reportiori.ge - მარადიული „პიონერფილმელი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მარადიული „პიონერფილმელი“
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 10:50



გრიგოლ ჩიგოგიძე, ჩემი თანამედროვე კაცი, ვისაც თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ როგორც კი „პიონერფილმს" უხსენებ, თვალებში სითბოს და სიყვარულის ნაპერწკალი ჩაუდგება, სახე გაებადრება და სიამოვნების ღიმილით იწყებს „პიონერფილმზე" საუბარს - ამ საბავშვო სტუდიის აღზრდილი, უკვე 40 წელია სათავეში უდგას „პიონერფილმს", მისი უცვლელი ხელმძღვანელია და თავის ცოდნას და გამოცდილებას, მომავალ თაობას უზიარებს და გადასცემს... ამ ახალ წელს, გრიშა მასწ. „პიონერფილმელებთან" ერთად, 56-ედ ხვდება. თაობა მიდის, თაობა მოდის, გრიშა მასწ. იგივეა მარად და მარად... ამიტომაცაა, რომ თავის თავს მარადიულ „პიონერფილმელს" უწოდებს...


„ყველაფერი გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო". - იხსენებს გრიშა მასწ. - „12 წლის ვიყავი პიონერთა სასახლეში (დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) კინო სექციაში რომ მივედი. კარლო კოჭლამაზიშვილი კინოს გაშვებას გვასწავლიდა. 1959 წელს კინოსექცია მოყვარულთა კინოსტუდიად ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა ჟურნალისტი გულბაათ აბელიშვილი ჩაუდგა, მანვე დაარქვა ჩვენს სტუდიას „პიონერფილმი" და დღემდე ასე გვიცნობენ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ. ძია გულბაათი, ასე მივმართავდით ყველა, საოცრად თბილი, კეთილი და განსწავლული ადამიანი იყო, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული. პირველი „პიონერფილმელები"  იყვნენ: (შემდეგში ცნობილი ადამიანები) ზეზვა ღუღუნიშვილი, ჯემალ ნინუა, მერაბ ოდიშარია, თამაზ ხუციშვილი, ნესტან ჭელიძე... აქ ვისწავლეთ კინო, მეგობრობა, ქვეყნის სიყვარული. პირველი ფილმიც გადავიღეთ „ჩვენ მეგობრები ვართ", რომლის ოპერატორიცმე ვიყავი. სხვათაშორის იმ კამერით, რომელიც გვაჩუქეს, სიკო დოლიძეს 1936 წელს ფილმი„ დარიკო" გადაუღია... შემდეგ იყო საქართველოს ტელევიზია, რომ მივედი, მაშინ შევსრულდი 16 წლის, ყველაზე პატარა ვიყავი... არ შეიძლება ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ბატონ თამაზ ხომერიკის დამსახურებას არ გავუსვა ხაზი... მაგრამ „პიონერფილმი" არასდროს მიმიტოვებია..."


გრიშა ჩიგოგიძეს, იმ პერიოდში, როგორც ტელევიზიის ყველაზე პატარა თანამშრომელს „გავროშა" შეარქვეს. ამ სახელით გავიცანი, ეს დაუღალავი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული კაცი, თვითონ იყო ოპერატორიც, რეჟისორიც, ხმის რეჟისორიც, სცენარისტიც... მოკლედ ყოველმხრივ შემკული პროფესიონალი „ადამიანი ორკესტრი"... და მაინც, „პიონერფილმი" და გრიშა მასწ. ეს ერთი მთლიანია, ერთი ორგანიზმია, მისი ყურადღების მიღმა არ რჩება, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და ისეთ ფეიერვერკებს აწყობს, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებსაც წარუშლელ შთაბეჭდილებად რომ დარჩება. გრიშა ჩიგოგიძემ არა ერთი  თაობა აზიარა დიდ ხელოვნებას, დოკუმენტური თუ ნორჩი კინომოყვარულების მიერ გადაღებული ფილმებით, იგი კინოს ისტორიას მართლაც რომ დიდ საგანძურს უნახავს.


მისთვის ყველაზე დიდი განძი, ამ 40 წლის მანძილზე მისი აღზრდილების მიერ კინომოყვარულთა ფესტივალებზე მიღებული ჯილდოებია. ამ ბავშვებს და გრიშა მასწ-ს მთელი ევროპასა და ამერიკაშიც  იცნობენ, თუმცა 70-იან წლებში ზაარის მხარის ობერ-ბურგომისტრის ნაჩუქარი პროფესიონალური კინოკამერა „არიფლექსი" მისთვის მაინც ყველაზე დიდი და დაუვიწყარი ჯილდოა, თუმცა დღეს უკვე ვიდეოკამერებით მუშაობენ.


„როდესაც ბავშვი შენსკენ სიხარულით მოდის, როდესაც მშობელს შენი იმედი აქვს, როდესაც ყველა ღიმილით გხვდება, ეს ბედნიერებაა! ეს „პიონერფილმია". ეს ჩემი სიამაყეა" - გრიშა მასწ. ჩიგოგიძე. ასეთია მარადიული „პიონერფილმელის" კრედო და ცხოვრების არსი.


P.S. ეს „შტრიხები პორტრეტისთვის" მინდა ერთი ამონაწერით დავამთავრო: „პიონერფილმი" ღვთის მიერ არის დალოცვილი და იმედი უნდა გვქონდეს, რომ მას უდიერად ხელს ვერავინ შეახებს. ღმერთმა ინებოს თქვენი სიკეთე!" - რამაზ ჩხიკვაძე 2009 წელი. „პიონერფილმის" 50 წლის იუბილე.




წყარო: sputnik-georgia.com, ვახტანგ კობაიძე





 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016