საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისთვის" განათლების პრობლემების შემსწავლელმა ჯგუფმა საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გამართა. ბიულეტენში აღწერილია საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გზა და ის შედეგი, რომელსაც ამ სისტემამ დღეის მდგომარეობით მიაღწია. ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა ვითარების ზოგადი აღწერა, პრობლემების განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა შემდგომი კვლევების გასაგრძელებლად.
დოკუმენტის თანახმად, გამოიკვეთა სისტემური ხასიათის ხარვეზები. ორგანიზაციის წევრების განცახდებით, არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.
„ბიულეტენის პირველ ნომერში თავმოყრილი მასალებით ნათელი ხდება, რომ საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის სურვილი გამოკვეთილია, მაგრამ იმპლემენტაციის პროცესი იძენს ქაოტურ და უსისტემო ხასიათს. სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი სახელმწიფოს ზრუნვა - კიდევ უფრო გააძლიეროს ადმინისტრირების ბიუროკრატიული აპარატი, არასწორი პოლიტიკური გათვლაა. კვლევების შედეგებზე დაფუძნებული დასკვნები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ასახავს მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმართლებელ ტენდენციებს. ისინი აძნელებენ სისტემის გამართულად მუშაობას, ქმნიან სირთულეებს საზოგადოების კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის თვალსაზრისით", - აღინიშნა განათლების პრობლემების ჯგუფის მიერ მომზადებული ბიულეტენის პრეზენტაციაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ბიულეტენი გამიზნულია საზოგადოების ფართო ფენებისათვის, ისევე როგორც სპეციალისტებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის. ორგანიზაცია საინფორმაციო ბიულეტენების სერიას დაასრულებს სტრატეგიული დოკუმენტით, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ 2014 წელს შექმნილი ამავე სახის დოკუმენტის ალტერნატივა გახდება.