გადაცემა „ვრემიასთან" გიორგი მარგველაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკრიტიკებენ. მათი აზრით, ზედმეტი კომფორტის შექმნაა კრემლისთვის, როდესაც არჩეული პრეზიდენტი თავის ინტერვიუში არ ახსენებს სიტყვა „ოკუპაციას" და მავთულხლართებს.
ჩიორა თაქთაქიშვილი: „ახლადარჩეული პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუ გადაცემა „ვრემიასთან" არის სამარცხვინო ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის ოკუპანტთან საუბარში არ ახსენებს სიტყვას „ოკუპაცია".
დავით დარჩიაშვილი: „პოზიტივია, რომ იმას, რასაც 10 წელი ვამბობდით, ბატონმა მარგველაშვილმა თავისი ინტერვიუს ბოლოს გაიმეორა. კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივ ინტერესებში უნდა შედიოდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან. ნეგატიური ის არის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების წითელ ხაზად და ერთადერთ რეალობად პუშკინის ვიზიტი დახატა. ვფიქრობ, სულმოკლეობაა, როდესაც რუსულ-ქართული ურთიერთობების მთელ ამ გამას და მასში არსებულ პრობლემებს დააბრალებ შენს წინამორბედს.