reportiori.ge - იაცენიუკი და სააკაშვილი გავლენებს ვერ იყოფენ - რით დასრულდება პოლიტიკური ომი უკრაინაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:32
მთავარი თემა
იაცენიუკი და სააკაშვილი გავლენებს ვერ იყოფენ - რით დასრულდება პოლიტიკური ომი უკრაინაში?
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 03:30

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. კულუარულმა ბრძოლამ უკვე საჯარო სივრცეში გადაინაცვლა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ იაცენიუკის გუნდის წევრმა, უკრაინის შს მინისტრმა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა და „გასტროლიორი" უწოდა... უკრაინის პრეზიდენტმა ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა, თუმცა, როგორც იტყვიან, პეტრე პოროშენკომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, ვის მხარეს დაიჭერს უკრაინის პირველი პირი იაცენიუკ-სააკაშვილის დაპირისპირებაში და ვისი მარცხით დასრულდება ახალი პოლიტიკური ომი უკრაინაში.


უკრაინის რადას იაცენიუკის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლია. თუმცა დღევანდელი მოცემულობით, პოროშენკოს გუნდს ახალი პრემიერის დამტკიცებისთვის ხმები არ ეყოფა. შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურა დღის წესრიგში, სავარაუდოდ, არ დადგება, პოროშენკოს მიერ უკრაინის მთავარ რეფორატორად მიწვეული სააკაშვილის გადაყენება კი, ცხადია, პრეზიდენტის იმიჯს დაარტყამს, გარდა ამისა, მთავრობისა და პრეზიდენტის გუნდებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.


მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, პოროშენკო ჩიხშია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაცენიუკ-სააკაშვილს შორის გავლენების გადანაწილება ამით არ დასრულდება და მალე ერთ-ერთ მათგანს თანამდებობას დაატოვებინებენ. მართალია, უკრაინაში ამ დროისთვის სააკაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსენი იაცენიუკის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის უკან უკრაინის ერთ-ერთი გავლენიანი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დგას, თავისი ფინანსური და საინფორმაციო რესურსით.


სხვათა შორის, უკრაინულ ინტერნეტპორტალზე, რომელიც სწორედ კოლომოისკის სახელთან დააკავშირეს, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სააკაშვილის გუნდის წევრების ფარული სატელეფონო საუბრები... კერძოდ, ჩანაწერი ასახავს მურთაზ ზოდელავასა და გიორგი ვაშაძის დიალოგს, საიდანაც ირკვევა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოსან მკაცრ საუბარს და ოპოზიციაში გადასვლით მის დაშანტაჟებას გეგმავს.


რა ბედი ელის სააკაშვილს უკრაინაში? გადაინაცვლებს თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში?  ამ თემაზე „პრაიმტაიმმა" შეფასება სთხოვა ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს. ის მიიჩნევს, რომ ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაშიც სააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს.


სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: - სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა საკუთარი გარემოცვის შესახებ, რომელმაც პრაქტიკულად დააკარგვინა ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა და სამწუხაროდ, კვლავ ამ ადამიანებით სულდგმულობს უკრაინაში. არადა, ეს ის ხალხია, ვინც სახელი გაუტეხა საკუთარ ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ ის არ გაემიჯნა ოდესის საზღვაო პორტთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიანიშნებს არცთუ ჯანსაღ ლტოლვაზე ამ პორტის მიმართ, როგორც უაღრესად პოპულარულ შავ ხვრელზე ნარკობიზნესისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის. საბოლოოდ მივიღეთ ის, რისი პროგნოზირებაც რთული არ იყო - უკრაინის პოლიტიკურ წრეებში მის მიმართ გაღიზიანება ელვის სისწრაფით იზრდება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილოა უკრაინაში სააკაშვილის მოღვაწეობით, თავად არიან ანგელოზთა დასის წარმომადგენლები, მაგრამ მიშას შემთხვევაში საქმე ურფო რთულადაა. დარწმუნებული ვარ, მის გარემოცვაში მყოფი ქართველი ჩინოვნიკები ასევე ნეგატიურ გავლენებს აღძრავენ უკრაინულ საზოგადოებაში.


- როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება? ვინ მოიგებს პოლიტიკურ ომს?

 

- სავარაუდოდ, სააკაშვილი წავა პოსტიდან, თუმცა ეს არ იქნება მისი პირადი სურვილი. გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის უკრაინის პრეზიდენტს. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის თემა პოროშენკოს ბრიუსელშიც დახვდეს განსახილველად. არ არის შორს უკრაინის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ოდესის გუბერნატორის გამო შეიძლება უსიამოვნება პირადად პოროშენკოსაც შეხვდეს. მოგზაურობის მოყვარული სააკაშვილისთვის ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა  პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გულდასაწყვეტი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ვიგინდარას, ისე გააძევებენ უკრაინიდან. ამის მოწოდებები უკვე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ვურჩევდი, რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს".


- ამბობენ, რომ შესაძლოა, ის უკრაინის ოპოზიციაში ვიხილოთ... როგორ წარმოგიდგენიათ ეს სცენარი?

 

- უკრაინაში რაიმეს პროგნოზირება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში. გული მწყდება, რომ სააკაშვილმა საქართველოშიც და უკრაინაშიც თავი შეირცხვინა, არადა, მას 10 წლის წინათ ჰქონდა საშუალება, სულ სხვაგვარად აეწყო პოლიტიკური მომავალი. მახსენდება ცნობილი გამონათქვამი - ადამიანი პოლიტიკაში შედის ბრწყინვალე მომავლით და მას ტოვებს საშინელი წარსულით. ალბათ, დადგა დრო ამ გამონათქვამის აღსრულებისა თავად სააკაშვილისთვისაც.


- თქვენ ახსენეთ სააკაშვილის გუნდი... რა პრობლემებს ხედავთ დღეს ამ გუნდში?

 

- 2004 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან დაახლოებით ერთ კვირაში, მიშამ მიმიწვია ვახშამზე. ჩვენ ორმა ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. მან მკითხა, ხომ არაფერი გაქვს სათქმელი რჩევის ან თხოვნის სახითო. მე ვუთხარი: არ დაიჯერო, 97-პროცენტიანი მხარდაჭერის შედეგი რომელიმე პოლიტიკური გუნდის მახასიათებელი იყოს-მეთქი, ეს არის ეგზალტირებული ქართული გენი, რომელიც რეაგირებს ემოციურ ცნობად სახეზე და მომავალზე ოცნებობს. ამიტომ არ ჩათვალო, რომ შენს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ვინმესთან ვალდებულება გაქვს და არ გაიმეორო იგივე შეცდომა, რაც შენმა ორმა წინამორბედმა პრეზიდენტმა დაუშვა, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური შლეიფის გამო დროზე ადრე დაასრულეს პრეზიდენტობის კარიერა-მეთქი. მისი პასუხი ჩემთვის გამაოგნებელი იყო: მართალი ბრძანდებით, ბატონო სოსო, მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ, რა ხალხი მყავს „ნაციონალურ მოძრაობაში", ყველას რომ არ მივუჩინო ადგილი და არ მოვუარო, ამ ქვეყანაში არ დამედგომებაო. ამ პასუხის შემდეგ თითქმის ორი წელი შორიდან ვადევნებდი თვალყურს მის სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, მებრალებოდა, რადგან მას არანაირი ილუზია არ ჰქონდა საკუთარ გუნდთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ბოროტმა სძლია კეთილსა. ის შეურიგდა იმ რეალობას, რომელიც მისმა ფავორიტებმა მოაწონეს. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ახალბედა პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მარცხის დასაწყისი.


- უკრაინაში სააკაშვილს აქტიურად ებრძვის ოლიგარქი იგორ კოლომოისკიც...

 

- მე არ მაქვს ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ერთადერთი მილიარდერისთვის მაქვს ხელი ჩამორთმეული. სხვებს არ ვიცნობ და არც ვნაღვლობ. ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, კოლომოისკი თუ არა, სხვა გამოჩნდებოდა. ქართულ და უკრაინულ ცნობიერებებში არის განსხვავებები, რაც არ გაითვალისწინა სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრების საკმაოდ სერიოზული ეტაპი აქვს გავლილი. მან საკუთარი პრობლემების არსი უნდა ეძებოს არა კოლომოისკში ან სადმე სხვაგან, არამედ საკუთარ გუნდში, რომელიც ახლა უკვე უკრაინაში უმშვენებს გვერდს. რას ვიზამთ, ეს არის სააკაშვილის არჩევანი. ესენი არიან მისი ფავორიტები. გვარებსა და სახელებს აზრი არ აქვს, მთავარია შედეგი, რომელიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც სასიხარულო, თუნდაც სააკაშვილზე გაბოროტებული ჩვენი თანამემამულეებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მისი სახით მთელი ქვეყანაა წარმოჩენილი ნეგატიური კუთხით.

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"





 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016