reportiori.ge - კახა ბექაური: სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიისთვის ქონებრივი ზიანის ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:51
მედია
კახა ბექაური: სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიისთვის ქონებრივი ზიანის ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღებას
ავტორი:
10 ნოემბერი, 2015. 14:20



„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის" წევრი, ტელეკომპანია „მე-9 არხის" ყოფილი გენერალური  დირექტორი  კახა ბექაური „ნეტგაზეთის" სტატიასთან დაკავშირებით - რა საფრთხეს შეიცავს მოსამართლე ურთმელიძის განჩინება მედიისთვის - ვრცელ კომენტარს აკეთებს. ბექაურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„სასამართლოს განჩინება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს მედიისთვის. ჟურნალისტებს, რომლებმაც „ნეტგაზეთს" კომენტარები მისცეს, არ ესწავლებათ, რომ ნებისმიერი კონკრეტული ფაქტი არ არის ზოგადი ხდომილება (მზის ამოსვლა ან ჩასვლა) და მას აუცილებლად ახლავს შესაბამისი კონკრეტული კონტექსტი. მოსამართლის მსჯელობა ზემოაღნიშნულ განჩინებაში, „რუსთავი 2"-ის მიერ საკითხების გაშუქებაზე, მედიის მოვალეობაზე, საზოგადოების უფლებაზე, მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციაზე და ა.შ. მიმდინარეობს მესაკუთრეთა დავის კონტექსტში და არა განყენებულად. რომ არ არსებობდეს მესაკუთრეთა დავა, მოსამართლის მსჯელობა მაუწყებლის საქმიანობის და ინფორმაციის გაშუქების საკითხებზე, რამაც, მისი აზრით შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არხის რეიტინგზე და გაზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზარალის რისკები, საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური.

 

მიზეზი მარტივია, დავის არარსებობის შემთხვევაში ამ შესაძლო ზარალის კონკრეტული ადრესატი ცნობილია, გარკვეულია და ეს კომპანიის მფლობელები არიან, მაგრამ რადგან მესაკუთრეთა შორის მიმდინარეობს დავა და დღეს უცნობია, ეს დავა ვის სასარგებლოდ დასრულდება, მომავალი მფლობელების ინტერესშია, ტელეკომპანია „რუსთავი 2" დღეს იმართებოდეს ისე, რომ არ დაუვარდეს რეიტინგი და შესაბამისად, არ გაეზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები.

 

სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელმაც არა მხოლოდ საბოლოო კანონიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს ამ დავაზე, არამედ პროცესის დასრულებამდე, ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის შესაძლო ფინანსური და ქონებრივი ზიანის ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღება. ზუსტად ამ მიზეზების გამო ახლდა, ჩემი აზრით, მოსამართლის მხრიდან, სამოტივაციო ნაწილს ამ საკითხებზე მსჯელობა და „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არანაირი მცდელობაც კი არ ყოფილა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არსებობდა და ჩანდა ასეთი გარემოებები, ქმედებები მაუწყებლის მხრიდან, რომელსაც შესაძლოა არხის რეიტინგის ვარდნა და შესაბამისად, ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები გაეზარდა? რა თქმა უნდა, არსებობდა და არსებობს დღესაც. ვრცელი ჩამონათვალი რომ არ გავაკეთო, ჩემთვის (და ეჭვი მაქვს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის) რამდენიმე ქმედებაც კი საკმარისია ამის დასანახად: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2", დავის დაწყებისთანავე მისმა მენეჯმენტმა აქცია მხარედ, კომპანიამ დავის პროცესში დაიკავა ერთ-ერთი მოდავე მხარის პოზიცია. რა მოწმობს ამას? მაგალითად, „რუსთავი 2"-ის იურისტი ერთ-ერთი მესაკუთრის (მოდავე მხარის) ადვოკატია. კომპანიის ფაქტიურ მხარედ ქცევამ გამოიწვია სხვა ქმედება; „რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება გადატანილ იქნა ძირითადად არსებული სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. რაც გამოხატული იყო სასამართლო პროცესის გაშუქებით, სადაც ტელეკომპანია, მისი მენეჯერის სახით ფაქტობრივ მხარედ იქცა. ასევე გამოიხატა, რამდენჯერმე დადგენილი, წინასწარ განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დარღვევით, სასამართლო დავის გარშემო საკითხების სპეციალური, დაუგეგმავი გამოშვებებით გაშუქების გზით; აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სახეზეა სამაუწყებლო პროდუქტის (და არა სარედაქციო პოლიტიკის) იმგვარი ცვლილების რისკები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს სარეკლამო შემოსავლები, შეამციროს რეიტინგი და გაიზარდოს ქონებრივი ზიანის დადგომის ალბათობა. ტელევიზია ჩვეულებრივი ბიზნესია. „კოკა-კოლას" მწარმოებელმა კომპანიამ, ამ კომპანიის მესაკუთრეების დავის პროცესში „სპრაიტის" გამოშვება რომ დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გამაგრილებელი სასმელია, შეიძლება ბაზარზე არ გაიყიდოს და კომპანია ფინანსური ზარალის მიღების რისკების ქვეშ დადგეს. ამ კონტექსტში საუბრობს სასამართლოს განჩინება სამაუწყებლო პროდუქტის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი ფინანსური რისკების შესახებ. სხვანაირად, სამაუწყებლო პროდუქტზე ვერ ილაპარაკებდა. რაც არცერთ შემთხვევაში არ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა", - წერს კახა ბექაური.


„რა საფრთხეს შეიცავს მოსამართლე ურთმელიძის განჩინება მედიისთვის", - ამ სათაურით აქვეყნებს „ნეტგაზეტი" სტატიას:


ცენზურა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა - ასე აფასებს ჟურნალისტების ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ განჩინებაში დამკვიდრებულ ახალ სტანდარტს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარე სამართლებრივი დავის დასრულებამდე ტელეკომპანიაში ორი დროებითი მმართველი დაინიშნა. მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად რამდენიმე სამართლებრივ არგუმენტს ეყრდნობა, მათ შორის ერთ-ერთი - არხის სარედაქციო პოლიტიკის საკითხს ეხება. განჩინების სწორედ ეს პუნქტი იწვევს ჟურნალისტებისა და იურისტების ნაწილის აღშფოთებას, რადგან მათი აზრით, ახალი სტანდარტი, რომელსაც სასამართლო ამკვიდრებს, სცდება ერთი კონკრეტული არხის წილების თემაზე მიმდინარე დავას და ის ზოგადად მედიის საქმიანობას აყენებს საფრთხის წინაშე საქართველოში, რადგან მის შინაარსობრივ რეგულირებას ცდილობს", - წერს გამოცემა.


ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ზემოხსენებულ ჩანაწერში სასამართლო მექანიზმებით ცენზურის გამოყენების ნიშნებს ხედავს:


„სასამართლო მიუთითებს ელემენტარულ პროფესიულ სტანდარტებზე, ეთიკური ნორმების აუცილებელ კრებულზე, რომელსაც მედია იყენებს, თუ მას სურს, რომ იყოს თანამედროვე და პასუხისმგებლიანი, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო სასამართლო პრაქტიკასთან. ეს სტანდარტები მოსამართლემ არ უნდა დაამკვიდროს. მოსამართლე შეეცადა, პრაქტიკულად, მოქმედების ჩარჩოს დადგენას [მედიისთვის] და მან გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლო მექანიზმის გზით დაუშვა ცენზურა... მან თქვა, რომ ასე უნდა კეთდებოდეს სიუჟეტი, ამ თემაზე სიუჟეტი არ უნდა გაკეთდეს, თუ ამ თემაზე გაკეთდება სიუჟეტი, მაშინ ის ტელევიზიის რეიტინგს ზიანს მიაყენებს, ტელევიზიის რეიტინგი მნიშვნელოვანია მისი არსებობისთვის და ასე შემდეგ", - ამბობს ქორიძე და დასძენს, რომ ის ნორმები, რომელზეც სასამართლოს განჩინებაშია საუბარი, მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელეკომპანიამ და რადიომ ისედაც უნდა  დაიცვას. თუ ტელეკომპანია  ამ ნორმებს არ იცავს, ჟურნალისტის თქმით, ის შეიძლება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააფრთხილოს, დააჯარიმოს, ან ლიცენზია შეუჩეროს, „მაგრამ ეს არ არის მოსამართლის გადასაწყვეტი და ის ამ დეტალებში არ უნდა შესულიყო".



განჩინებაში მოყვანილი ზემოხსენებული ჩანაწერი საგანგაშოდ მიაჩნია მაკა ანთიძესაც, „როიტერის" ჟურნალისტს საქართველოში:


„ზუსტად ეს ნაწილი ჩემთვის, ჟურნალისტისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 25 წელი ვმუშაობ და აქედან ბოლო 20 წელი „როიტერის" სააგენტოში, ნამდვილად საგანგაშოა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სასამართლოს არანაირი უფლება არ აქვს, ასე ღიად ჩაერიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში. აქ ხომ არ არის საუბარი კონკრეტულ სტატიაზე, რომელიც მედიამ გამოაქვეყნა, ვიღაცას ეს სტატია არ მოეწონა და სასამართლოში უჩივლა ჟურნალისტს... ეს სულ სხვა ამბავია. ვფიქრობ, ის, რაც ამ განჩინებაში წერია, ნამდვილად ცდება „რუსთავი 2"-ის საქმეს. აქ სიტყვის თავისუფლების პრობლემაზე უნდა დავფიქრდეთ და არა მხოლოდ „რუსთავი 2"-ის, როგორც ცალკე აღებული ტელეკომპანიის, საქმეზე", - ამბობს ანთიძე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016