reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დაოსტატებულია, ხალხი ჭკუიდან როგორ გადაიყვანოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:48
ინტერვიუ
ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დაოსტატებულია, ხალხი ჭკუიდან როგორ გადაიყვანოს!
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2015. 17:18


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე:


- ბუნებრივია, ამ კადრების გავრცელება არასასიამოვნო ფაქტია. სამწუხაროა, რომ ისეთი რაღაცების გახსენება გვიწევს, რომელიც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებებს გვიტოვებს. თუმცა, მე ცოტა განსხვავებულად ვფიქრობ, ვიდრე ჩემი ზოგიერთი კოლეგა. მარტო იმის მოთხოვნა, რომ გამოიძიონ, თუ ვინ და როგორ გაავრცელა კადრები, საკმარისად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა გამოიძიონ საქმე, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ვინ გასცა დაკვეთა და საბოლოოდ უნდა ვამხილოთ ამ სისტემურ დანაშაულში წინა ხელისუფლება. ყველა საქმე მოიცდის, გარდა ამ ცხრაწლიანი დანაშაულების გამოუძიებლობისა და „ნაციონალური მოძრაობის" არაკრძალვისა. სამწუხაროა, რომ უზარმაზარი წინაღობა შევქმენით ქვეყნის წინსვლის თვალსაზრისით, როდესაც კოჰაბიტაცია გამოვაცხადეთ, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს.


რაც შეეხება კადრების გავრცელებას, ახალს ვერაფერს გეტყვით. არის რამდენიმე ვარაუდი, თუ ვინ გაავრცელა. მათ შორის მოიაზრება უკრაინელი ბიზნესმენი, რომელმაც კოდუას საშუალებით გაავრცელა კადრები.


რაც შეეხება ვიდეოფაილების შენახვა-არშენახვას, პრემიერმა განაცხადა და ვეთანხმები, რომ ამ დოკუმენტების განადგურება არ შეიძლება. ეს არის სამხილი. უნდა განადგურებულიყო და მგონი განადგურდა კიდეც პირადი ცხოვრების მამხილებელი დოკუმენტები. წინა ხელისუფლება საწოლებში უვარდებოდა ხალხს და სწორედ ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უნდა განადგურებულიყო. მაგრამ ის დანაშაული, რომელიც ხდებოდა ამ ფორმით, წამებითა და ღირსების შელახვით, როგორ შეიძლება განადგურებულიყო. ეს იქნება ის სამხილი, რომელიც ოდესმე საბოლოო გამოძიებას დაეხმარება. ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამას, მოვა სხვა ხელისუფლება და ბოლომდე გამოიძიებს ამ საკითხს და დასასჯელი დაისჯება.

 

- მსგავსი კადრები 2012 წლის არჩევნებამდეც გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არჩევნების შემდეგ კი „ქართული ოცნება" მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღნიშნული ქმედებები გამოძიებული იქნებოდა და დამნაშავეები დაისჯებოდნენ. დღეს, 3 წლის შემდეგ, კადრები კვლავ ვრცელდება. ამ კონტექსტში, რამდენად კმაყოფილი ხართ პროკურატურის საქმიანობით?


- სამწუხაროდ, არ ვარ კმაყოფილი. მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, რამდენიმე სერიოზული საქმის დაძვრისა, რომელიც ქონების დაბრუნებას უკავშირდება, მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის კუს ნაბიჯები. ვერ მივდივართ იმ ტემპით წინ, რომელსაც ხალხი მოითხოვს. მინდა, უფრო სწრაფი ტემპებით მუშაობდეს პროკურატურა. თუმცა, მაინც მადლობელი ვარ იმაზე, რაც გაკეთდა. რა თქმა უნდა, უკეთესი ვითარებაა, ვიდრე იყო, მაგრამ საკმარისი არაა.


- ახლო მომავალში მთავარ პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ვისი კანდიდატურა გესახებათ აღნიშნულ თანამდებობაზე?


- ვემხრობოდი კახა კახიშვილის კანდიდატურას, როდესაც ხალხი ამას ითხოვდა. პროკურატურაში ცოტა უფრო მეტი პრინციპულობაა საჭირო. კახიშვილი გიორგი ბადაშვილზე მეტად მებრძოლი, პოპულარული კაცია, უფრო მეტად გამოიძიებს ამ საქმეებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს, ქონებრივ დანაშაულს უკავშირდება.


- „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე რა აზრის ხართ? ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. გამორიცხავთ თუ არა აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან?


- „ნაციონალური მოძრაობა" დაოსტატებულია, რომ ნებისმიერ პატარა ფაქტზე მთელი პიარკამპანია ააგოს და ხალხი ჭკუიდან გადაიყვანოს. თუ გვარამია რეალურად ამბობს, რომ მის მიმართ შანტაჟი ხორციელდება, მეც დავუდგები გვერდში. მაგრამ ამას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. გვითხრას, ვინ არის ის, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია ცრუობს. მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ვითარების არევა სურთ.


„რუსთავი 2"-ის საქმე არის კერძო სამართლებრივი საქმე. გვარამიას კი სურს, სამართლებრივი ჩარჩოდან გამოიყვანოს ეს საქმე და გადაიტანოს მასებში. არ გამოუვა ეს, არ მივცემთ ამის საშუალებას.


სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილება, შესაძლოა, მეც არ მომწონებია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია, რომ არ ვერევით სასამართლოს საქმეში. ამიტომ უნდა ვადროვოთ სასამართლოს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ჟურნალისტების საქმიანობას შეეხება ვინმე, მერე ვისაუბროთ. წინასწარ თვალებს რატომ ვითხრით?!


- „გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რას იტყვით, რა მიმარულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ზოგადად, როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნული კომპანიის მიმართ?


- რამდენადაც ვიცი, „გაზპრომთან" ყოველწლიურად თანხმდება ხელშეკრულების პირობები, საუბარია გაზსადენის გაფართოებაზე, რომლითაც გაზი მიეწოდება სომხეთს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და ცრუ განგაშია ატეხილი. სააკაშვილმა არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ დატოვა, რომ რუსებისთვის არ მიეყიდა. როგორ შეიძლება, ამ ხალხმა დღეს „გაზპრომზე" ატეხოს განგაში, მაშინ როდესაც მიმდინარეობს ჩვეულებრივი მოლაპარაკება.


ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი მოლაპარაკება. არავითარი საგანგაშო აქ არ არის. რაც შეეხება თავად „სოკარს", შესანიშნავი კომპანიაა, მაგრამ ძალიან ცუდად იმუშავა თუნდაც 2012 წლის არჩევნების დროს. ფაქტობრივად, ჭკუიდან გადაჰყავდა ხალხი, როდესაც გაზის მილები გაჰყავდა სოფლებში. ქუჩები დატოვა გადათხრილი, ხალხს მკვდრები ვერ გამოყავდა ჩიხებიდან. პირადად ვარ ამის მომსწრე იმერეთის რეგიონში.


აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვთანამშრომლობთ მასთან და არავითარი საფრთხე ჩვენს ურთიერთობას არ ემუქრება.


- ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშორებით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?


- აქამდეც ჩატარებულა რეფერენდუმები, არაფერს მემატებს ან დააკლებს ეს ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ეს ქმედება მიბმულია იმ პროცესთან, რაც ჰააგაში განვითარდა. როდესაც ჰააგის სასამართლომ ეთნოწმენდის საქმეების გამოძიება დაიწყო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მოჰყვა ეს ნაბიჯი. თუ ეს გამოძიება ბოლომდე მივიდა, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება იძულებული იქნება, რომ დააბრუნოს ლტოლვილები უკან ე.წ. სამხრეთ ოსეთში და საერთაშორისო ჯარები ჩააყენოს იქ. ეს იქნება უდიდესი მიღწევა. მაშინ რუსეთი თავის ნებაზე ვეღარ იქნება. ჩვენ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას ამ მიმართულებით.


თიბილოვის განცხადება თითქოს არის შანტაჟი საერთაშორისო საზოგადოების მისამართით, მაგრამ ის ამას ვერ მიაღწევს და ბევრს ვერაფერს დააკლებს იმ საქმეს, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016