პარტია „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის ჩამოხსნის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის წინააღემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა აუცილებელი. საქმე ეხება უქმეებზე, პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე, ოთხი გულით დამშვენებული დროშის აღმართვაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კლიპის გადაღებას დაუკავშირეს.
„საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის 24 საათიან გაქრობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის უხეში დარღვევაა. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა, ამ საქმის ინსპირატორი და ბრძანების გამცემი სააკაშვილი მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული დანაშაული ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან" მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე შალამბერიძე.