reportiori.ge - ორშაბათის დილა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორშაბათის დილა...
ავტორი:
29 ნოემბერი, 2015. 03:04



თვალები გაახილა. მზე ნელ-ნელა ეპარებოდა მოწმენდილ ცას. უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა. ამ ბოლო დროს უხასიათოდ იღვიძებდა. თავი სტკიოდა და აღრენილ ხასიათზე იყო. ორშაბათის დილა თენდებოდა. ყველაზე მძიმე დილა მის ცხოვრებაში. როდის უნდა დააღწიოს თავი ამ ჯოჯოხეთს? რომ შეეძლოს თავიდან ამოიგლეჯდა ამ დღეს, სამუდამოდ ამოხევდა თავისი ცხოვრებიდან. კვირა ორშაბათის გარეშე. მაშინ, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.


მის გვერდით მშვიდად მძინარე სხეულს შეხედა. სახეზე დაყრილი არეული თმიდან ცხვირის წვერი დ ნახევრად ღია ტუჩები მოჩანდა. მთლიანად საბანში გახვეულიყო. ღია ფანჯრიდან მარტის დილის სუსხი შემოდიოდა. თვალები დახუჭა. ძილი ფრთხილად, ქურდულად ეპარებოდა. ჩაეძინა...


მძინარემ ხელით საწოლი მოსინჯა. სხეულის სითბო სადღაც გამქრალყო. საწოლის სიცივე არ ესიამოვნა. თითქოს არც არავინ წოლილიყო მის გვერდით. გამოეღვიძა. გაოცებულმა ლოგინში წამოიწია და ოთახს თვალი შეავლო ფართოდ გამოღებული კარადიდან გამოვარდნილმა სიცარიელემ მისი ყურადღება მიიქცია. ისევ ლოგინს დახედა. ბალიშზე დაკეცილი ფურცელი იდო. გადაიწია და ხელში აიღო. ხელები უანკალებდა. გაფართოებული თვალებით ჩაშტერებოდა პატარა ფარატინა ფურცელს. ერთ ძარღვად ქცეულს ყურებში საკუთარი სისხლის შხუილი ესმოდა.


"ჩვენ არაფერი გამოგვივა. მე არ დავბრუნდები. მაპატიე, დათუნია, მე სხვა მიყვარს."

თვალებს არ უჯერებდა. თავზარდაცემული მძიმედ სუნთქავდა, თითქოს სიტყვებთან ერთად ჟანგბადიც ამოეტუმბათ ოთახიდან. მოვარნილი ემოციებისგან თავბრუ ესხმოდა. ტირილი უნდოდა. სახეაწითლებულ პატარა ბავშვს ჰგავდა. სუნთქვა უჭირდა. ოთახს ჯერ კიდევ შერჩენოდა მისი სურნელი. თავს ძალა დაატანა და ყრუდ დაკეტილ ფანჯარასთან მივიდა. გამოაღო.


სუსხიანი ორშაბათის დილა თენდებოდა. ცდილობდა ღრმად ესუნთქა.

"რატომ?" - გრძნობდა, როგორ იმსხვრეოდა, როგორ პატარავდებოდა მისი დაკუნთული ორმეტრიანი სხეული; შიგნიდან ამოტრიალებული და შეურაწყოფილი როგორ იკარგებოდა ნაწილებად დაშლილი სულის ლაბირინთებში. საკუთარი უსუსურობით შეშინებული ხარბად სუნთქავდა ოთახში შემოჭრილ სუფთა ჰაერს ცდილობდა დამშვიდებულიყო და გარკვეულიყო.


ეს წერილი, ნია, გუშინდელი საღამო, ბავშვები, თითქოს ბედნიერები იყვნენ. რა მოხდა? ბავშვები... - ფიქრებით უკან დაბრუნდა. სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და ბავშების საძინებლის კარები ფრთხილად შეაღო. ბიჭუნებს მშვიდად ეძინათ. დაბნეული უყურებდა. ოთახში შევიდა და ოთხი წლის ნიკუშას საბანი დაახურა, პაწუა ვარდისფერი ფეხებით მთლიანად მიეკუჭა საწოლის კუთხეში. გიორგის კი - იმდენი ემოგზაურა ლოგინში, რომ ჰორიზონტალურად გაწოლილიყო და თავ-ხელებ ჩამოყრილი ლამის ლოგინიდან გადმოვარდნილიყო. უხმაუროდ მიუახლოვდა და შეასწორა. ხელში შერჩენილ ფურცელს დახედა. ბოლომდე ვერ იჯერებდა.


"ეს, ალბათ, ხუმრობაა. აქ არის სადღაც. ალბათ, ვერ დაიძინა და... "


ოთახიდან გამოვიდა. აბაზანისკენ გაემართა. ჩაბნელებულ აბაზანაში არავინ იყო. შემდეგ მისაღებ ოთახში გავიდა, შუქი აანთო და მიმოიხედა. რამდენიმე საათის წინ ყირაზე მდგარი ოთახი მილაგებული და დასუფთავებული, მაგრამ ცარიელი თვალებით შესცქეროდა. მხოლოდ კუთხეში, კედელთან მიდგმული დიდი ყუთიდან ცხვირწითელა ტაკიმასხარა ყურებამდე ახეული უღიმოდა.


სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ეს არ იყო ტყუილი, მარტის უცოდველი ტყუილი. როგორი სიამოვნებით მილეწავდა ყველაფერს, რასაც მისი ხელი შეხებია. თავი ხელებში ჩაერგო. განადგურებული აზრების მოკრებვას ცდილობდა, მაგრამ ფიქრისგან მთლიანად დაცლილიყო. მუდამ მხიარული და მიმდობი გონება რისხვას, უნდობლობას და სიბრაზეს მარწუხებში მოექცია და თანდათანობით ამსხვრევდა, აქუცმაცებდა, არარაობად აქცევდა. რაღაც გატყდა მასში, რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვანი იყო. მას ძალიან ცუდად შეეხნენ, სასტიკად მოექცნენ, ყველაზე აუცილებელი წაართვეს - რწმენა, რწმენა თავისი თავის და სხვების მიმართ. ეჭვებით აკინძული დააგდეს ცხოვრების განაპირას. ვერაგულად მოატყუეს. ტყუილი, ეჭვი, რისხვა - აი, რა დაუტოვეს, რითი უნდა ევლო მთელი დარჩენილი ცხოვრება. რატომ? რა შეეშალა? მთელი მისი ცხოვრება ორშაბათის დილის კოშმარში გაეხვია.


"რა შემეშალა?!? - ხმამაღლა გაიმეორა და თავისმა ნათქვამმა გააოცა.


ეგებ, არც არაფერი წაურთმევიათ. ასეთი დაიბადა, ნაკლული, როგორც შენობა ოთახების გარეშე, ჰაერში გამოკიდებული იატაკით, დაუმთავრებელი კიბეებით, კედლებით, სახურავის ნატეხებით.


"შეიძლება ეს არის ჩემი ნამდვილი სახე." - არა, ეს შეუძლებელია. ის ხომ ძლიერი მამაკაცი იყო. მაშინ "შეშლა" რა შუაშია? - "უბრალო შეცდომაა, უაზროდ წამოსროლილი სიტყვა." - თავი გაიმართლა და მწარედ გაეღიმა. მიხვდა, ეს შიში იყო, შიში არასრულფასოვნების, რაღაცის დამალვის, გამომჟღავნების. ახალგაზრდა კაცი ხედავდა, როგორ ივსებოდა მისი "ძლიერის" ნიღაბი მტვრით და ჭუჭყით. სახე ხელებში ჩამალა. ის ხედავდა თავის თავს და ამას ვერსად გაექცეოდა.


ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. საათს დახედა. დილის რვა საათი იყო. ყურმილი აიღო.


"გუგა, შენ ხარ?" - ყურმილში ნიას ხმ გაისმა, რბილი, ჩუმი ხმა. - "მაპატიე, ცუდად მოგექეცი. ვიცი, რასაც განიცდი, მაგრამ შენ გამიგებ." - ქალი გაჩერდა, მისგან ელოდა სიტყვებს, მაგრამ გუგა დამუნჯებული უსმენდა. - "ასე მოხდა და ამას ვერ შევცვლით. მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი! მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩებით, ხომ ასეა ჩემო დათუნია?"


გუგა ნერვებისგან ერთთავად კანკალებდა. ხმას ვერ იღებდა. ერთი ბგერაც რომ წარმოეთქვა, ხმა იოგებიანად აუფეთქდებოდა ყელში.


"ეს ძალიან მტკინვეულია, მე მესმის, მაგრამ მინდა რომ იცოდე, მე ამის შესახებ ჩემ მშობლებსაც ვუთხარი: მე უარს ვამბობ ყველაფერზე, ჩემ ბინაზეც. ვიცი, როგორ გიყვარს ბავშვები. მოგვიანებით დავრეკავ და დაველაპარაკები." - ყურმილი დაკიდეს.


საკუთარი თავის რცხვენოდა და კიდევ, მისკენ გაშვერილი თითების. ყვირილს კბილებით იჭერდა. ისე ძლიერად დაჭიმულიყო, რომ კისრის ძარღვები სტკიოდა. თავს წამდაუწუმ გვერდზე ხრიდა. შეამჩნია. შეეცადა დამშვიდებულიყო.


"შენ გუგა კი არა, დათუნია უნდა გერქვას, დიდი სასაცილო დათუნია."


"აი, ეს შენ ხარ." - ნიამ ზურგს უკან დამალული პარკიდან თოჯინა ამოაძვრინა. გრძელფეხება მასხარა წითელი გაბუშტული ცხვირით ყურებამდე უღიმოდა. გოგონას სიცილი ახლაც ყურში ჩაესმის. მაშინ მასთან ერთად ისიც იცინოდა.


"გუგა, ჩემებთან ხშირად რომ იყვნენ ბავშვები აჯობებს."


"მე ვერ ვიცხოვრებ შენებთან. მაინც და მაინც აბაზანის რიგში უნდა ჩავდგეთ ბედნიერები რომ ვიყოთ? არ მესმის. მერეც, ჩემებმა იმხელა სახლი გვიყიდეს და გაგვიწყეს, რა უმადურობაა. თანაც მამას თავისთან უნდა რომ ყავდე, ხოდა დაუჯერე შენც."


"...იმიტომ, რომ ასე მინდა და საერთოდ, ძალიან დამღალა შენმა უაზრობებმა."


"შენც გაუღიმე. ისეთი რა გითხრა, ასე რომ გეწყინა? რა, ასე ძნელია გაღიმება?! "არ შეუძლია ბიჭს." როდიდან არ შეგიძლია?"

აფეთქებული მეხსიერებიდან ნამსხვრევებად ცვიოდა მოგონებები. ერთ ადგილს ჩაშტერებოდა. რა სულელი იყო. როგორ ვერ ამჩნევდა. არა, არ უნდოდა შეემჩნია. ის კარგად გრძნობდა თავს მასხარას ტყავში.


"მე უარს ვამბობ ყველაფერზე, ჩემ სახლზეც" - თითქოს სილა გააწნეს. ყურში ჩარჩენილი სიტყვები ბურღივით უტრიალებდა თავში. გრძნობდა, როგორ იკეცებოდა, თვალსა და ხელს შუა არაპროპორციულად მცირდებოდა მისი ახოვანი სხეული. ახალგაზრდა კაცს გასაქცევად მომზადებული და უსაშველოდ დაგრძელებული ფეხები ყუთიდან გადმოეკიდა და გაბუშტული წითელი ცხვირით ჩაბჟირებამდე ხარხარებდა.


ღამის ზმანებით შეშინებულს გამოეღვიძა. გული ძალუმად უფეთქავდა. საწოლი მექანიკურად ხელით მოსინჯა. მის გვერდით მშვიდად ეძინა ახალგაზდა ქალს. საწოლში წამოიწია. საშინლად ტკიოდა თავი. მან ყველაფრის ყიდვა შეძლო ერთი რამის გარდა. ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მისთვის სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდა.


მაია ბათიაშვილი


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016