სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი წევრები უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ გამოდიან. დღეს აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი სამმა თანამშრომელმა დატოვა. მაია გიგინეიშვილი, ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიაშვილი საკუთარი განცხადებების საფუძველზე წამოვიდნენ. გადაწყვეტილებების მიღების მიზეზებზე მათ, დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყოფილ უფროსთან, ნათია იმნაძესთან ერთად ისაუბრეს, რომელიც სახალხო დამცველმა ერთი კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლებული თანამშრომლები, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში უკანონოდ განთავსებულ სათვალთვალო მოწყობილობებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნულ თემაზე სპეციალური დასკვნა უკვე მოამზადა.
მაია გიგინეიშვილი: „სახალხო დამცველი როდესაც საკუთარი თანამშრომლის უფლებას არღვევს, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ მან შეიძლება სხვისი უფლებები დაიცვას. იყო კომუნიკაციის აბსოლუტური არქონა, გამარჯობასაც კი არ ამბობდნენ, გაურკვეველი იყო რატომ. საუბარია სახალხო დამცველის მოადგილეზე".
ამირან ნიკოლაიშვილი: „მე ვისმენდი ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც პრევენციის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წევრისთვის იყო სრულიად მიუღებელი. ერთ ფაქტს დაგისახელებთ, რომ ჩვენ ამდენი არ უნდა გვერბინა ციხეში, მე-7 დაწესებულების საკნებში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით".
გურამ ბენდიაშვილი: „ის ფაქტი, რომ იქ კამერები დაიდგა, იყო უკანონობა იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დოკუმენტი ამაზე არ არსებობდა. აღნიშნულზე პატიმრებისგანაც იყო საჩივრები და ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნა, ამ რეკომენდაციების პროგრამიდან წაშლაც მოგვთხოვეს".
ნათია იმნაძე: „სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მე და ოთარ კვაჭაძეს ხელი უნდა შეგვეშალა თეა თუთბერიძისათვის სახალხო დამცველის რწმუნებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულებაში. რწმუნებაში, რომელიც თეა თუთბერიძეს თავად სახალხო დამცველმა მიანიჭა, აღნიშნულია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტს უფლება აქვს მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით შეხვდეს და ესაუბროს დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი უფლებამოსილება, რომ თეა თუთბერიძისთვის ხელი შეგვეშალა მისი უფლებამოსილების შესრულებაში".
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები გეგმავენ მიმართონ სასამართლოს.