„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული პროცესები იყო. შეხვედრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა:
„იდეების დონეზე განვიხილეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რაც ყველაზე მთავარია, მათ რაც აინტერესებდათ, სად ვართ ამ დაპირისპირებაში. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვაკეთებთ იმას, რასაც ყველა ჟურნალისტი. ამაზე არც მეტის გაკეთება გვინდა და არც ნაკლების. როგორც იმ განცხადებაში ვთქვით, რაც გავავრცელეთ, ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დაწერილ ყველა შესაძლო სცენარს. ეს არ არის ჩვენი თამაში. პოლიტიკოსებმა აკეთონ თავისი საქმე, ჩვენ მათ გაკეთებულს გავაშუქებთ, ყველა მხარეს!" - განაცხადა ლაფერაშვილმა.