reportiori.ge - ბრაზილია ჯერ შორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:40
სპორტი
ბრაზილია ჯერ შორია
16 ნოემბერი, 2013. 13:40

15 ოქტომბერს, ევროპის ოთხ ქალაქში, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა პირველი საპლეიოფო შეხვედრები გაიმართა.

რეიკიავიკში ყოვლად უსახური თამაში ასევე დასრულდა. მასპინძლებს 50-ე წუთზე სკულასონი გაუძევეს. ბალკანელები ბევრს ეცადნენ, შეხვედრის ბოლოსკენ თავდასხმის მთელი ხაზი შეცვალეს, ერთხელ ანტე რებიჩს შანსიც მიეცა, მაგრამ საბოლოოდ 0:0.  ბერძნებმა რუმინეთს უმასპინძლეს, 3:1 მოუგეს და ბრაზილიისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგეს. აქ ორი გოლი მიტროღლუმ გაიტანა, ერთიც სალპინგიდისმა. რუმინელთა მხრიდან თავი სტანჩუმ გამოიჩინა.

ამ ოთხი, რბილად რომ ვთქვა, უნიათო ნაკრებიდან ორი მსოფლიოზე გაემგზავრება, თუმცა მეორე ოთხეულიდან ნებისმიერს რომ შეხვედროდნენ ბრაზილიას ისე ვერ იხილავდნენ, როგორც საკუთარ ყურებს. ბრმა კენჭისყრამ ასე ინება და ოთხივე ძლიერი ერთმანეთს შეახვედრა.

ლისაბონში, შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, უფრო მწვავედ მასპინძლები უტევდნენ და ბოლოსკენ დამსახურებულადაც გაიტანეს; თავი, რა თქმა უნდა, კრისტიანო რონალდომ გამოიჩინა: ფლანგიდან ჩაწოდებულს ვარდნაში თავი დაუხვედრა და ლამაზი გოლით პორტუგალიას მოაგებინა. შვედების „ჯოკერი" იბრაჰიმოვიჩი უფრო იმით გამოირჩა, რომ მცველებს აქტიურად ეხმარებოდა სტანდარტულობის დროს. აქ ყველაფერი 19-ში გაირკვევა; არ მგონია შვედები ასე იოლად დანებდნენ.

ბოლო, მეოთხე შეხვედრა კიევში ჩატარდა. ფრანგების დამრიგებელი დიდიე დეშამი მატჩის დაწყებამდე აცხადებდა აქ მოსაგებად ჩამოვედითო, თუმცა ის, რაც მისმა გუნდმა აჩვენა, უკრაინელთა დასაჯაბნად საკმარისი ნამდვილად არ იყო. მთელი შეხვედრის მანძილზე, მასპინძლები, მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, ბევრს უტევდნენ, თავს კარგად იცავდნენ და შედეგიც შესაბამისი მიიღეს: ზოზულიამ და იარმოლენკომ საბოლოო 2:0 დააფიქსირეს. საკმარისი იქნება თუ არა ეს ანგარიში ბრაზილიაში მოსახვედრად, ძნელი სათქმელია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ორივე გუნდი იმსახურებს.

აქვე ორიოდ სიტყვით საქართველოს ნაკრებზეც მოგახსენებთ. უკვე კარგა ხანია პრესაში თუ ტელევიზიებით ჩვენი გუნდის დამრიგებლის არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის. აგერ ფედერაციის პრეზიდენტსაც ჰქონია თურმე მასთან კითხვები, თავად ბატონი ქეცბაია კი ძალიან მოუცლელია და ყველა ელოდება როდის ინებებს თბილისში ჩამობრძანებას. ჩემი აზრით, ასეთი მოგზაური მწვრთნელები საქართველოს ნაკრებს ვერაფერს არგებენ, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის აღორძინებას ადგილზე შრომა სჭირდება, არა ხამუშ-ხამუშ, არამედ ყოველწუთიერი. წლებია ყველა მწვრთნელი თავის ჭკუაზე იწყებდა გუნდის შენებას და მერე შუაგზაზე გახიდულს გვიტოვებდა. ნუთუ ასე ძნელია ერთი კვალიფიცირებული მწვრთნელის მოძებნა, რომელსაც არა ვარსკვლავების მოწყვეტა, არამედ ნორმალური, სტაბილური გუნდის აწყობა შეეძლება?!. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016