ფეხბურთის ფედერაციას ახალი ვიცე-პრეზიდენტები ჰყავს. მოქმედი წესდების თანახმად, 4 წლის განმავლობაში ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები იქნებიან საფეხბურთო კლუბ საბურთალოს გენერალური დირექტორი კახაბერ ჭუმბურიძე და თბილისის დინამოს აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის წარდგენილ კანდიდატურებს, ფედერაციის ცნობით, აღმასრულებელმა კომიტეტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ვიცეპრეზიდენტები დაამტკიცა.
ნიკოლოზ ჯღარკავა 2006 წლიდან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" მუშაობდა. 2011 წლიდან „დინამო არენას" დირექტორი იყო. მიმდინარე წლის იანვრიდან კი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" აღმსრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ჯღარკავამ 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი დაამთავრა.
კახა ჭუმბურიძე ვეტერანი ფეხბურთელი, 2000-2002 წლებში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003-2004 წლებში „დინამო თბილისის" აკადემის დირექტორი იყო, მომდევნო წელს კი კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. 2007 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" გენერალურ დირექტორად მუშაობდა. ორივე ვიცე პრეზიდენტი კონკრეტულ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს.
სფფ-ის ვიცე პრეზიდენტებმა საფეხბურთო კლუბებში პოსტები უკვე დატოვეს.