის წევრის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, „რუსთავი 2"-ში ისმის არა ხალხის ხმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" სიძულვილის ხმა. დეპუტატმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა:
„თქვენ გადარდებთ არა „რუსთავი 2"-ის დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ „რუსთავი 2" თქვენგან არ იყოს დამოუკიდებელი. ის, რომ „რუსთავი 2" პარტიულ ჩარჩოშია ჩარჩენილი და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ადასტურებს, თუ ვინ მუშაობს ამ ტელევიზიაში: ნიკა გვარამია სააკაშვილის დროს განათლების და იუსტიციის მინისტრი, ამჟამად „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი. ზაზა ბიბილაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი, პარალელურად, „რუსთავი 2"-ის ადვოკატი; ნინო ნაკაშიძე - სააკაშვილის დროს ელჩი ჩეხეთში, ამჟამად „რუსთავი 2"-ის საზღვარგარეთ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დიმიტრი ძაგნიძე - პრეზიდენტ სააკაშვილის საპარლამენტო მდივანი, ამჟამად, ბიბილაშვილთან ერთად ზეპარტიული „რუსთავი2"-ის ადვოკატი. დანარჩენი თქვენ დაამატეთ, „ნაციონალური მოძრაობის" რომელი ლიდერის და მაშინდელი ძალოვანის ცოლი მუშაობს და კეკლუცობს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში თავისუფალ სიტყვაზე, დემოკრატიაზე, პლურალიზმზე. ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა „ნაციონალები" მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ", - განაცხადა ჩრდილელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.