თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მოყვარული მსახიობები 10 საუკეთესო ნომინაციაში 7-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია „გარდენ ჰოლში" გაიმართა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის თამუნა ნიკოლაძის განცხადებით, ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან მოყვარულ მსახიობ სტუდენტთა შორის ბევრი პროფესიონალურ დონეზე ასრულებდა თავის როლს.
„ყველა გამარჯვებულს და არაგამარჯვებულს ვულოცავ. ამ ფესტივალში მონაწილეობა უკვე ნიშნავს გამარჯვებას. ჟიურიში 7 წევრი ვიყავით; ბევრი აზრი გაიყო, ბევრიც დაემთხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჟიურიმ მიიღო ძალიან ობიექტური და ადამიანური გადაწყვეტილება. აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო გოგონა და ბიჭი. ვისურვებდი, ფესტივალი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და წარმოდგენილი იყოს სხვადახვა ჟანრის ბევრი სპექტაკლი", - განაცხადა თამუნა ნიკოლაძემ.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.