„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ძაბირაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყოს. ექსპერტი მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს გაზაფხულისთვის ვარაუდობს.
„არ ველოდები, რომ 17 ნოემბერს, ინაუგურაციის შემდეგ, რაიმე მკვეთრი ცვლილებები იქნება. ძირითადად დარჩება ის ჩარჩო, რომელიც ივანიშვილმა განსაზღვრა, თუ ცვლილებები იქნება, ეს ალბათ გაზაფხულზე მოხდება, თუმცა ძირეული ცვლილებები გაისად, ამ დროს იქნება. როდესაც ლაპარაკია საპარლამენტო მმართველობაზე, პრემიერი თავად აყალიბებს კაბინეტს. პოლიტიკაში ამ ფაქტორს არ გაუწიო ანგარიში, საკმაო გულუბრყვილობაა, ეს შემხვედრი თამაშია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაუშვან წულუკიანი, ან ალასანია ? რა პრეტენზიები აქვთ მასთან? გუნდმა უნდა იმუშაოს ერთად!" -განაცხადა ძაბირაძემ.