ამერიკულმა ტელეკომპანია „Vice News"-მა მოამზადა დოკუმენტური ფილმი, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაა ასახული. ფილმის სათაურია: „რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია".
ჟურნალისტმა სიმონ ოსტროვსკიმ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმოგზაურა, ის მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას გაესაუბრა.
ავტორი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ომში გახვია, თუმცა ახლა მოსკოვი უფრო შორს წავიდა - საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ნიშნები განათავსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოაქცია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში გაყვანილი BP-ის მილსადენი.
„ახლა რუსეთს აქვს შესაძლებლობა, BP-ის ოპერაციების საბოტაჟი განახორციელოს, როცა მოუნდება. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მიწა ამ საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს ეკუთვნის. მარტო რუსეთი ამბობს, რომ ამ მავთულხლართებს მიღმა არსებული მიწა დამოუკიდებელი ქვეყნის - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა", - ამბობს ავტორი.
ფილმში ასახულია NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ყველა ქართველი წარმომადგენელი, ვისაც ესაუბრა, რუსეთის პროვოცირების საფრთხეზე საუბრობს, თუმცა მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა".
წყარო:https://news.vice.com/video/the-russians-are-coming-georgias-creeping-occupation