„მერიდიანი" დეკემბრის თვეში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნს გამოსცემს, - ამის შესახებ „კვირა +"- სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. როგორც გამომცემლობის დირექტორის მოადგილემ კახაბერ რუსიძემ „კვირა +"-ს განუცხადა, წიგნი ადამიანის სულიერ ცხოვრებას ეხება, რის გამოც ის, წიგნის მაღაზიების გარდა, შესაძლოა, საეკლესიო მაღაზიებშიც გაიყიდოს.
„ბატონი გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი „ბრმადყოფილზე" 2 000 ტირაჟით გამოვა. წიგნი ადამიანის სულიერ ცხოვრებას და მის ეკლესიასთან სიახლოვეს ეხება, ეს უფრო სათავგადასავლო ჟანრია. წიგნი შესაძლოა, საეკლესიო მაღაზიებშიც გაიყიდოს, მისი მაღაზიაში გასაყიდი ფასი კი, 12 ან 15 ლარი იქნება. უფრო ადრე კი, ჩვენ გურამ დოჩანაშვილის 4-ტომეულზე დავიწყეთ მუშაობა. 4-ტომეულის 2 ტომი, სახელად „მოთხრობები"უკვე გამოვეცით და „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში უკვე 2 კვირაა იყიდება. ახლა მზადდება მესამე და მეოთხე ტომებიც, რომლებსაც მკითხველი 2 ან 3 თვეში იხილავს",- განაცხადა კახაბერ რუსიძემ.
მანამდე კი, გამომცემლობა „მერიდიანი" მკითხველს ნოემბრის ბოლოს წიგნის ფესტივალზე კიდევ ერთ ახალ წიგნს წარუდგენს. ეს არის არნოლდ გეგეჭკორის წიგნი-ალბომი „ეს არის საქართველო". წიგნი საკმაოდ მოცულობითია, ის 560 გვერდამდეა და „A4" ფორმატისაა.
„ეს არის საქართველოს" წარდგინება „ექსპო- ჯორჯიაში", წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 28 ნოემბერს გაიმართება, მოგვიანებით კი მისი მასშტაბური პრეზენტაციაც იგეგმება.
წიგნის ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო - ჯორჯიაში" 26-29 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.