თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მასში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასებმა მიიღეს. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელი ფესტივალის წამყვანები მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და გიორგი სუხიტაშვილი იყვნენ.
„ძალიან კარგი პროექტი და არაჩვეულებრივი იდეაა. მსახიობური ნიჭი თითქმის ყველა ქართველში დევს და როცა ამის გამოვლენა ხდება, დიდი სიამოვნებაა. არაჩვეულებრივი საშუალებაა ეს ფესტივალი, მოყვარულმა მსახიობმა თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. დღევანდელ საღამოზე იმდენ ბედნიერ სახეს ვხედავ, არ ვიცი, რა შეიძლება, ინატრო ამაზე მეტი", - განაცხადა მარიამ ჯოლოგუამ.
გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.