reportiori.ge - დავით იაკობიძე: საქართველოს ვალი ამჟამად არის ექვს მილიარდ ლარზე მეტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:59
ინტერვიუ
დავით იაკობიძე: საქართველოს ვალი ამჟამად არის ექვს მილიარდ ლარზე მეტი!
12 ნოემბერი, 2013. 16:24


„რეპორტიორის" შეკითხვებს პასუხობს პროფესორი დავით იაკობიძე:


- ბატონო დავით, საგარეო ვალი იმ საკითხთა რიგისაა, რომელთა შესახებ განსხვავებული განმარტებები არსებობს. თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მკითხველებს? რა ვალი გვადევს?

 

- სანამ ამას გეტყვით, ჯერ თავს ვალდებულად ვთვლი, განვმარტო ჩემი დამოკიდებულება იმ ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩვენს საზოგადოებრივ არეალში შემოიტანა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელმაც, გამოაფხიზლა ჩვენი დეფორმირებული და ავადმყოფურად აღგზნებული მასობრივ კომუნიკაციათა სისტემა.


გულახდილი და ღია დიალოგით ჯერ ექსპრერტებთან, ტელეწამყვანებთან და შემდეგ მთავარ რედაქტორებთან მან გამოხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია დღეს. მას მიაჩნია, რომ არავის აქვს უფლება, ზერელე და უპასუხიმგებლო განცხადებებით, საკუთარი წარმოსახვით შექმნილი შთაბეჭდილებებით კვებოს საზოგადოებრივი აზრი. ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს მის დიალოგს, შეამჩნევდა, რომ სამივე შემთხვევაში იგი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებშიც თავს მიიჩნევდა კომპეტენტურად. ჩვენც ვრწმუნდებოდით, რომ ბატონი ბიძინა მართალია, როდესაც თავისუფალ, მართალ სიტყვას აცხადებს თანამშრომლობის უმთავრეს იარაღად.


მეორე ამ სიახლის შინაარსობლივ მახასიათებელს შეეხება. საქმე ისაა, რომ ცოტა ვინმე თუ ჩაწვდა მისი ამ, არ იქნება ზედმეტი, თუ ვიტყვი, თავგანწირული საქციელის ნამდვილ შინაარსს. მას სურს საზოგადოება გაათავისუფლოს იმ ორმაგი სტანდარტისგან, რომელიც ჩვენთან დამკვიდრდა. სამწუხაროდ, მასმედია, ნათქვამს (ტექსტს) გვაწვდის ისეთი რეპერტუარული ფორმით, რომელიც ობიექტის რეალურ სახეს კი არ გვიჩვენებს, არამედ, ნიღბავს მის მიერვე დამკვიდრებული ენობრივი ქსოვილით. მაგალითად, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე გვითხრა, რომ ამინისტიის შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელია კრიმინალური ფაქტების მატება და გვთხოვა ამას გაგებით მოვკიდებოდით. ნაცვლად „გაგებისა" საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა საკითხზე აქვს აზრის საჯარო გამოხატვის მორალური(!) უფლება, აღშფოთდა, - როგორ თუ კრიმინალი გაიზრდებაო! პრემიერ-მინისტრი გულახდილად და პასუხისმგებლურად აფასებდა მოსალოდნელობას და წინასწარ ნდობას უცხადებდა ხალხს მხარდაჭერისთვის.


ისინი, ვინც მას ამის გამო აკრიტიკებდა, უბრალოდ დაიბნენ მოვლენის არარეპერტუარული გადმოცემის გამო. მას რომ ეთქვა: „ამინისტიის შემდეგ მოსალოდნელია კრიმინალური ველის გაფართოება, როგორც ეს ხდება საერთოდ და საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესით არის განპირობებული, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ მისი ლოკალიზაციისთვის და ამ მიზნით დავალება უკვე მიიღეს ვინც ჯერ არს და ა. შ." მაშინ, კრიტიკის საფუძველიც აღარ იარსებებდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კი მარტივად და რიტორიკული ბიუროკრატიზმის გარეშე გვითხრა: მოდით, ერთმანეთს გავუგოთო, არ მინდა თქვენთან დისტანცირება, იმიტომ,რომ მე თქვენ პატივს გცემთო. ჩვენ კი, რეპერტუარულ რიტორიკას შეჩვეულები, განვრისხდით, ეს როგორ გაბედა და თავი გაგვიყადრაო. რაც უფრო დიდია დისტანცია, მით უფრო ადვილია კრიტიკა. ასე გადავუხადეთ და ვუხდით სამაგიეროს ბიძინა ივანიშვილს გულწრფელობისა და ქვეყნის მმართველობაში თანამონაწილეობის შესაძლებლობის შექმნისთვის.


მესამე მახასიათებელი ისაა, რომ უკვალოდ არ ჩაუვლია პრემიერის სულისკვეთებას - მისი შეგნებული მხარდამჭერების რიცხვი იზრდება. როცა ვამბობ „მისი შეგნებული მხარდამჭერები", ვგულისხმობ იმათ, ვინც საკუთრივ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლ ადამიანს და არა როგორც მხოლოდ საძულველი რეჟიმისგან გამათავისუფლებელ პიროვნებას. იგი სულ უფრო მეტად ხდება ერის პოლიტიკური ლიდერი (პოლიტიკის ფორმალიზებული, რეგლამენტირებული სივრციდან გასვლა არაფერს ნიშნავს) და არა მხოლოდ ჩვენთვის არასასურველი, მოძალადე პოლიტიკოსების დამმარცხებელი პიროვნება.

 

- ფინანსთა მინისტრად თქვენი მუშაობის დროს პირველად გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ტერმინი „სახელმწიფო ვალი", თქვენი ძალისხმევით 1995 წელს განხორციელდა ამ ვალის რესტრუქტურიზაცია. თუ შეიძლება, გაგვარკვიეთ, რატომ არის ამჟამად ეს მაჩვენებელი ასე მაღალი?

 

- ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერ განსაკუთრებულს და, მით უფრო, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. საკითხის პრობლემურობა დილეტანტური ინტერპრეტაციებისა და ცნება „ვალის" ჰიპერტროფული აღქმის შედეგი უფროა, ვიდრე რეალურად არსებული გარემოება. თუმცა ის, რომ ამ საკითხზე ვერ „დალაგდა" კომპეტენციები, არსებითი საკითხია, ანუ, ვალი კი არ არის პრობლემა, არამედ მის შესახებ ზერელე და გაუაზრებელი მსჯელობაა სამწუხარო ფაქტი.


- ჩვენს პრესაში იწერება, რომ საქართველოს საგარეო ვალმა უკვე 13.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მომავალი თაობებისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებს ქმნის და ემუქრება ქვეყნის მდგრად განვითარებას, თქვენ კი აქ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავთ?!


- გიპასუხებთ, რომ სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურისა და ეროვნული ბანკის შესაბამისი ქვედანაყოფის მიზეზით, მასმედიაში ხშირად არასწორად არის გაგებული სახელმწიფო ვალი, როგორც ეკონომიკური კატეგორია და ჩნდება ამის ამსახველი გაურკვეველი მაჩვენებლები. მათ შორის, 13.5 მილიარდი აშშ დოლარიც ამ გაუგებრობის შედეგია. ამ მიზეზით, ხალხს სამართლიანად უჩნდება დაუცველობისა და მოსალოდნელი ეკონომიკთური კრახის განცდა.


- მაშ, აგვიხსენით, რასთან გვაქვს საქმე?


- მთელ მსოფლიოში, ალბათ, არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საფინანსო სისტემა და სახელმწიფო ვალი არ გააჩნია. მაგალითად, აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, საბერძნეთის სახელმწიფო ვალი აჭარბებს ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობას. ასევე მაღალია,  საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალი. ამ ქვეყნებში, როგორც ვიცით, არაფერი ტრაგიკული არ ხდება, თუმცა საბერძნეთში ცოტა ხნის წინათ სერიოზული კრიზისი განვითარდა, ხოლო აშშ ძლივს დაუძვრა დეფოლტს.


საკითხი სერიოზულია და მისი გარკვევა დავიწყოთ შეკითხვით, რა არის სახელმწიფო ვალი? სახელმწიფო ვალი არის იმ ვალდებულებათა ჯამი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს მოსახლეობის მიმართ. მთავრობის ფინანსური ვალდებულებები, როგორც წესი, ხალხის გადასახდელია, ამიტომ ვისგანაც გინდა აიღოს მთავრობამ ვალი, მეს მისი ვალდებულებაა ხალხის წინაშე. სულერთია ქვეყნის გარეთაა ამ ვალდებულებათა წყარო, თუ ქვეყნის შიგნით, მისი აღრიცხვა წარმოებს ქვეყნის შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველ მთავარ დოკუმენტში - ბიუჯეტში.

 

- კი ბატონო, ეგრე იყოს. მაგრამ საქართველოს მოქალაქეს არ აინტერესებს ეს მაკროეკონომიკური წიაღსვლები, არც ის, რომ ვიღაცას დიდი ვალი აქვს. მიპასუხეთ, გეთაყვა, რა ეშველება ჩვენს 13.5 მილიარდიან ვალს?


- არსებობს „ვაშინგტონის კონსესუსი" ცნება, რასაც, შესაძლებლობიდან გამომდინარე, მკაცრად იცავენ მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურაზე პასუხისმგებელი სუბიექტები, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც. ამ კონსესუსის მიხედვით საქართველოს მთავრობა კისრულობს, არ აიღოს ჩვენში მშპ-ს 30 პროცენტზე მეტი ვალი. ვინც შეეცდება ამ რეკომენდაციის დარღვევას, მასზე განხორციედება რბილი ზემოქმედება მსოფლიო ფინანსური სისტემის მიერ საკუთარი ძალიერი მექანიზმებით, მსოფლიო მონეტარული ფონდისა და მსოფლიოს ბანკის მეშვეობით. ჩვენი მთავრობის მიერ აღებული ვალი შეადგენს დაახლოებით 4.5 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო მისი მთლიანი პროდუქტის მოცულობა 16 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ დაგვჭირა, კიდევ ვესესხოთ ჩვენს მოსახლეობას, ან სხვაგან მოვიძიოთ კრედიტი თითქმის მილიარდ ლარამდე მოცულობით.


- მაშ, საიდან გაჩნდა, ეს 13.5 მილიარდი აშშ დოლარი?


- ეროვნული ბანკი აქვეყნებს ცხრილს, სათაურით „საქართველოს საგარეო ვალი", სადაც ქვეყნის მთავრობის საგარეო ვალდებულებებს ამატებს ქვეყანაში მოქმედი ყველა რეზიდენტის - ბანკების, კორპორაციების, კერძო პირებისა და სხვა ორგანიზაციების დავალიანებებს, რომელთა ჯამიც სწორედ ეს 13.5 მილიარდია. შემდეგ ამ მაჩვენებელს ათავსებს თავის საიტზე და აქედან გამომდინარეობს ხალხის ვნებათაღელვაც. საკითხი ასე დგას, - ეს ხომ ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა და განა შეიძლება, იგი მცდარი იყოს?! და ა. შ. სინამდვილეში კი 13.5 მილიარდიდან 4.5 მილიარდი მართლაც ჩვენი ქვეყნის რეალური ვალია, ხოლო დანარჩენი თანხის უდიდეს ნაწილს, შესაძლებელია, ცნება ვალთან არაფერი საერთო არ ჰქონდეს. მაგალითად, ქვეყანაში მოქმედებს 20 ბანკი, მათი საწესდებო კაპიტალის 80 პროცენტი უცხოურია და იგი ამ ცხრილით აღირიცხება,როგორც „საქართველოს საგარეო ვალი".


- გამოდის, ეროვნული ბანკი ატყუებს მოსახლეობას?


- ამ შემთხვევაში მართლაც ატყუებს. მაგრამ ცხრილის ავტორები არც თუ გულუბრყვილო ხალხია. როცა მათ ამ ბოლო დროს მოისმინეს მწვავე კრიტიკა თავიანთი მისამართით, გააკეთეს შენიშვნა: მონაცემები ჰარმონიზებულია საგადასამხდელო ბალანსთანო. ამით თავი იმართლეს - ჩვენ სახელმწიფო ვალზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ, ქვეყნის საგადასამხდელო ბალანსში წარმოქმნილ სხვაობასთან ჰარმონიზებულ სიდიდეზეო. ამ თავის მართლებას, ფასი არ აქვს, პირიქით, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მის შემდგენელთა ზერელე დამოკიდებულებას საქმისადმი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათ უბრალოდ, რამდენიმე წლის წინათ, ისარგებლეს რუსეთის „ცენტრობანკის" მეთოდიკით და შეადგინეს მოცემული ცხრილი, რომელიც დღესაც მოქმედებს და სუსტი უარყოფითი უკუკავშირის გამო დიდ ვნებათაღელვას იწვევს.


- რუსეთი ამ მეთოდოლოგიით თვლის თავის საგარეო ვალს?


- რუსეთში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი ბიზნესში მაღალია, მას აქვს ამოცანა, რუბლი აქციოს რეგიონულ ფულად ერთეულად. შესაბამისად, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა რეზიდენტის საგარეო ფინანსური ვალდებულება აღირიცხება როგორც რუსეთის ეროვნული ვალი.


- საქართველოში ასე არ აღირიცხება?


- არა, არ აღირიცხება. ჩაიხედეთ ბიუჯეტში და ნახავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ვალი 6 მილიარდი ლარის ფარგლებშია. არც მეტი, არც ნაკლები. დოლარებში რომ გადავიყვანოთ, ზუსტად გამოდის 4,5 მილიარდი. ჩვენ შეგვიძლია (ქვეყნის მშპ-სთან შეფარდებით) კიდევ ავიღოთ ერთ მილიარდამდე ვალი. ამისი კვოტა გვაქვს.


ერთი მარტივი მაგალითი განვიხილოთ. ფრანგულმა „ჯენერალ სოსიედადმა" საქართველოში დააფუძნა ბანკი „რესპუბლიკა". ჩადო ამაში 50 მილიონი. არის ეს საქართველოს ვალი?

- ალბათ - არა. მაგრამ დადგა ამ ვალის გადახდის დრო. ვინ იხის ამ ვალს? ბანკი?


- რა თქმა უნდა, - ბანკი. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ საქართველოს დიდი ვალი ჰქონდეს. მაგრამ ხომ უნდა წაიკითხონ წიგნი და შემდეგ გამოვიდნენ ასეთი ბრალდებით. წაიკითხონ და აგინონ მთავრობა იქ, სადაც საგინებელია. მაგალითად, აქციზების გამო, ბენზინის უშველებელი კონტრაბანდის არსებობის გამო, ხორბლის კონტრაბანდის გამოც და ა. შ.


გუშინ ერთი პროფესორი ბუზღუნებდა, ხომ უნდა დაეტყოსო ახალი მთავრობის ხელი „საგარეო ვალსო"! არცერთ ქვეყანას არ აქვს „საგარეო ვალი". არც ამერიკას, სხვათა შორის.


- აბა ის ტრილიონობით დოლარის ვალი რა არის?


- სახელმწიფო ვალია! სიტყვა „საგარეო" მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა.


- ბანკმა რომ ვალი აიღო, ის არის სახელმწიფო ვალი?


- არა. ის რეზიდენტის ფულია. ჩვენი სახელმწიფო ღია სისტემაა: ინვესტორს შეუძლია თავისი ფული ჩადოს რომელიმე საქმეში და მოგება უპრობლემოდ წაიღოს.


- აქვს რაიმე კავშირი იმ ფულთან სახელმწიფოს?


- თანამედროვე მსოფლიო ფინანსური სისტემის იმ არქიტექტურიდან გამომდინარე, რომელიც ბატონობს, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, ამას არაფერი საერთო არ აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცესთან. გარდა გადასახადის გადახდისა, თუ ეკუთვნის.


- მაშ, რამდენია საქართველოს სახელმწიფოს ვალი?


- საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად არის ექვს მილიარდ ლარზე ცოტა მეტი ლარი, რაც მთელი შიდა პროდუქტის 30 პროცენტი არ არის.


- სახელმწიფო გარანტიით აღებული ვალის ჩათვლით?


- დიახ, სახელმწიფო გარანტიით აღებული ვალის ჩათვლით. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016