17 ნოემბერს, „გალაკტიონობაზე", ვანის რაიონში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის კარლო საკანდელიძის სახელობის თეატრი გაიხსნება. თეატრს, რომელიც ვანში მდებარეობს, რუსთაველის თეატრის მსახიობის ედმონდ მინაშვილის ინიციატივით რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭა. 17 ნოემბერს, „გალაკტიონობაზე", თეატრი სპექტაკლით „მოხუცი ჯამბაზები" გაიხსნება:
„ბოლო წლებში, რუსთაველის თეატრში ბატონ კარლოსთან ძალიან ვმეგობრობდი. თანამშროლობა ორი წელი მოგვიწია.
ბატონ კარლოს თავისი რაიონი ძალიან უყვარდა და გული წყდებოდა, რომ ბოლო წლებში იქ თავისი საცხოვრებელი სახლი გაყდა, რადგან ვეღარ უვლიდა. მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, მის მხარეზე. სულ მქონდა გულში, რომ ოდესმე ბატონი კარლოს სახელობის თეატრი გამეხსნა. ამისთვის ბევრი წლები დაგვჭირდა და ბევრი პრობლემაც გვქონდა, მაგრამ მოვახერხეთ რესტავრირება. ეს იყო კულტურის ცენტრი, რომელიც თეატრად გადაკეთდა და ჩაუტარდა რემონტი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილბრივ მუნიციპალიტეტს, რომელიც გვერდში დაგვიდგა. სხვათაშორის ძალიან საინტერესო თეატრი გამოვიდა და ვფიქრობ, რომ დასავლეთ საქართველოში ყველაზე კარგი თეატრია.
ხვალ 15:00 საათზე დაიწყება ჭვიშში ღონისძიება, 17:00 საათზე გადმოვინაცვლებთ თეატრში, სადაც დაიწყება სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები". ბევრი არც მიფიქრია თუ რა სპექტაკლი წამეღო. ამ სპექტაკლში თამაშობდა ბატონი კალრო, უბრალოდ ვერ შეძლო პრემიერაზე თამაში და სიმბოლური იქნებოდა სწორედ ამ სპექტაკლით გახსნა."- განაცხადა მინაშვილმა.
უახლოეს პერიოდში იგეგმება კარლო საკანდელიძის სახლ-მუზეუმის გახსნაც:
„ვანში, ასევე ძალიან მალე, ახალ წლამდე გაიხსნება კარლო საკანდელიძის სახლ-მუზეუმი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი ვანის რაიონის მუნიციპალიტეტს და გამგებელ ზაზა ხუციძეს", - აცხადებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი.