შემოქმედებით საღამოზე, რომელსაც 4 იანვარს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უძღვნის, მთავარი ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია. ღონისძიება იქნება საქველმოქმედო და კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ მოხუცებსა და ბავშვებს.
„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება აღნიშნული ღონისძიება, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს. ღონისძიებას აზღვევს სადაზღვევო კომპანია „არდი". ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 4 იანვარს ფილარმონიაში მისულმა მაყურებელმა ნახოს ის საოცრება, რასაც მომღერლები კომპოზიტორთან ერთად იქ მოსულ მაყურებელს თებერვლის თვიდან უმზადებენ. ღონისძიება არის საქველმოქმედო, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ მოხუცებსა და ბავშვებს. როგორც პატრიარქმა ბრძანა, როცა ამ ადამიანებთან მივალთ, უნდა ვუთხრათ, რომ ისინი გვიყვარს, გვახსოვს და მუდამ ჩვენს გვერდით იქნებიან. ამ ღონისძიებას აქვს ორი დადებითი მხარე, ზეიმი არის არა მხოლოდ პატრიარქის იუბილე, არამედ იმ ხალხის სიხარულიც, როცა ხვდებიან, რომ ისინი ვიღაცას ახსოვს. მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან როცა ქველმოქმედებას აკეთებ, ამაზე არ უნდა ილაპარაკო, თუმცა მინდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ თანხით, რაც 4 იანვარს შემოვა, დამსწრე საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს ამ დიდ საქველმოქმედო საქმიანობაში. პირველად საქართველოში ფილარმონიის სცენაზე გამოყენებული იქნება დაახლოებით 100 კვ.მ-იანი ეკრანი. სცენაზე იქნება საშობაო, საზეიმო განწყობა, 4 იანვარს მთელი საქართველო იზეიმებს ჩვენი უწმინდესის დაბადების დღეს. მადლობა ჩვენს საყვარელ კომპოზიტორს, რომელიც ასეთ ლამაზ საღამოს გვიმზადებს, ეს იქნება ძალიან თბილი საღამო და სახელწოდებაც შესაბამისია - „მიყვარხართ", - ამბობს ოქიტაშვილი „იმედის" „დილის ეთერში".