reportiori.ge - დღეს გოდერძი ჩოხელის ზეციურ საქართველოში ამაღლების დღეა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დღეს გოდერძი ჩოხელის ზეციურ საქართველოში ამაღლების დღეა...
16 ნოემბერი, 2015. 21:54


დღეს გოდერძი ჩოხელის ზეციურ საქართველოში ამაღლების დღეა...


მწერალი ხომ იყო და იყო...


კინორეჟისორი ხომ იყო და იყო...


ბიჭად ბიჭიც ნემეტნავად კარგი იყო-სუფთა, უღალატო, გულიანი, თბილი... ყურადღებიანი, მომფერებელი...


თეატრალურში რომ სწავლობდა ყველანი ყურადღებით იყვნენ გამსჭვალულნი მთიელი ბიჭისადმი...


რექტორი ქალბატონი ეთერ გუგუშვილი, კინორეჟისორები ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი... მაგრამ, განსაკუთრებული ღვაწლი მაინც ომარ გვასალიამ დასდო მისი, როგორც რეჟისორად  და პიროვნებად ჩამოყალიბებას... აი, უფროსი ძმა რომ უპატრონებს მასზედ ძალიან უმცროსს, ისე ექცეოდა ომარი, თავადაც განსაკუთრებული კეთილშობილებით გამორჩეული კაცი.


...დაოჯახების  გადაწყვიტილება "საიდუმლოდ" გამანდო... ტელევიზიის სიძედ გახდომა მოინდომა -  "მეორე ნახევრად" ულამაზესი და უთბილესი ნინო მელაშვილი-ჩემი სტუდენტი და ტელევიზიის თანამშრომელი "შეარჩია"...


აი იმ დროს კი "მთავარ პრობლემად" წამოტივტივდა ის, თუ სად უნდა "წასულიყვნენ" ახლადაქორწინებულნი...


ამ მომენტს ხაზგასმით იმიტომ ვიხსენებ, რომ ქვემოთ მოტანილ მოგონებებში გოდერძი ცოტა "მწყრალად" იხსენებს დედაქალაქის ერთ, იმდროინდელ ხელმძღვანელს, რომელმაც "აღდგომის" კოლექტიური ნახვისას სულ მცირე შენიშვნა "ჩაილაპარაკა" თავისთვის და... ეტყობა, გოდერძი ნამეტნავად "გაფაციცებული" გახლდათ და არცთუ სასიამოვნო მოგონებად დარჩა მისი რეპლიკა...


არადა ის კაცი ღირსეულთა შორის ერთ-ერთი ღირსეული პიროვნება გახლავთ და მას ვერ დავუვიწყებ იმ ამაგს, გოდერძის დაოჯახებისას რომ გასწია ახლადგამოჩეკილ სიძეზე...


შევარდნაძესთან მივედი და გოდერძისთვის ბინის გამოყოფაში ვთხოვე დახმარება. თანაც დავამატე, "საჩუქრად" არ მინდა, ტელერადიოკომიტეტს რომ ეკუთვნის, ეგებ, წინასწარ "მასესხოთ"  და მერე გავისტუმრებ-მეთქი.


ზარი ქალაქის ხელმძღვანელთან-თენგიზ მენთეშაშვილთან სათანადო თხოვნით და ჩემი თხოვნის შესაბამისი შინაარსით... არ შევჩერდები დეტალებზე. მენთეშაშვილი კაცურად მოიქცა და... ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ძველ დიღმში ჩინებული ბინა გამოიყო. თანაც, მერე არც "ვალის" დაბრუნება მოუთხოვია. თქვა, ღვთითბოძებულ ტალანტს ბინა საჩუქრად ეკუთვნისო...


ამ სურათზე გოდერძისა და ნინოს "ხელისმოწერის' ცერემონიალია აღბეჭდილი. მაშინ ყველანი ძალიან ახალგაზრდები ვართ... მათ შორის გოდერძის მეჯვარეები-ზვიად ნოდია და მე.





„რეპორტიორმა" შარშან ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ერთი მოგონება გამოაქვეყნა: ( http://reportiori.ge/?menuid=73&id=40645 ), რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


***



                                               მე ვარ გოდერძი ჩოხელი,

                                 ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე...

 


ასეთი სასაფლაოები ჩემ სოფელშიც იყო, დიდ ქვებს ადებდნენ, ზედ გამოქანდაკებული არის ქალი, კაცი. ქალი - საკერავი მანქანით ხელში, კაცი - გუთნით. ჩემ სოფელში იმდენი არ იყო ასეთი საფლავები, როგორც მეზობელ სოფელში - დუმაცხოში.


ფოლკლორული ექსპედიცია იყო ჩამოსული. ზურაბ კიკნაძეც იყო იმ ექსპედიციაში და სხვები - ყველა არც მახსოვს. იმათ გავყევი. მოგვიწია ამ სასაფლაოების მხარეს გავლა. გაზაფხული იყო, თოვლი დნებოდა. საოცარი სანახავი იყო სასაფლაო. ზოგს, მაგალითად, საფლავის ნახატს თავი ჰქონდა ამოყოფილი, ზოგს ხარ-გუთანი უჩანდა, ზოგს - რა, ზოგს - რა. ისეთი ტილო იყო, ფიროსმანისა გეგონებოდა.


მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი, - ამათზე დოკუმენტურ კინოს გადავიღებ-მეთქი. მერე გადაღება რომ დავიწყე, წავიკითხე წარწერები. ზოგი შენდობას ითხოვდა, ზოგი რას... ამ ეპიტაფიების გამო დამებადა იდეა, - რა მოხდება, რო გავესაუბრო-მეთქი. გავესაუბრო სიყვარულზე, სიძულვილზე... მაგ კუთხით დავიწყე გადაღება. თანდათან ეშხში შევედი. მომინდა, რო განმეზოგადებინა, ეროვნულ ხასიათში გადამეყვანა, სვეტიცხოველში შევსულიყავი. მერე მომინდა, რო დიდგორის ბრძოლა გადამეღო. მერე მომინდა, რო მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვინც კი გვყოლია ბრძოლის ველზე დაცემული, ისინი ამოსულიყვნენ, იმათთან მელაპარაკა.


„აღდგომას" გამოუჩნდა კრიტიკოსი - „ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი. მანამდე ჩემზე დადებითი რაღაცები ჰქონდა დაწერილი. და... როგორც ჩანს, იფიქრა, ასიამოვნებდა საბჭოთა ხელისუფლებას.


ამაზრზენი კრიტიკა დაწერა... ომარი მამშვიდებდა, მაგას ყურადღება არ მიაქციო, გამოჩნდებიან ისინიც, ვინც შენ კინოს გაიგებენო.


„აღდგომას" ვიღებდით ჩოხში, გუდამაყარში - ლუთხუბში, მთიულეთის ხეობაში. ერთი ეკლესია დგას იმ სოფელში. ზოგიერთი საფლავი ქართლის ხეობებშიც გადავიღე, ფასანაურშიც.


მთიულეთში შავოსანი ქალი მოვიდა. თურმე ჩემი თანაკლასელის საფლავს ვიღებდი, მე - არ ვიცოდი, იმისი დედა იყო. პურმარილი მოიტანა.


მიცვალებულები იქაურების გახმოვანებულია.


ვიღაცაზე ხომ უნდა დამემთავრებინა ფილმი... გმირები არ გვყავდნენ, რომლებსაც ილიას მერე ვახსენებდი... მოწოდებისათვის იყო ჩემი ყვირილი: სადა ხართ, არაგველებო! ვიხმობდი, საიქიოდან უნდა გამომეხმო, - გამოდით, კიდე ვიბრძოლოთ-მეთქი. ეს ფილმი ანტიკომუნისტური ხო იყო, ანტირუსულიც იყო თავისი შინაარსით...


პირველად ჩემმა პედაგოგმა ომარ გვასალიამ ნახა. ისე მოეწონა, გადაირია. წავიდა და ნუგზარ ფოფხაძეს აჩვენა: - ნახე, რა ფილმი გადავიღეთო. ნუგზარმა, - ვის გარეშეც ვერ გავუშვებთ, იმათ უნდა ვაჩვენოთო - ცეკაში წავიღოთო. ხო შეეძლო, სულ დაემალა ეს ფილმი. გაფრთხილებოდა თავის თავს.


ნუგზარს ჰქონდა ასეთი ვაჟკაცობა, რო „აღდგომა" გამოეჩინა (მაგის დროს აჩვენებდნენ საზღვარგარეთულ ფილმებს, სეფიაშვილი გამოჰყავდათ და ათწუთიანი გინება ჰქონდა. ფილმს ლანძღავდა. სამაგიეროდ, მერე ხომ გადიოდა ის „ასაკრძალი" ფილმი ეკრანზე!).

„აღდგომა" რომ გადავიღე, 1981 წელი იყო და ეგეთი ფილმების გაშვებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. შეიძლება დავეჭირე კიდევაც.


შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა იმ დღეს. ნუგზარ ფოფხაძეს უთქვამს, საჩუქარი მოგიმზადე და უნდა გაჩვენოო.


დამიბარა. წავედით მე და ნუგზარ ფოფხაძე. წავიღეთ „აღდგომა". ცეკას კინოდარბაზში სხედან შევარდნაძე და სხვა ცეკას მდივნები.


- მოდი, მოდი, ჩემთან დაჯექიო, - დამიძახა...

მივედი და გვერდით დამისვა შევარდნაძემ.


დაიწყო „აღდგომა": მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე... მინდა ცოტა ხნით საიქიოში წაგიყვანოთ, - ისმის ეკრანიდან...


ჩუმად არიან. გატვრენილია ყველა. როგორია, ცეკას მდივნები საიქიოში წაიყვანეო!


ამ დროს მე ვფიქრობ: თუ არ დამიჭირეს, საერთოდ ამიკრძალავენ კინოს გადაღებას-მეთქი. რა უნდოდა ამ ფოფხაძეს, რას აიჩემა ფილმის ჩვენება-მეთქი. უცებ შეკითხვა რო დავიწყე მკვდართან და იმანაც რო მიპასუხა, შევარდნაძემ გაიცინა. გაიცინა შევარდნაძემო და გაიცინეს ცეკას მდივნებმა. მთელი ფილმი ასე იყო. აუტყდებოდა შევარდნაძეს სიცილი. განსაკუთრებით იცინა, მკვდარს რო ეუბნება, „ქარი ხო არსაიდან გიქშუტუნებსო". ისინიც იცინიან. მერე ხო ფილმი ასე მთავრდება: ღირსეული გმირები ამოდიან და როგორც მართლა იყო, იქაც ილიაზე შეწყდა ყველაფერი... დღემდე ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა.


შევარდნაძემ უთხრა ცეკას მდივნებს: - აბა, ეხლა თქვენ გაარჩიეთ ეს კინოო. სოლიკო ხაბეიშვილი ადგა და თქვა, - თქვენი არ ვიცი, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა კომუნისტი კაცი დამარწმუნა, რო საიქიო არსებობსო.


ზოგმა რა თქვა, ზოგმა - რა. მენთეშაშვილი ადგა: ქალაქის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე იყო. ის გადამეკიდა, - ილიაზე რატო მთავრდება ეს ფილმიო. დღეს ადამიანი აღარა გვყავსო, რომლის ხსენებაც შეიძლებაო. აქცენტი აქვს აღებული, რო ედუარდზე დავამთავრო. წავა-წამოვა, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეს ისევ იმას მეუბნება. ბოლოს, შევარდნაძე მიუტრიალდა და უთხრა, - შენ, მგონი, ამ ფილმში ილია ჭავჭავაძე გიშლის ნერვებსო. გაჩუმდა ეს კაცი. გაისუსა.


„აღდგომა" იმავე საღამოს ტელევიზიაში გაუშვეს.


ატყდა ერთი ამბავი. ბაზარში რო შევიდოდი, ისე, უფასოდ მატანდნენ ყველაფერს. შენა, შვილო, საიქიო ალაპარაკე და ფულს როგორ გამოგართმევო, - მეუბნებოდნენ. არც ერთი ცეკას მდივანი ასე არ მოიქცეოდა. თავს გამოიდებდა, როგორ დავესაჯე.



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016