მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურაში ყველაფერი შესაცვლელია, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც იქ მუშაობენ.
„მიმაჩნია, რომ არ არის საქართველოში იმდენი კვალიფიციური იურისტი, რომ ასე ხელაღებით ვცვალოთ. მიმაჩნია, რომ იმ კონტინგენტით შეიძლება ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ, კარგი ორგანიზება უნდა. მე ვარ მოქმედი ადვოკატი, რომელსაც ბარიერის ორივე მხარეს აქვს გამოცდილება მიღებული. 10 წელი გამომძიებელი ვიყავი, 10 წელი საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ჩემთვის პროკურატურაში დადებითი და უარყოფითი მხარე ცნობილია. ვერ დავეთანხმები თეა წულუკიანს, რომ ჩემი მინუსია ის, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია, ვინაიდან ამ 20 წლის განმავლობაში შეხება მქონდა პროკურატურასთან. ვიცი, როგორ მიმდინარეობს საქმეების გამოძიება და სასამართლოში საქმეების წარმოება. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველაფერი გამოსასწორებელია", - განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.
მისი თქმით, ვერ იტყვის, რომ ასევე მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი შოთაძეს აქვს უპირატესობა.
„ის ამ სისტემის ნაწილია. აქვს გარკვეული უპირატესობა, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი გადაწყვეტილი ამბავია, ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.