მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ მყისიერად იმოქმედა.
როგორც შოთაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" განაცხადა, მსგავსი შემთხვევა, რომ ადვოკატისთვის პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, პრაქტიკაში არ ჰქონია.
"ეს რა თქმა უნდა, იყო უპრეცენდენტო შემთხვევა. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში და არ მსმენია, რომ ადვოკატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოთ პოლიციაში. დაეკავებინოთ იმის გამო, რომ იგი ახორციელებდა თავის ვალდებულებებს, კონკრეტულად პროცესუალურ მოქმედებებს, შესაბამისად, ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერზე იყო მყისიერი. იმავე დღეს დავიწყეთ გამოძიება ამ ფაქტზე და ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დავადგინეთ, რომ მეხუთე განმყოფილების უფროსის მხრიდან აშკარად ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. რაც შეეხება დაზარალებული გიორგი მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ადმაიანები არიან პასუხისგებაში მისაცემი, ამ ეტაპზე შესაბამისი საფუძველი რომ გვქონდეს, სხვა პოლიციელების სამართლებრივ დევნაზე, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუმცა დადგენილია და თვითონ მდინარაძის ჩვენებაშიც ასე წერია, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა განყოფილების უფროსი. შესაბამისად, ბრალდებულ კვირკვაიას შეფარდებული აქვს პატიმრობა", - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, საკმაოდ უსიამოვნოა, როდესაც პოლიციელის, თანამდებობის პირის მიცემა ხდება პასუხისგებაში ძალადობრივი დანაშაულისათვის.
"თუმცა ამ შემთხვევაში ვართ შეურიგებელნი და ნებისმიერი, მნიშვნელობა არ აქვს, საჯარო მოხელე სად მუშაობს, თუ დანაშაულს ჩაიდენს, მკაცრ და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა შოთაძემ.