ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გასულ კვირას ერევანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რის დროსაც, თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენები მოხსნეს.
ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, შეჯიბრში მონაწილეობა სპორტსმენებს სომხეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის გამო აუკრძალეს.
„ღრმა მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი სომხეთში მოხდა - ქვეყანაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორაა, მთიან ყარაბაღის რესპუბლიკასთან კი, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. სომხეთის ხელისუფლების და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება რთული გასამართლებელია", - აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ყველა გზით ცდილობს, შეზღუდოს აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში, რაც ადასტურებს „აფხაზი ერის იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას".
ე.წ. უწყება აცხადებს, რომ ერევანში მომხდარ ფაქტზე ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე ისაუბრებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერევანში 21-23 ოქტომბერს გაიმართა.