თბილისის მერიის და კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 10 და 11 ნოემბერს, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიშა ჯავახიშვილი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სამების საპატრიარქოს გუნდი, აფხაზეთის კაპელა და გორის ქალთა კამერული გუნდი წარმოგიდგენთ კინოსა და თეატრისათვის შექმნილ შედევრებს.
აღიარებული ალტისტის გიორგი ცაგარელისა და 200-ზე მეტი მუსიკოსის შესრულებით აგრეთვე აჟღერდება მაესტროს უკვდავი ქმნილება „სტიქსი".
ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 2015 წლი 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით დაიგეგმა საიუბილეო კონცერტების სერია როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპაში.
კონცერტების სერია 2015 წლის 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" გაიხსნა, რომელსაც მაესტრო თავად ესწრებოდა. 28 სექტემბერს რიგით მეორე საიუბილეო კონცერტი ბრიუსელის საკონცერტო დარბაზში შედგა. ღონისძიებამ ხელოვნების სასახლე „ბოზარში" სრული ანშლაგით ჩაიარა. ბრიუსელში წარმოდგენილი პროგრამის მოსმენის შესაძლებლობა 30 ოქტომბერს მესხიშვილის სახელობის თეატრში ქუთაისელ მსმენელსაც მიეცა.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.