reportiori.ge - ლევან მამალაძე ბიძინა ივანიშვილს: უნდა ჩაერიოთ კვლავ პოლიტიკაში, ახლა ამის დროა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:41
ინტერვიუ
ლევან მამალაძე ბიძინა ივანიშვილს: უნდა ჩაერიოთ კვლავ პოლიტიკაში, ახლა ამის დროა!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 16:46


ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე პოლიტპატიმართა სიიდან მისი ამოღების ფაქტს, ერთი მხრივ, ფინანსურ გარიგებაზე უარის თქმით და მეორე მხრივ, თინა ხიდაშელის ფაქტორით ხსნის. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი მისამართით ეკა ბესელიას გარემოცვიდან ხორციელდებოდა შეთავაზებები და არსებობდა გარკვეული მატერიალური დაინტერესება. მამალაძის თქმით, იგი არ დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას, არ გაურიგდა არავის და სწორედ ამიტომ ამოიღეს მისი გვარი პოლიტდევნილთა სიიდან. მამალაძე აქვე განმარტავს, რომ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი თინა ხიდაშელი პირადად იყო ჩართული მისი გვარის სიიდან ამოღებაში და ამ მიზნით, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.


რა პრეტენზიები აქვს ლევან მამალაძეს დღევანდელ ხელისუფლებასთან და რა შეთავაზებით მიმართავს იგი ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ მამალაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ჩემი ეჭვები, რომლებიც არსებობდა იმ სიბინძურეზე, რაც ეკა ბესელიას კომისიაში, შეწყალების თემატიკაში და პროკურატურაში არსებობს, ალეკო ელისაშვილის მიერ წამოჭრილმა საკითხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


ჩემი პრობლემა იყოფა სამ ნაწილად, ეს არის საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტპატიმრებთან და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პროცედურები და პროკურატურაში არსებული დანაშაულების მიჩქმალვა. ჩემი მაგალითი არის პოლიტიკური რეპრესირებისა და პოლიტიკური დევნილობის კლასიკური შემთხვევა. სააკაშვილს რომ ჩემი მოკვლა სურდა, ეს დადასტურებული ფაქტია. ეს შეიძლება, გია ბარამიძემაც დაადასტუროს. ამ გარემოებისთვის პროკურატურას ყურადღება არ მიუქცევია.


2012 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი რომ მოვიდა, ძალიან დიდი იმედები გაჩნდა და ყველა ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. ბესელიამ შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა  პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სია. ჰელსინკის უფლებადამცავმა ორგანიზაციამ ჩემი გვარი წარადგინა საპარლამენტო კომისიაში. იქ რაიმე პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჩემს საკითხზე კითხვები არ იყო. ჩემს საქმეში სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ამ სიიდან ჩემი გვარი ამოიღეს.


2012 წელს განხილვები მიმდინარეობდა, ერთ-ერთ განხილვას, სადაც არასამთავრობო როგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას, ესწრებოდა ჩემი მეუღლე. იქ რაიმე პრეტენზია ჩემს საქმესთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. მაგრამ ამას მოჰყვა გარკვეული მინიშნებები. იყო საუბრები გარკვეულ მატერიალურ დაინტერესებაზე. ეკა ბესელიას ახლობელმა პიროვნებამ გააჟღერა ეს ინფორმაცია. მე არ ავყევი ამ თამაშს. არავისთან გარიგებას არ ვაპირებდი. ამის შემდეგ სიიდან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ამომშალეს.


როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელი ერეოდა პირადად ამ საქმეში. როგორც კი დაინახეს, რომ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს საკითხი. თინა ხიდაშელი დადიოდა ხელმძღვანელობასთან და ამის შემდეგ ამომშალეს სიიდან. ასეთი ინფორმაციაც მომაწოდეს, რომ ხიდაშელი იყო მისული ივანიშვილთან, ელაპარაკა ჩემზე მხოლოდ ცუდი და დააფიქსირა, რომ ჩემი სიაში შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან მე ჩამოვიდოდი საქართველოში და პოლიტიკურ პროცესებში ხელს შევუშლიდი.


- მეორე სიაზე თუ იყო საუბარი და მოიაზრებოდით თუ არა ამ სიაში?


- როცა პასუხი ვერ მივიღე სიიდან ჩემი ამოღების მიზეზების შესახებ, მითხრეს, რომ მეორე სია შედგებოდა. 34-მა პარლამენტარმა მოაწერა ხელი ბესელიას სახელზე შედგენილ განცხადებას, რომ განეხილა ეს საკითხი და ჩამოეყალიბებინა არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ამომშალეს სიიდან. ასევე დასვეს კითხვა, თუ რას აპირებდნენ მომავალში. რაღაც მეორე სიაზე საუბარი იყო ადამიანების მოტყუება. სინამდვილეში, ბესელიამ ეს ხელმოწერები, რომელიც პირადად ბატონმა გოგი ქავთარაძემ გადასცა, გააქრო. ბესელიამ თანამდებობა გამოიყენა, რომ ჩემი საქმე წაეშალა ამ განხილვებიდან.


- პრეზიდენტთან თუ გქონიათ საუბარი თქვენს საქმეზე?


- მოვამზადეთ უამრავი მასალა, სადაც დასაბუთებული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა და ეს პაკეტი გადაეცა მარგველაშვილს. წინასწარ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ, ამიტომ ჩვენმა მხარდამჭერებმა 1200-კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რომ მას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მან არც კი განიხილა ეს საკითხი. კანონიც დაარღვია, ვინაიდან ერთი თვის ვადაში პასუხი არ გაგვცა. შემდეგ მე მოვიპოვე მისი ტელეფონის ნომერი და დავურეკე, ვუთხარი: გიორგი, ლევანი ვარ, მამალაძე, მითხარი, რა ხდება შეწყალებასთან დაკავშირებით-მეთქი. მან ოფიციალური ტონით მიპასუხა - იცით რა, მე ვიხილავ მხოლოდ პატიმრების საკითხსო. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პატიმრების საკითხს განიხილავს, არამედ წერია, რომ მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს. მარგველაშვილმა მითხრა, შენი საკითხი პოლიტიკურია და მე ამ პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ჩავერთვებიო. რაზეც ვუპასუხე, თუ თვითონ ამბობ და აღიარებ, რომ პოლიტიკურია, რა გამოდის, შენ შეგიძლია, მკვლელი შეიწყალო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი არ შეიწყალო-მეთქი?! ისიც დავუფიქსირე, რომ ჩემი მიზანია, ჩამოვიდე და ღია სასამართლო გავმართო. „არა, მე ამას ვერ ვიზამ, პოლიტიკური საკითხიაო", - განმიცხადა. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ იგი სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშაა, რაზეც მიპასუხა: როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, მე ჩემი პირადი პოზიცია მაქვსო. საუბარი დავამთავრეთ იმით, რომ ვუთხარი, თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ და მოვა დრო, ერთმანეთს გავუსწორებთ თვალს-მეთქი.

 

- ამის შემდეგ რა გზებს მიმართეთ?


- ჩემი საკითხი, პროკურატურის ნაცვლად, ჩვენ გამოვიძიეთ, გამოვკვეთეთ ყველა ნიუანსი, თუ რომელი პროკურორი, გამომძიებელი სჩადიოდა დანაშაულს. გამოვიძიეთ, რომ პროკურორ გრიგალაშვილთან დაკითხვის შედეგად ბიძაჩემი იძულებული გახდა, თავი მოეკლა. მათ მთავარი მოწმეები არ დაჰკითხეს. ეს საქმე მთლიანად შეთითხნეს და ჩემზე შეგნებულად განახორციელეს სისხლისსამართლებრივი დევნა. ჩვენ ეს გამოვიძიეთ, დაკითხვის ოქმები შევადგინეთ და 380-გვერდიანი მასალა ბადაშვილთან შევიტანეთ. ეს მოხდა 2015 წლის დასაწყისში. ჩემს იურისტებს პირდაპირ ეუბნებოდნენ პროკურატურის თანამშრომლები, რომ ზემოდან არ ჰქონდათ დავალება, ეს პოლიტიკური საკითხი გაერკვიათ.


აგერ ელისაშვილმა ერთი პირი დააღო და საქმე აღძრეს, ჩვენ კი გამოძიებული მასალა შევიტანეთ და დღემდე საქმე არ აღუძრავთ. პროკურატურაში მუშაობენ გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც არღვევენ კანონს. მივმართავ ბატონ შოთაძეს, აღძრას ეს საქმე და ნუ იშველიებენ ვიღაცასთან შეთანხმებას.


სამარცხვინოდ მეჩვენება, რომ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ამოფარებული ბესელიები და ხიდაშელები ათას სიბინძურეს სჩადიან. თავიანთი საქციელით ამ კაცს ჩირქს სცხებენ.


- ანუ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ამ საქმეებთან გამორიცხავთ?


- მე ივანიშვილის დამცველი არ ვარ, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ. როცა ადამიანების ბედით ვაჭრობა მიმდინარეობს ქვეყანაში და კანონი არ კანონობს - ეს არის სისტემური კრიზისი. ამიტომ მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - თქვენი სახელით რომ სარგებლობენ, ბატონო ბიძინა, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. მე და თქვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, თქვენ აცხადებთ, რომ ჩამოშორდით საქმეს და თუ საჭირო გახდა, კვლავ ჩაერევით. ახლა ზუსტად ის დროა, როცა უნდა ჩაერიოთ. უნდა ჩაერიოთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენი სახელი გადაარჩინოთ. იმდენი რამ გაქვთ გაკეთებული, ქვეყანას სააკაშვილის საშინელი სინდრომი მოაშორეთ, თქვენი დამსახურებაა ეს, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი სიბინძურისკენ გიბიძგებთ. ეს პიროვნებები თქვენ, კანონის თანახმად, უნდა გადააყენოთ თანამდებობებიდან. უნდა ჩატარდეს გამოძიება კანონის სრული დაცვით და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. თქვენგან ელოდება ყველა, რომ კანონი კანონობდეს. მე არ ვარ თქვენი მოწინააღმდეგე, პირიქით, მინდა, მხარი დაგიჭიროთ და ნამდვილად გული დამწყდება, რომ ამ სისტემურმა კრიზისმა საფრთხე შეგიქმნათ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016