სპორტული ისტორიები
2011 წელია, გაზეთ „დრონის" მთავარ რედაქტორ ბატონ არჩილ გოგელიას სტუმრები ჰყავს: ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იური ოსიპოვი, ცნობილი იურისტი როლანდ გილიგაშვილი და ვეტერანი კალათბურთელი ილარიონ, იგივე ლარიკა ხაზარაძე. ბატონი არჩილის კაბინეტში მყოფებს დავემატეთ „დრონის" ჟურნალისტები - გოჩა ხუნდაძე, პაატა ნაცვლიშვილი, თეიმურაზ ქორიძე და თქვენი მონა-მორჩილი. საუბარმა ისეთი ხასიათი მიიღო, აშკარა იყო, ფრიად საინტერესო გაგრძელება მოჰყვებოდა და ორიოდ საათში საგურამოსთან ახლოს პატარა სოფელ ჯიღაურაში გოგელიების აგარაკზე უკვე მწვადი შიშხინებდა. ჯიღაურულ თავყრილობას არ აკლდა არაფერი, რაც ასე ამშვენებს ქართულ სუფრას და ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მინდა, მხოლოდ ერთი ეპიზოდი გავიხსენო. ლარიკას (თავს ნებას მივცემ, ასე მოვიხსენიო) დღეგრძელობისას, რა თქმა უნდა, საუბარი კალათბურთზე ჩამოვარდა და აბა, ისე როგორ იქნებოდა, არ გველაპარაკა ქართული კალათბურთის უდიდეს ზეიმზე, რომლის მონაწილეც ბატონი ილარიონიც გახლდათ.
ვგულისხმობ 1962 წელს შვეიცარიულ ჟენევაში ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებას. ეს ჯილდო საკლუბო დონეზე ყველაზე აღმატებულია ქართული სპორტის ისტორიაში. ჯიღაურაში გაშლილ სუფრას მცირე ხნით დავემშვიდობოთ და 53 წლის წინანდელ მადრიდის „რეალთან" დაპირისპირებაზე გადავერთოთ.
ესპანელთა კაუდილიო ფრანკოს რეჟიმს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა დიდად არ ეპიტნავებოდა, ამიტომ გუნდს თბილისში ჩამოსვლა აუკრძალა და დინამოელთა მასპინძლობაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი შეხვედრის გამართვა გადაწყდა და ისიც ნეიტრალურ ქვეყანაში. ასე მივედით 1962 წლის 29 ივნისს შვეიცარიულ ქალაქ ჟენევამდე, სადაც ეს ისტორიული შეხვედრა გაიმართა. „რეალის" ღირსებას ორი ამერიკელი ლეგიონერი იცავდა - სტენ მორისონი და უეინ ჰაიტაუერი. ჰაიტაუერზე ლეგენდები დადიოდა, ისეთი ჯან-ღონის პატრონია, ფარებს ამტვრევსო, ამ ორ ამერიკელს დაუმატეთ ესპანეთის ნაკრების წევრები ხოსე ლუის კორტესი, ემილიანო როდრიგესი, კარლოს სევილიანო და მანუელ საინსი;
პირველი ტაიმი ქართველებმა 38:36 მოიგეს, მეორეში უფრო მოუმატეს და საბოლოოდ 90:83 გაიმარჯვეს. ეს სასწაულის ტოლფასი იყო.
ამ ამბებიდან 53 წელი გავიდა, თუმცა, იმ გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და სიამაყე დღესაც გვეუფლება, როცა ამ ამბავს ვიხსენებთ.
ჟენევაში გამართულ მატჩს კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა; შვეიცარიაში წასვლამდე ქართველი სპორტსმენები უშიშროების მაღალჩინოსნებმა ინახულეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, კონტაქტში არავისთან შესულიყვნენ. მათ უკვე იცოდნენ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ჟენევაში ჩასვლას და გულშემატკივრობას გეგმავდნენ. უკვე თბილისში დაბრუნებული გამარჯვებული დინამოელები ემოციურად ჰყვებოდნენ შეხვედრის პერიპეტიებს, რადიოსა და ტელევიზიით გამოსვლებში, საგაზეთო ინტერვიუებში იხსენებდნენ იმ სიხარულს, რაც ამ დიდმა გამარჯვებამ მოუტანათ და როგორღაც დაზეპირებულივით ყველა იმეორებდა, გრიგოლ რობაქიძე არ გვინახავს და არ შეგვხვედრიაო.
რატომ მაინცდამაინც გრიგოლ რობაქიძე? იქ ხომ რამდენიმე ათეული ქართველი ემიგრანტი იყო, ზოგი მათგანი კომუნისტური გაგებით „არანაკლებ საეჭვო" გახლდათ, მაგრამ აქ თბილისში ჩამოსული კალათბურთელები მხოლოდ ერთ გვარს ახსენებდნენ, იმიტომ ხომ არა, რომ სწორედაც რომ შედგა ეს შეხვედრა?
ახლა ისევ საგურამოს გვერდით, პატარა სოფელ ჯიღაურაში დავბრუნდები, სადაც სუფრასთან ამ დიდი მატჩის ერთ-ერთმა გმირმა ილარიონ ხაზარაძემ გაიხსენა 50 წლის წინ ჟენევაში მომხდარი ამბავი და არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ მისი სიტყვების სისწორე არ ვირწმუნო:
- ყველამ ვიცოდით, რომ დარბაზში გრიგოლ რობაქიძე იყო. როცა ამის საშუალება მომეცემოდა, თვალით ვეძებდი კიდეც, რომ ამ ბუმბერაზი ადამიანისთვის თვალი მომეკრა. შემდეგ თამაშმა ჩამითრია და სიმართლე გითხრათ, არც გამხსენებია. როდესაც ენერგიისა და ემოციისგან დაცლილები სპორტული დარბაზის გვირაბისკენ გავემართეთ, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც მხარზე შემეხო, მოვტრიალდი და ჩემს წინ დიდი ქართველი იდგა, მიღიმოდა და ლამის ჩურჩულით მითხრა: „გილოცავთ, ვაჟკაცებო, თქვენ მე მრავალი წლით გამააახალგაზრდავეთო". სულ ეს იყო, ჩემს გარდა ეს სხვებმაც დაინახეს, მაგრმ იქვე მოვილაპარაკეთ, თბილისში ამაზე კრინტი არ დაგვეძრა.
თითქოს ყველაფერი მოვყევი, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, ერთ პატარა დეტალსაც მოვიგონებ, რომელმაც იმ ისედაც სასიამოვნო ჯიღაურულ საღამოს ნამდვილი გვირგვინი დაადგა.
პაატა ნაცვლიშვილი მივიდა ბატონ ილარიონთან და ჰკითხა, ერთი მანახეთ, სად დაგადოთ ხელი გრიგოლ რობაქიძემო და როდესაც გაკვირვებულმა ლარიკამ მარცხენა მხარზე მიუთითა, დაიხარა და ამ მხარზე ეამბორა.
P.S. თუ ვინმეს ზედმეტად სენტიმენტალურად მოგეჩვენათ, ნუ დაგვძრახავთ ნურც ამის ჩამდენს და ნურც მომყოლს, ალბათ, იმ წუთის ემოციამ ასე მოითხოვა...
წყარო: sputnik-georgia.com, თამაზ ჩიქვანაია