reportiori.ge - მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია - რა შემთხვევაში მოუწევთ მძღოლებს მართვის მოწმობის ხელახლა აღება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:44
მთავარი თემა
მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია - რა შემთხვევაში მოუწევთ მძღოლებს მართვის მოწმობის ხელახლა აღება
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 12:38



შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.


პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება"; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების" განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.


წარმოდგენილი კანონპროექტი გათვლილია მოკლე ვადაში შედეგების მიღებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.


პროგრამის შემუშავების პროცესში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი განხილვა გაიმართა.


ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან კამპანიასაც მოიცავს, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.


ღონისძიებაზე ასევე მოხდა კამპანიის კლიპის, სლოგანის და ლოგოს პრეზენტაციაც. პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული - სიცოცხლე, რომელსაც იცავს საგზაო ნიშნები, წესები, კანონი.

 

„მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ კანონმორჩილი მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


პრეზენტაციას მთავრობისა და ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა. 2016 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება.  იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.


„2016 წლის 1 იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1 იანვრიდან მომდევნო წლის 1 იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები.

 

სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა.


პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.


აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1 იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.



საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით, მთავრობა პარლამენტს კანონში ცვლილებების პროექტს წარუდგენს.


ცვლილებებს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.


მთავრობის ინიციტივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.


შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.


„სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია - ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014  წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას დროულად და მისასალმებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება.


პრემიერ-მინისტრმა თბილისში ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების გაგრძელების თხოვნით მიმართა.


გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომანქანებია.


„ეს დამოკიდებულია ძირითადად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონქბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ ვითარება რომ გაუმჯობესდეს, გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა. საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი „ევრო 5"-ის სტანდარტს შეესაბამება", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მინიტორინგს განაგრძობს.


მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს, შესაბამისად, მართვის მომწობის აღება, შესაძლოა, მოქალაქეებს ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუმარტა, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

„ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.     



საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა გაიზრდება და მისი ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება.


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის თქმით, კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.


მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.


"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ, ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.


შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიან მანქანებზე დაწესებულ რეგულაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არანაირი რეგულაცია არ შეეხება იმ მანქანებს, რომლებიც საქართველოში უკვე რეგისტრირებული არიან. ამის შესახებ თალაკვაძემ „კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის გაყიდვისას რეგულაციები ასევე არ იმოქმედებს იმ მანქანებზე, რომლებიც უკვე რეგისტრირებულნი არიან საქართველოში.


„მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით ვხედავთ გრძელვადიან პერიოდში ქვეყნისთვის პრობლემას და ვხსნით სადისკუსიო სივრცეს. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მოხდეს ამ სფეროს რეგულირება, ვინაიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. ჟენევის კონვენციით ავტოსაგზაო უსაფრთხოების შესახებ, გვაქვს ვალდებულება, რომ უნიფიკაცია იყოს დაცული საგზაო მოძრაობისას. ქვეყანა არის დაგეგმილი მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის და ამ დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობა იზრდება.

 

რეგულაციები, რომლებიც მარჯვენასაჭიან მანქანებზე შევთავაზეთ მთავრობას და პარლამენტს, არანაირად არ ეხება იმ ავტომობილებს და მათ მეპატრონეებს, რომლებიც უკვე საქართველოში არიან. ასევე ჩვენ ვაძლევთ 4-თვიან და მეტ პერიოდზე ფანჯარას იმ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებსაც უკვე შეკვეთილი აქვთ ეს მანქანები, რომ მათ არანაირი ზარალი არ განიცადონ ამის შედეგად. ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ ამ ავტომობილებს და დაარეგისტრირებენ. ეს არანაირად არ ეხება მანქანებს, რომლებიც უკვე ქვეყანაშია. ეს ყველაფერი ამოქმედდება 2016 წლის 1 მარტიდან. თუმცა ასევე მომავალში ამ მანქანებს ჩვეულებრივ შეეძლებათ, რომ 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში გადაადგილდნენ ან ტრანზიტულად გაიარონ საქართველოში.

 

ასევე გეტყვით, რომ არის საგანგაშო სიტუაცია მარჯვენასაჭიანი მანქანების მარცხენა საჭეზე გადატანაზე. კუსტარული მიდგომები გვხვდება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვას ეწინააღმდეგება.

 

ასევე გაყიდვის შემთხვევაში, მარჯვენასაჭიან მანქანებს, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016