უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მის გუნდსა და შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელ გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც უკრაინელმა დეპუტატმა „კვირის პალიტრასთან" აღნიშნა, შესაბამისი მტკიცებულებები უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე წარუდგინა და შესაბამისი ორგანოებისგან სამართლებრივ რეაგირებასაც უახლოეს კვირაში ელოდება:
„არცთუ დიდი ხნის წინ, ოდესაში, ბიზნესმენებმა, მეომართა რეაბილიტაციისთვის საქველმოქმედო ფონდი შექმნეს. ფონდში ჩარიცხული თანხა ომში დაჭრილთა რეაბილიტაციას, პროთეზების შეძენასა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ბინის შეძენას უნდა მოხმარებოდა. ფინანსების შეგროვება საქართველოს ყოფილმა კონსულმა, თეიმურაზ ნიშნიანიძემ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ფონდის დირექტორად დაინიშნა. საბოლოოდ, მეომართა თანხები სულ სხვა მიმართულებით გადამისამართდა - დღემდე ფონდი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურება.
ქართველების ეს ბანდა უკრაინაში გასტროლებზეა ჩამოსული და საქართველოში არჩევნებისთვის ფულს აგროვებს. „მიხო სასწაულმოქმედს" უკრაინიდან წასვლა მალე მოუწევს, ჩვენ კი რა დაგვრჩება? გაფლანგული ფული, კორუფციული გარიგებები და სირცხვილი, რომელსაც უკრაინის მმართველ გუნდს მიაწერენ. ბრალდებების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს, საბანკო ამონაწერებით და ამას თავად სააკაშვილიც არ უარყოფს. ყველაფერთან ერთად, თეიმურაზ ნიშნიანიძე ბიზნესმენებს ატერორებს და ფონდში მილიონების ჩარიცხვას აიძულებს. საერთოდ, ბიზნესის დატერორების სქემა უკრაინაში „მიშკა იაპონჩიკმა" დაამკვიდრა, რასაც „მიშკა ქართველი" წარმატებით აგრძელებს. რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა, უკრაინაშიც ანალოგიური მეორდება. თანაც ოდესაში ძალოვან უწყებებს სააკაშვილი მართავს, ბიზნესმენებმა ვისთან უნდა დაიჩივლონ? ვინც მათ წესებს არ დაემორჩილა, ოფისში შეუცვივდნენ და ბიზნესი ძალადობრივად წაართვეს.
მომავალ კვირაში ანტიკორუფციული სამსახურისგან კონკრეტულ პასუხს ველოდები. კიევის პოლიტიკურ ელიტაში ყველაფერი იციან. უკრაინის რადაში უკვე დიდი ხანია იციან, რომ სააკაშვილი მხოლოდ ტელევიზორში ბაქიბუქობს და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯს ირგებს, რეალურად კი, ყველაზე დიდ კორუფციონერად თავად ჩამოყალიბდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, მაგრამ მისი ზღაპრები მალე საპნის ბუშტივით გასკდება."- აცხადებს გოლუბოვი.