reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ძალაუფლებით ტკბობას გააჩნია დაუძლეველი ცდუნება, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:29
ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ძალაუფლებით ტკბობას გააჩნია დაუძლეველი ცდუნება, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 18:35



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებას ინაშვილთან დიალოგის დამყარებისა და პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.


ამ და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სახელით სოლიდარობის აქტი მინდა გამოვხატო ირმა ინაშვილის მიმართ. ამ ადამიანმა მოიგო არჩევნები საგარეჯოში, მაგრამ მას ფაქტობრივად წაართვეს მოგებული არჩევნები.


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, მანუჩარ მაჩაიძე აცხადებს, რომ არ ელოდნენ, თუ ასეთი მასშტაბური გაყალბება იქნებოდა საგარეჯოში. მინდა, პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ასეთი გაყალბება მოხდებოდა. კოალიცია „ქართული ოცნება" ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს. ირმა ინაშვილი დღეს შიმშილობს და ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ აქტიურ დიალოგს.


- ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსისა და მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე კრიტიკას საქართველო გაგებით უნდა მოეკიდოს და ხარვეზები საკუთარ თავში ეძიოს. როგორ ფიქრობთ, რა არის რეალური პრობლემა, ის, რომ სწორი ინფორმაცია არ მიდის მათთან თუ რეალურად ქვეყანაში არსებული ვითარება აშფოთებთ?


- ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა არის საზოგადოებაში და არა დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენელთა განცხადებებში, რომლითაც ისინი ღიად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. „რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი ისტერია ემსახურება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოს წარმომადგენლის, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. მათ ამის არც სამართლებრივი, არც დიპლომატიური, არც პოლიტიკური უფლება არ გააჩნიათ. თუ ასე გაგრძელდა, ამას ვუწოდებდი დიპლომატიურ ტერორს საქართველოს წინააღმდეგ.


რაც შეეხება იმას, რომ პრობლემა ჩვენშია, ვფიქრობ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს. ეს არის აპელირება იმაზე, რომ თურმე ყველაფერში საზოგადოება ყოფილა დამნაშავე. ეს ის საზოგადოებაა, რომლის მკვიდრი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დევნილია და 834 000 ბენეფიციარი, რომლებიც წარმოადგენენ პენსიონრებს ამ ქვეყანაში, იღებენ 160-ლარიან ყოველთვიურ შემოსავალს, რომელიც საარსებო მინიმუმზე 3-ჯერ ნაკლებია. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც სამართლებრივი და პოლიტიკური ისტერიაა,  გამომდინარეობს ამ მეტად გამძვინვარებული სიდუხჭირიდან, რაც ქვეყანაში სუფევს.


- ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ეთანხმებით თუ არა მას, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მართულია?


- არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნის გადამხდელებისგან, როდესაც, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" აქვს 19 მილიონი ლარი წლიური ბიუჯეტი, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს 19 მილიონი ლარი არის ერთდროულად 3-4 მუნიციპალიტეტის სამყოფი ბიუჯეტი. და როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას მრავალმილიონიანი ბიუჯეტი აქვს და კონკრეტული დამკვეთი ჰყავს, უნდა დავსვათ შეკითხვა, რისკენ არის მიმართული ეს პროგრამები, პროექტები და ხომ არ ეწინააღმდეგება თუნდაც რაღაც სეგმენტში საზოგადოების დაკვეთას?! ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად ეწინააღმდეგება.


მათი მთავარი მესიჯების კონტექსტი არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის" მესიჯებისგან. ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილის რჩევას, რომელიც მისცა გიგაურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში, რადგან მისი განცხადებები პოლიტიკოსის განცხადებებისგან აღარ გაირჩევა და სრულ უნისონშია „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებთან.


- როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?


- ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს საკმარისი ბერკეტები გააჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოკვლევა აწარმოოს ერთი მიმართულებით. თქვენ იცით, რომ სანამ „რუსთავი 2"-ის სარჩელი შევიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოში, აღმოჩნდა, რომ „თიბისი ბანკსაც" ჰქონია შეტანილი ასეთივე სარჩელი და კიდევ ერთ კომპანიას. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ორი სარჩელი გააერთიანა და მოამზადა განსახილველად, მაგრამ არ განუხილავს და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რომლის გაერთიანებაც სრულიად კანონიერი იქნებოდა ამ შემთხვევაში რიგით უფრო ადრე მიმმართველ მოსარჩელეებთან, რატომღაც ცალკე გამოყო, ცალკე იმსჯელა ამ სარჩელზე და დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება. ასე მოხდა იმ სარჩელზეც, რომელიც ბატონ გიგი უგულავას ეხებოდა.


ასე რომ, შესაძლოა ითქვას, რომ არსებობს გარკვეული პროტექციონიზმი, მეგობრული ურთიერთობები ან პოლიტიკური ვალდებულებები, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც აღმოჩნდა, რომ გვარამიას მოადგილე ყოფილა ქალბატონი კოპალეიშვილი თავის დროზე, როდესაც იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხარეს, გააჩნია სრული ლეგიტიმური უფლება, რომ მსგავსი საკითხი დაეყენებინა დღის წესრიგში და ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის წმინდა წყლის სამართლებრივი პროცედურა, აცილების გარემოებების განხილვის თაობაზე.


- როგორ აფასებთ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ?


- ურთმელიძე ფორმალურად გახლავთ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს სახელით. საქართველოს კონსტიტუცია იცავს მის უფლებას, რომ არავინ ჩაერიოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკითხში და არ მოსთხოვოს ანგარიში ნებისმიერ საქმეზე. აქედან გამომდინარე, ბატონი ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომ არ მისულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, იყო სწორი და მან ფაქტობრივად დაიცვა საკონსტიტუციო მოთხოვნა. ურთმელიძის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება აქვს მხოლოდ ზემდგომ ინსტანციას. ასე რომ, ყველაფერი წინ არის და ეს დიპლომატიური სკანდალი და ამდენი პოლიტიკური აჟიოტაჟი თითიდან გამოწოვილი თემაა, რომლითაც მთავარი საკითხები იფარება.


- ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ავლაბრის რეზიდენციაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორ აფასებთ პრეზიდენტის მიდგომას, რომ იგი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას და სადამდე შეიძლება მივიდეს ამ საკითხზე დავა?


- გავიხსენოთ ბატონი მარგველაშვილის დაპირებები, როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. თავიდანვე იყო გაცხადებული მისი მხრიდან, რომ ავლაბრის რეზიდენცია არის ბოროტების ბუდე და ის ამ ბუდეში ადგილს არ დაიდებდა. მეტიც, როდესაც ის აირჩიეს, გახსოვთ, რომ მთავრობის კანცელარიაში, სადაც თავისი რეზიდენცია გააჩნდა, ფეხით გადაადგილდებოდა. ძალაუფლებით ტკბობას გააჩნია დაუძლეველი ცდუნება, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი და მან მყარად მოიკიდა ფეხი ავლაბრის სასახლეში. მიმაჩნია, რომ ათონელის ქუჩაზე არის ბრწყინვალე შენობა, რომელიც თავმდაბალი და მართლაც თავის ფუნქციას მორგებული პრეზიდენტისთვის იქნებოდა საკმარისი სივრცე საკუთარი აქტივობების წარმოებისთვის. ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა თავისთავად პოლიტიკური აქტია და ეს მორალურ ჩრდილს აყენებს ბატონ მარგველაშვილს. ეს იყო მისი დაპირება, რომელიც მან არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ივანიშვილი აბსოლუტურად მართალია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016