თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო შაშიაშვილმა მიიღო. მოყვარული მსახიობისთვის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, არ ველოდი ამ გამარჯვებს. ვცდილობდი, არც მქონოდა მოლოდინი, რათა შემდეგ არ ყოფილიყო იმედგაცრუება და გულისდაწყვეტა. ამიტომ საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ჩემთვის ბოლო წელია ამ ფესტივალში მონაწილეობის, თუმცა ბოლომდე გავაგრძელებ „ჰიგიას" და ასოციაცია „ასტას" გვედით დგომას. ეს ჯილდო ჩემთვის ყველაფერია. მადლობა რეჟისორს, ნათია გუჯაბიძეს და ფესტივალის ორგანიზატორებს. მიმაჩნია, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ; ისინი ცხოვრებას გვილამაზებენ ამ პროექტით. მე ყოველთვის მათ გევრდით ვიქნები", - განაცხადა გამარჯვებულმა.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.