„დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, სამწუხაროდ, თითქმის არ ტარდება საბავშვო თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა კონკურსები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ კონკურსი „ბუკნაჭო", რაც საშუალებას მისცემს ავტორებს, შექმნან ახალი ლექსები და კიდევ უფრო გაამდიდრონ საბავშვო ლიტერატურა. ლიტერატურულ კონკურს „ბუკნაჭოში" მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ ავტორს, ქვეყნის მასშტაბით. ავტორთა ასაკი, ნაწარმოების თემატიკა და მოცულობა შეზღუდული არ არის. კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი ელექტრონულ მისამართზე (რომელიც კონკურსის დაწყებამდე გახდება ცნობილი). სამი საუკეთესო ნაწარმოები დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და ფასიანი საჩუქრებით. საუკეთესო ლექსები შევა კონკურსის ფარგლებში გამოცემულ კრებულში, რომელიც დაიბეჭდება არანაკლებ 200 ტირაჟისა და საჩუქრად გადაეცემა როგორც ავტორებს, ასევე ბიბლიოთეკებს, კულტურულ ცენტრებს, სახელოვნებო ორგანიზაციებს. ნაწარმოებებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. დაჯილდოება გაიმართება საჯარო სივრცეში, სადაც რჩეული ავტორები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს. ამ პროექტით, ერთი მხრივ, სტუმული მიეცემათ ქართველ პოეტებს, რაც გამოაცოცხლებს ლიტერატურულ პროცესს და მეორე მხრივ, გამდიდრდება ქართული ბიბლიოთეკა მეტად საინტერესო, თემატურად მრავალფეროვანი კრებულით", - ნათქვამია ინფორმაციაში.