reportiori.ge - გამჭვირვალობა თუ ჭიქა წყალში ატეხილი ქარიშხალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:00
მედია
გამჭვირვალობა თუ ჭიქა წყალში ატეხილი ქარიშხალი
22 ოქტომბერი, 2015. 15:43


დიდი ყურადღებით წავიკითხე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც რიგ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვა, საკამათოა; ნაშრომის გაცნობის პროცესში კითხვის ნიშნები გაჩნდა, ბოლოსკენ ეს სასვენი ნიშანი იმ ზომამდე გაიზარდა, რომ ჯამში, მგონი, მთელი ანგარიშის ფორმატს გაასწრო. კვლევას რომ „ნაციონალური" ელფერი ექნებოდა, ამას თავიდანვე ვეჭვობდი, ხოლო დამფინანსებლის ვინაობამ ეს ვარაუდი საბოლოოდ გამიმყარა - Sida-ს უკან ხომ პატივცემული კარლ ბილდტის აჩრდილი ილანდება, მისი ორიენტაცია (იმის შიშით, ჰომოფობია არ დამწამოთ, ვაკონკრეტებ - პოლიტიკური ორიენტაცია) კი საქვეყნოდ ცნობილია. ახლა დეტალურ გარჩევას არ შევუდგები და მხოლოდ ერთ კითხვის ნიშანზე გავამახვილებ ყურადღებას. ორიოდ წელია ვთანამშრომლობ reportiori.ge-სთან, მართალია, ძირითადად სპორტულ თემაზე ვწერ, მაგრამ არც პოლიტიკასთან ვარ უბრად. ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა, რას ედავებით ამ პორტალს ან, საერთოდ, რაზეა საუბარი ამ საგანგებოდ მიძღვნილ ქვეთავში? ჯერ გვაცნობთ ვებგვერდის მფლობელებს, შემდეგ გადადიხართ „ასავალ-დასავალის" კრიტიკაზე და მიწაში დებთ ამ გაზეთს, რადგან, ოდესღაც, გიორგი მამაცაშვილი, თურმე ამ გაზეთში მუშაობდა(?!), მერე რა? „ასავალ-დასავალში" მუშაობის უფლება არ ჰქონდა თუ „რეპორტიორში" მუშაობის ნება არ აქვს? მაგრამ, თურმე, გაკვირვება წინ მქონია. თქვენმა შედგენილმა დიაგრამამ, სიმართლე გითხრათ, გულიანად გამამხიარულა. მსგავსი დილეტანტიზმი კარგახანია არსად მინახავს. თურმე, თუ ფოფხაძე-მამაცაშვილი და დევდარიანი ერთად რომელიმე ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან, ხოლო ქალბატონი ნანა, თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობის მომხრე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან მეგობრობს, ეს იმის მანიშნებელი ყოფილა, რომ მამაცაშვილ-ფოფხაძის ტანდემის რუსეთთან კავშირი თურმე არავითარ ეჭვს არ იწვევს. დაგვცინით? თუ გგონიათ, რომ იუმორის გრძნობა გვღალატობს? ორ ათეულ წელზე მეტი ვიმსახურე საქართველოს ტელევიზიაში, შესაბამისად, ვარ ბევრი პოლიტიკური პროცესის მოწმე და დანამდვილებით ვიცი, რომ ნუგზარ ფოფხაძე ცნობილ ამერიკელ კონგრესმენებთან და ექსპრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო მედიაორგანიზაციის თანადამფუძნებელია; მისი ბიოგრაფია თუ კარგად შეისწავლეთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე პირველი ერთობლივი ტელეკონპანია „სი-ენ-ენთან" ერთად, სწორედ იმ სტრუქტურამ შექმნა, რომლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ფოფხაძე გახლდათ... და, აქედან გამომდინარე, ვითომ რატომ არ უნდა დავაბრალოთ „რეპორტიორს" ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან კავშირი? ამიტომ, თქვენი ბრალდება, მორიგი და უბრალო გადამღერებაა „ძველი სიმღერისა" და ეს უკვე დილეტანტიზმის ფარგლებსაც სცდება და... ფრუნზიკ მკრტჩიანის „ლიჩნი ნეპრიაზნში" გადადის. სხვათა შორის, ქალბატონ თამარ კინწურაშვილის გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ ვინაიდან გული შემტკიოდა, ის ამბებიც ვიცი, მავანი ხელმძღვანელის პერიოდში როგორ გაიძარცვა ტელევიზიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სად გაქრა ტელერადიოს საკუთრებაში არსებული „სასტუმროს" შენობა... თუმცა, ეს სხვა „ოპერიდანაა" და ამაზე, სხვა დროს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ცდილობთ, „რეპორტიორს" „მიაწებოთ" რუსეთთან კავშირი, „სიძულვილის ენით საუბრის" მცდელობა, ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური მიდრეკილებები და ა. შ. თუმცა, ამის დამადასტურებელი რომ აბსოლუტურად (!!!) ვერაფერი მოიძიეთ, მინიშნებებით გინდათ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ, ბატონებო, მხოლოდ ფაქტებით და არა თქვენი თითიდან გამოწოვილი „ვარაუდებით": თუ თქვენ თუნდაც ერთ ხელშესახებ მაგალითს მოიყვანთ, პირობას ვდებ, გადავაბიჯებ ჩემს ანტიპათიას „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და მხარს დაგიჭერთ „რეპორტიორის" განქიქება-ჩაქოლვის მცდელობაში.


პატივისცემით, თამაზ ჩიქვანაია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016