ორგანიზაცია „მოქალაქე" საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას 2015-2016 სასწავლო წელსაც ატარებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონკურსისათვის რეგისტრაცია 26 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს ვებგვერდზე: online.naec.ge. რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა უნდა მიმართონ საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას.
„პირველი ტური ტარდება კომპიუტერულად საქართველოს ყველა რაიონისა და თბილისის სკოლებში. ოლიმპიადის ყველა მომდევნო ეტაპზე გადასული მოსწავლე მიიღებს პრიზს ორგანიზაცია „მოქალაქისგან", მესამე ტურის 20 გამარჯვებული კი გაემგზავრება ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის" პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა.
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" მეორე წელია ტარდება. 2015 წელს ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
20 გამარჯვებული მოსწავლე ინგლისის „Headington Oxford"-ისა და „Oxford College"-ის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. ორგანიზაცია „მოქალაქემ" დასკვნით ეტაპზე გადასული 21 მოსწავლეც დააჯილდოვა.
ოლიმპიადა ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.