reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: 2016 წელს ძალთა დიდი გადაჯგუფება მოსალოდნელი არ არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:51
ინტერვიუ
დემურ გიორხელიძე: 2016 წელს ძალთა დიდი გადაჯგუფება მოსალოდნელი არ არის!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 14:25


ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაცია ახალი მიგრაციის საფუძველი გახდება. ამის შესახებ ;tbej გიორხელიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- თავისთავად ცხადია, რომ დალაგებული, აწყობილი ქვეყნისთვის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა სიკეთეა, როდესაც ადამიანებს დასვენების მიზნით შეუძლიათ, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოძრაონ. მაგრამ, როდესაც ტოტალური უმუშევრობა გაქვს, როდესაც მიგრაცია უზარმაზარია, მაშინ ვიზა-ლიბერალიზაცია კვლავ ახალი, დიდი მიგრაციის საფუძველი გახდება. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციით უმუშევრობის დონე შემცირდება, ძალიან ცდება. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ხალხი წავა ევროპაში და დასაქმდება. ევროპაში ამდენი ადამიანი ვერ დასაქმდება. ამიტომ, სიკეთე, რომელიც არის განვითარებული ქვეყნისთვის, სულაც არ წარმოადგენს სიკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

- ცოტა ხნის წინ თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვიდა. რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია აღნიშნულ ფაქტს ქართულ ეკონომიკაზე?


- რაც უფრო მეტი მატარებელი შემოვა, თავისთავად ეს კარგია. მაგრამ არის საუბრები, რომ აღდგა „აბრეშუმის გზა". ისტორიულად „აბრეშუმის გზა" საქართველოში არასდროს ყოფილა. თავისთავად, ჩინეთთან ურთიერთობა ცუდი არ არის. თუმცა, ერთმანეთთან შეხებაში მოდის ორი აბსოლუტურად არათანაზომადი ქვეყანა - ჩინეთი და საქართველო. არა მგონია, ეს ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დადებითი ფაქტორი გახლდეთ ან რაიმე სტიმული იყოს ქართველი მეწარმეებისთვის. ქართველი მეწარმეებისთვის სტიმულს სახელმწიფო პოლიტიკა ქმნის, რომელიც ქვეყანაში თავისუფალ მეწარმეობას და მის შესაბამის სოციალურ ინფრასტრუქტურას აგებს. სოციალური ინფრასტრუქტურა დღეს აგებულია ქონების გადანაწილებაზე და არა მეწარმეობასა და სიმდიდრის დაგროვებაზე. ამიტომ, ძალიან ბევრი ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. სამწუხაროდ, ჩინეთიდან მატარებლის შემოსვლა მეორეხარისხოვანია. 10 მატარებელი რომ შემოვიდეს ყოველდღე, რაღაც შემოსავლის მომტანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ეს არ გვიხსნის უმუშევრობას. ჩინური მატარებელი ვერ გააჩენს სამუშაო ადგილებს. თუ გააჩენს, ეს იქნება უმნიშვნელო რაოდენობა.


ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ მსგავს რაღაცეებზე ავაგოთ ჩვენი მომავალი. უამრავი პრობლემაა ხელუხლებელი. საგარეო ფაქტორები უარესდება და კიდევ უფრო უარესი იქნება მომავალ წელს.


- რას გულისხმობთ?


- დაძაბულობა რომ მოხდება ახლო აღმოსავლეთში და სირიაში, ყველა ვხვდებით. ეს გარდაუვალია. მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები არ მიდიან შეთანხმებაზე. ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოზე" გლობალური პრობლემა არსებობს - საზღვრები. იქ უნდა გაივლოს საზღვრები, როგორც ევროპაშია. ამას მხოლოდ მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ერთიანი ნება განსაზღვრავს და არა რომელიმე ქვეყანა. მიდის ფარული დაპირისპირება, მიდის ცივი ომი. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი, არავინ იცის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო სცენარი იქნება მინიმალური დაპირისპირება, რომ ეს არ გადაიზარდოს გლობალურ დაპირისპირებაში. თუმცა, არც ეს არის გამორიცხული. რადგან, აქ თამაშია ერთმანეთის განადგურებაზე, არ არის საუბარი თანამშრომლობაზე. როგორც წესი, ასეთი დაპირისპირებების დროს, სიტუაცია კრიზისიდან მხოლოდ ომის შემდეგ გამოდის. დიდი იმედი უნდა გვქონდეს, რომ გონიერება გაიმარჯვებს. თუმცა, თუ გადახედავთ მსოფლიო პრესას, გონიერებას ვერ იპოვით. ასე რომ, საქართველოსთვის 2016 წელს კარგს ვერაფერს ვხედავ.

 

- 2016 წლის ბიუჯეტს როგორ აფასებთ და რა მოლოდინები გაქვთ ლარის კურსთან მიმართებაში?


- სოციალური და ეკონომიკური ფონი ჩვენს ქვეყანაში არის უმძიმესი. 2016 წლის ბიუჯეტი, დოლარებში გამოსახული, უფრო ნაკლებია, ვიდრე 2015 წლის ბიუჯეტი იყო. არადა, თითქოს 200 მლნ ლარით არის გაზრდილი. იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, ნაკლებმა ბიუჯეტმა როგორ უნდა შეძლოს იმის გაკეთება, რაც გაკეთდა 2015 წელს? 2015 წლის ბიუჯეტითაც კი მიზერული შედეგი გვაქვს.


ლარის მომავალი ჯერჯერობით არასტაბილურია. ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს ამას. ერთია საგარეო ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და კიდევ ვიმეორებ, არაფერი სახეირო ლარისთვის საგარეო ფაქტორებში არ იქნება. ნავთობის ფასები ეცემა, დოლარი მყარდება სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ნავთობის ფასებთან დაკავშირებული ომი ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. მოიშალა ე.წ. ოპეკი, იქ ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ. ვერ მოხდა ნავთობის კვოტებზე შეთანხმება, არ მოიკლო დღიურმა წარმოებამ. პირიქით, საუდის არაბეთი ართულებს სიტუაციას და გამოდევნის თამაშს თამაშობს. სხვის კვოტებზე იჭრება თავისი იაფფასიანი ნავთობით. თუმცა, არა მგონია, რომ მას ეს ყველაფერი იოლად გაუვიდეს, რადგან საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკის პრობლემები კიდევ უფრო გართულდება. საგარეო ფაქტორებში გაუმჯობესება არ მოხდება. რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირში სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთესი არ იქნება. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმყოფებიან, ვერაფერს გადმორიცხავენ საქართველოში.


საშინაო პოლიტიკამ უნდა ჩაანაცვლოს ცუდი საგარეო პოლიტიკა. არსებული რესურსების განვითარებასა და წარმოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. არა ისე, როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები ხორციელდება. 2016 წელი უნდა იყოს საკუთარი წარმოების გაძლიერების წელი.


- როგორ აფასებთ საარჩევნო გარემოს და ელოდებით თუ არა 2016 წლის არჩევნებზე ხელისუფლებაში სერიოზულ ცვლილებებს?


- 2016 წელს ძალთა დიდი გადაჯგუფება მოსალოდნელი არაა. შეიძლება რამდენიმე ჯგუფი დაემატოს. ახლა ორი „მესია" გაჩნდა - ერთი მომღერალი და ერთი უკრაინელი მილიონერი, რომელიც ქვეყნის აღორძინებაზე საუბრობს. 25-წლიანი გამოცდილების მერე ადამიანებს მხსნელის, ბელადის და მარჩენალის შესახებ ილუზიები აღარ უნდა ჰქონდეთ. ადამიანებს სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი აქტიურობა და ფიქრი. 2020 წლისთვის უფრო სხვა შედეგებია მოსალოდნელი. სხვა გააქტიურება იქნება საზოგადოებაში. ამიტომ, ცვლილებას 2020 წლისთვის უფრო ველი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016