„რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის არშეშლაა და ამ უფლების დასაცავად „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ ტელეკომპანიას. უკვე არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი. ამ შანტაჟის მიზანი ნიკა გვარამიას დაზარალება და ტელეკომპანიაში განხეთქილების შემოტანაა. მე მინდა ვთქვა, რომ ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება, „რუსთავი 2" კი დღეს არის კიდევ უფრო ერთიანი, ამისთვის შეგვიძლია მადლობაც კი გადაგიხადოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან სასწორზე არა „რუსთავი2"-ის კომფორტი და კეთილდღეობა, არამედ სიტყვის თავისუფლება დევს. ასევე, ბატონებო, მინდა მოგმართოთ - ჩვენი თვალთვალისა და შანტაჟის ნაცვლად, ჯობია, იფიქროთ იმაზე, საით მიგყავთ ქვეყანა",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.