თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი) გაიმართება რობერტ ბარძიმაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. მუზეუმის უკვდავთა ბაღში დაიდგმება რობერტ ბარძიმაშვილის ბიუსტი, გაიმართება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომის პრეზენტაცია (ალბომს ერთვის CD). რობერტ ბარძიმაშვილს გაიხსენებენ მისი მეგობრები, ცნობილი მუსიკოსები, ეკრანზე ნაჩვენები იქნება უნიკალური ვიდეო და ფოტომასალა.
ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი (ხელმძღვანელი ი. ლობჟანიძე), დიზაინი ეკუთვნის კახა ბახტაძეს, იდეის ავტორი და საღამოს წამყვანი გახლავთ ნია ბახტაძე.
განუზომლად დიდია საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, რობერტ ბარძიმაშვილის ღვაწლი ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ქართული ესტრადის ისტორიაში რობერტ ბარძიმაშვილმა სიახლეებით დაიმკვიდრა თავი. უნიჭიერესი მუსიკოსი, ნოვატორი, პირველი ქართველი მენეჯერი,არა მარტო საქართველოში,არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. მის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მაღალმხატვრული საესტრადო ანსამბლის დაარსება. მათ შორის ვოკალურ - ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა", ანსამბლები „ვია 75", „ჯორჯია", ჯგუფი „ბარძიმი" და საბავშვო ანსამბლი „ლახტი". რობერტ ბარძიმაშვილი ინტერესების ძალზედ ფართო სპექტრს ფლობდა. მას ჰქონდა საოცარი ინტუიცია და დროის შეგრძნება. მან აღმოაჩინა და გზა გაუკვალა შემდგომში უკვე საყოველთაოდ ცნობილ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს.
1958 წელს უცხო ენათა ინსტიტუტში რ. ბარძიმაშვილმა ჩამოაყალიბა ანსამბლი „ორერა". თუმცა, მისი ოფიციალურ შექმნის თარიღად 1961 წელია მიჩნეული. იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.მათ წარმატებული გასტროლები ჰქონდათ და მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტი შემოიარეს. 1964 წელს „ორერა" ლონდონის სახელგანთქმულ დარბაზებში „როიალ ალბერტ ჰოლსა" და „ფალადიუმში" მართავდა კონცერტებს. ანსამბლმა სრულიად დაამსხვრია საბჭოთა სტერეოტიპები. მისი შოუ-პროგრამები არა მხოლოდ მუსიკალურად იყო განსაკუთრებული და ახალი, არამედ ანსამბლის წევრების დახვეწილი და ლაღი მანერა, მოდური ჩაცმულობა, შოუს ელემენტები, უცხო ენაზე შესრულებული სიმღერები სრულიად ახალი სიტყვა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის საესტრადო ხელოვნებაში. პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს უამრავი მიმდევარი გაუჩნდა.
„ორერამ" სათავე დაუდო ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის განვითარებას ქართულ საეტრადო ხელოვნებაში. რ. ბარძიმაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ანსამბლის ქართულ რეპერტუარს. „ორერასთვის" სპეციალურად ქმნიდნენ სიმღერებს სახელოვანი კომპოზიტორები: გ. ცაბაძე, შ.მილორავა, ს.ცინცაძე, რ.ლაღიძე, ვ.აზარაშვილი და სხვები. მდიდარი ქართული მრავალხმიანობის ტრადიციების შერწყმამ თანამედროვე მუსიკალურ ენასთან, ანსამბლის სტილი და ხელწერა უნიკალურად აქცია.
„ორერა" ყოველ წელს ახალ პროგრამას ამზადებდა. ანსამბლის წევრებს პოპულარული მხატვრული ფილმების გასახმოვანებლადაც იწვევდნენ (ფილმები „წარსული ზაფხული", „თოჯინები იცინიან", „რაც გინახავს ვეღარ ნახავ" და სხვა). 1968 წელს საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორმა ზაალ კაკაბაძემ გადაიღო ფილმი „ორერა სრული სვლით", რომლის სცენარიც ეკუთვნის რ.ბარძიმაშვილს და ა. გელოვანს. ამ ფილმს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. რობერტ ბარძიმაშვილის ინიციატივით გადაიღეს პირველი მუსიკალური კლიპი „მეფუნთუშე გოგონა", რომელიც ასევე ინოვაცია იყო.
1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა დააარსა „ვია 75". მან შემოიკრიბა ნიჭიერი ახლგაზრდები, პროფესიონალები, მათი უმრავლესობა კონსერვატორიის სტუდენტები იყვნენ და შექმნა სტილისტურად სრულიად განსხვავებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. რობერტ ბარძიმაშვილის ძიება უსასრულო იყო და ყოველთვის სიახლე შემოჰქონდა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში. მან „ვია 75"-ის რეპერტუარში შემოიტანა უცნობ ავტორთა სიმღერები, რომლებიც შემდგომში ცნობილი კომპოზიტორები გახდნენ (ვაჟა დურგლიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე). მათ შორის იყო ახალგაზრდა იოსებ ბარდანაშვილი, რომელმაც 1977 წელს შექმნა პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა" (რეჟისორი რობერტ სტურუა, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი). ამ სპექტაკლმა სცენაზე სამი წელი იცოცხლა.
1979 წელს ანსამბლი „ვია 75" გამოვიდა ქ. იალტაში, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სიმღერების I საკავშირო კონკურსზე და ლაურეატის წოდება მიიღო.
1985-1992 წლებში რობერტ ბარძიმაშვილი სათავეში ედგა ანსამბლ „ჯორჯიას". სიცოცხლის ბოლო წლები მან პედაგოგიურ მოღვაწეობას მიუძღვნა და დაარსა საკუთარი სტუდია „ლახტი", სადაც აღიზარდნენ ლევან ლაზარიშვილი, დათო ოძელაშვილი, დათო ხუჯაძე და სხვები. ეს სტუდია დღესაც განაგრძობს მის დაწყებულ საქმეს და ათეულობით ნიჭიერი ბავშვი ეუფლება სასიმღერო ხელოვნებას.