reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაღაც ისეთი მოხდა, რის დამალვასაც ხელისუფლება შეეცადა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:39
ინტერვიუ
ვალერი ხაბურძანია: ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაღაც ისეთი მოხდა, რის დამალვასაც ხელისუფლება შეეცადა...
ავტორი:
15 ნოემბერი, 2013. 18:34

„ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მინისტრობის დროს ხელისუფლებას ვაფრთხილებდი მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო და პროცესებს მივყევი... ჩემი დანაშაული  არის ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დავრჩი, თუნდაც ცოტა ხნით" - უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია, „რეპორტიორთან" საუბარში, წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო, სინანულს გამოთქვამს და არსებულ პოლიტიკურ რეალობას აფასებს.

 

- ვიდრე არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს შევეხებოდეთ, მინდა გაიხსენოთ ვანო მერაბიშვილსა და თქვენს შორის გამართული საუბრის დეტალები, რომელიც სამხრეთ ოსეთს შეეხებოდა...

- 2003 წლის დეკემბერში, როდესაც ვანო უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, დამიბარა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მესაუბრა. მკითხა - თუ ჯარს კარგად ჩავაცმევთ, დავახურავთ და მოულოდნელად შევიჭრებით ცხინვალში ან სოხუმში, რას მოიმოქმედებს რუსეთიო. ვუთხარი, რომ რუსები თბილისს დაბომბავდნენ. მახსოვს, მერაბიშვილმა  ხარხარი ატეხა და თქვა - არ გეწყინოს, მაგრამ შევარდნაძეს შენაირი მინისტრები რომ ჰყავდა, იმიტომ ვზივარ ახლა მე ამ კაბინეტშიო. ქვეტექსტი იყო, ჩამორჩენელი ხარ და ვერ ერკვევი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიო. ეს ხალხი არასერიოზულად უყურებდა მოვლენებს. როგორც ბავშვებს, რაღაცეები გამოუვიდათ. ეგონათ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ასევე გამოუვიდოდათ უფრო სწორად, გაუვიდოდათ, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში ის კრიტერიუმები არ მოქმედებს, რაც შიდა პოლიტიკურ სისტემაში.


- ის, რაც 2003 წელს პირად საუბარში მერაბიშვილმა გითხრათ, პრაქტიკულად, 2008  წლის აგვისტოში განხორციელდა...

- 2008 წლის აგვისტოს ომზე ნაფიქრი მანამდე ჰქონდათ,  ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.  ეგონათ, რუსეთს ცხინვალს მაინც დაათმობინებდნენ -  ვისარგებლებთ ოლიმპიადით, ცხინვალში შევალთ, გავმაგრდებით,  გამაგრებული ცხინვალის  აღება რუსეთის ძალებს გაუჭირდება, ამასობაში კი მსოფლიო საზოგადოებაც  ჩაერევა და ცხინვალს დავიბრუნებთო. აფხაზეთს  დაიბრუნებდნენ თუ არა, ეს უკვე აღარ ადარდებდათ. მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, გათვლი იყო პიარზე და ხელისუფლების შენარჩუნებაზე. სააკაშვილი შუქს, ასფალტს გვამადლიდა და წარმოიდგინეთ, სამხრეთ ოსეთი რომ დაებრუნებინა, რას მოიმოქმედებდა?! მათ გარანტირებული ექნებოდათ ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა... არადა, რეალურად,  მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხი ავანტიურაზე წამოაგო, დაიწყო ომი, რომელიც წასაგებად იყო განწირული და ამდენი ხალხი შეიწირა. ახლა უსირცხვილოდ დადის დაღუპულების მშობლებთან და ცრემლებს აღვარღვარებს.


არასერიოზული ხალხია!.. თუმცა, ზოგჯერ, არასერიოზულებს, ბევრი რამ გამოსდით, ხომ იცი... სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინა და გადმოირბინა. ეს გიჟი რომ გადარბოდა და გადმორბოდა, ხომ მთელმა საქართველომ იცის... მისი ბოლო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით, უკვე არანაირ საზღვრებში აღარ ჯდება. ირაციონალური სამყარო აქვს შექმნილი, რომლისაც მგონი, მხოლოდ თავად სჯერა. ახლა, რა პოლიტიკას ატარებს იცით? თითქოს, იგი საშინელმა დიდმა რუსეთმა დაჩაგრა, შეიარაღებული ძალებით მისი მოსპობა უნდოდათ, მაგრამ ქართველი ხალხი გვერდით დაუდგა და სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.  


აკვიატებული აზრი აქვს, რომ თანამედროვე მმართველია, რომელიც  დიპლომატიურ ეტიკეტს არ ემორჩილება. ამით ხსნის იმას, რომ ნაზარბაევს  ღამის კლუბში წაყვანა მოსთხოვა, მედვედევს მუხლზე ხელი მოუჭირა - დიმიტრი აბა შენ იცი, ჩვენ ახალგაზრდა ბიჭები ვართო... სამარცხვინოა მაგის ყოფნა დიპლომატიურ სუფრასთან.  როგორც ის მაღალეშონებში, დიპლომატიურ წრეებში იქცევა, უზრდელობა ჰქვია.


- რას გულისხმობთ?

- მის საქციელზე ლეგენდები დადის...  ვიღაცის მეუღლეს არაეთიკურად მოექცა...  ჭამა და სმა არ იცის... ბევრი რამ... ყველაფერს, უბრალოდ, ვერ იტყვი...

მასთან ერთად სუფრაზე   2003 წლის 26  ნოემბერს მოვხდი, იმ საშინელი, ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან"  სამი-ოთხი დღის შემდეგ.  მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი სასტუმრო „მეტეხის" რესტორანში. მასთან ერთად იყო ბადრი ბიწაძე და ეროსი კიწმარიშვილი. მკითხეს, რა სიტუაციაა, რა ხდებაო. ამასობაში სააკაშვილს  შეკვეთილი შვრიის ფაფა მოუტანეს. ეს შვრის ფაფა ისე შეჭამა, რომ ბადრი ბიწაძის და ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკი გადასაგდები იყო. კიდევ კარგი, მე  სამხედრო ფორმა მეცვა და გაირეცხა... 

ჩვენთან მამაკაცურობა ქუჩასთანაც არის დაკავშირებული (არაპირდაპირი მნიშვნლობით). სააკაშვილს  ქუჩასთან დაკავშირებული კაცური არაფერი აქვს. მისმა გარშემომყოფებმა  სპეციალურად შექმნეს ლეგენდა, რომ ქალები უყვარს, მაგრამ ვიცი ბევრი ქალი, რომელიც მას, თავისი „ბაბნიკობის" გამო, დასცინოდა.


- უფრო კონკრეტულად,  სააკაშვილის ხელისუფლებამ, რა შეცდომები დაუშვა?

- შეცდომები კი არა, დანაშაულები იქნა ჩადენილი. ხალხის დასაშინებლად მოკლეს  რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი...  ეს მხოლოდ გახმაურებული გვარებია. კიდევ ბევრი მოქალაქე შეეწირა ხელისუფლების უსამართლობას, რომელთა სახელებიც არ გახმაურებულა.... მახსოვს, სამი მოქალაქე ჩაცხრილეს ციხის, ვითომ, ბუნტთან დაკაშვირებით. თავად თანამდებობის პირების მიერ ხდებოდა ხალხის დაშინება, საკუთრების წართმევა. კაცს რომ ყველაფერს წაართმევ და მერე გულით გარდაიცვლება, ეს მკვლელობა არ არის?!  შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ ესეც მკვლელობაა!


- ბევრი, პრემიერ მინისტრის გაზით გაგუდვის ფაქტსაც, ყოფილი ხელისუფლების დანაშაულად მიიჩნევს... თქვენ რას ფიქრობთ?

- ასეთი მოსაზრებები ხელისუფლების თვითნებობამ გამოიწვია. სააკაშვილის ხელისუფლება  შეეცადა, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები  შეელამაზებინა, როგორც მიჩვეულები იყვნენ და საზოგადოებისთვის ეთქვათ არა სიმართლე, არამედ, შეთითხნილი რაღაცეები. მეტიც, ეს ყველაფერი არაპროფესიონალურად გააკეთეს, თუმცა, გამოძიებაში არსებობს წინააღმდეგობები, რაზეც  სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს. რატომ მოხდა, რომ ზურაბ ჟვანიას გვამი, რასაც ბევრი ამტკიცებს, ხელმეორედ მიიტანეს იქ? რატომ დაიკარგა ფეხსაცმელი?  რატომ დაიხატა ორი სხვადასხვა სურათი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას?!.


- თქვით, შეეცადნენ სიმართლე შეელამაზებინათო.... რა სიმართლეზე საუბრობთ?

- ვფიქრობ, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაღაც ისეთი მოხდა, რის დამალვასაც ხელისუფლება შეეცადა... მაქვს ჩემი ვარაუდი, რის გადაფარვასაც  ამ  შეთითხნილი ფაქტებით შეეცადნენ, მაგრამ მტკიცებულებები არ გამაჩნია და არ ვიქნები სწორი, მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვისაუბრო...

არა მგონია,  ჟვანიას საქმის გამოძიებას ახალი ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებდეს. გამოძიებიდან დიდი დრო გავიდა და მათ უჭირთ ფაქტების  და მტკიცებულებების  ერთმანეთთან დაკავშირება, ბევრი წინააღმდეგობები ხვდებათ...  დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლება, ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალს ვერაფერს იტყვის. შესაძლოა, ვიღაცეები პასუხისგებაში იქნეს მიცემულნი, ვინც ფაქტების ფალსიფიცირება მოახდინა,  მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ხელისუფლება ახალს ვერაფერს იტყვის!


- როგორ წარმოგიდგენიათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მომავალი?..

- მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩენას შეეცდება, მაგრამ  ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებებლი, თუ  იმ ფულს დახარჯავს, რომელიც „ნაციონალურმა  მოძრაობამ" ამ ცხრა წლის განმავლობაში მოიპარა.

- რა ფულზე საუბრობთ?


- „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს,  ელიტარული კორუფციის მეშვეობით,  რამდენიმე ათეულ მილიარდამდე აქვთ მოპარული.

- შეგიძლიათ დაასახელოთ  „ნაციონალური მოძრაობის" ელიტაში შემავალი პირების კონკრეტული სახელები, რომლებმაც ათეულობით მილიარდი დოლარი, მოიპარეს?

- მიხეილ სააკაშვილი, ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა...   გიგა ბოკერიას ამ სიაში არ შევიყვანდი, თუმცა, მთლად სუფთა არც ის არის. თითოეულ მათგანს დაახლოებით მილიარდი ექნება  მოპარული.  როდესაც ელიტარულ კორუფციაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ, ბიუჯეტში არსებული თანხებიდან ე.წ. „ატკატებს."ეს „ატკატები" მიდიოდა, როგორც პარტიის ყულაბაში, ასევე  „ნაციონალური მოძრაობის" ელიტის ჯიბეებში. ჩემი მინისტრობის  დროს რომ თანხები იხარჯებოდა, ეს იმასთან არაფერია. მაშინ საბიუჯეტო თანხების მოპარვა, ფაქტობრივად, არ ხდებოდა, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ არსებობდა. თანხები ბიუჯეტს გარეთ ნაწილდებოდა. ამათ ყველაფერი ბიუჯეტში მოაქციეს და კორუფციას ნახევრად ლეგალური სახე მისცეს.

თუ იძუნწებენ და ამ ფულს არ დახარჯავენ „ნაციონალური მოძრაობა" მალე დაიშლება. თუ ფულს დახარჯავენ, შანსი ექნებათ, ცოტა ხანს, კიდევ იბოგინონ პოლიტიკურ არენაზე. 


- მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, თუნდაც ამ ფულის მოპარვისთვის პასუხი მოსთხოვოს?!

- სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება მათ, ამ ფულის გამო, არ ედავება, რაც  მაოცებს, მეტიც, მაშფოთებს. გახსოვთ, სააკაშვილმა პოლიტიკური აღზევება სახლების სურათების ფრიალით დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება მათი სახლების სურათებს რატომ არ აფრიალებს?! არადა, ყველამ იცის, ვის რა სახლი და ბიზნესი აქვს. მართალია, ზოგი ჭკვიანი აღმოჩნდა და ქონება საზღვარგარეთ  გაიტანა, მაგრამ ამ ცხრა თვის განმავლობაში, მათი მოძიებაც არ უნდა ყოფილიყო რთული. ფაქტია, ელიტარული კორუფციის გამოძიების თვალსაზრისით, ახალ ხელისუფლებას ჯერ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მე თუ მკითხავთ, ვანო მერაბიშვილს პირველ რიგში, იმაზე კი არ უნდა მოსთხოვონ პასუხი, რასაც ახლა ედავებიან, არამედ, პასუხი უნდა აგებინონ იმ უკანონო მოსმენებისთვის და ფარული გადაღებებისთვის, რაც მის სამინისტროში ხდებოდა.  მერაბიშვილის ნებართვის გარეშე,  ცალკეული ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფებები ამგვარ ჩანაწერებს ვერ გააკეთებდნენ.


- გამოდის, რომ ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ ნაბიჯებს უწუნებთ?

- „ოცნების" დღევანდელ საქმიანობას დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი.

მინდა აღვნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მივესალმები.  არ ვთლი, რომ იგი პასუხისმგებლობას გაურბის. მან თავისი მისია შეასრულა - „ნაციონალები" ხელისუფლებას მოაშორა! იგი, ამჟამად, პოლიტიკაში  ყოფნით,  დისბალანსს ქმნის. მასზე აქვს ყველას აქცენტი გაკეთებული. ივანიშვილი რომ გვერდით გაიწევა, რეალური პოლიტიკური ძალები გამოჩნდება, ვისაც ხალხი  მხარს დაუჭერს. 


მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016