„აღარასოდეს განმეორდები" - ასე ჰქვია მედეა ძიძიგურის მუსიკალურ ალბომს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში შედგა. დისკის გამოშვების იდეა ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ს ეკუთვნის. მრავალფეროვნებით გამორჩეულ ალბომში ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული 27 სიმღერაა შესული.
ღონისძიებაზე მომღერლები, პოეტები, მხატვრები, მეცნიერები, მომღერლის მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. მათ საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენეს მედეა ძიძიგურის ცხოვრებიდან და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მედეა ძიძიგური - მომღერალი კოლორიტული ხმითა და შესრულების ორიგინალური მანერით, განსაკუთრებულად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს. მედეა ძიძიგური 1999 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.