საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული „სიტუაციური ოთახი" დაიწყებს ფუნქციონირებას. თუ რას ნიშნავს „სიტუაციური ოთახი", აღნიშნულზე სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს არის კრიზისული მართვის სარეზერვო პუნქტი, საიდანაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ქვეყნის მართვას".
„დიდ ბრიტანეთში ამას ჰქვია „ეროვნული სიტუაციური ოთახი" - „კობრა". როდესაც რაიმე კრიზისული სიტუაციაა ან, დავუშვათ, საომარი მდგომარეობაა, მთავრობა გადადის, ასე ვთქვათ, საგანგებო სიტუაციების რეჟიმში. ეს არის დაცული ტერიტორია, ბუნკერის ტიპის, სადაც არ აღწევს ბირთვული ან საჰაერო დარტყმით მიყენებული ტალღა და ტერორისტებს ან სხვა ექსტრემისტებს იქ შეღწევა გაუჭირდებათ. ეს არის აღნიშნული ოთახის იდეა. ახლახან პარიზში რომ მოხდა ტერაქტი და როცა საუბარი იყო, რომ პრეზიდენტი ოლანდი იყო თავდასხმის ობიექტი, ის სწორედ ასეთი ტიპის სიტუაციურ ცენტრში დაიმალა და თათბირი იქ ჩაატარა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კრიზისული მართვის სარეზერვო პუნქტი, საიდანაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ქვეყნის მართვას. უფრო დაცულ ტერიტორიულ სივრცეში იქნება და ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკული იქნება. მაგალითად, როდესაც რუსეთმა ჰაერიდან დაბომბა თბილისი, დედაქალაქისკენ მოდიოდნენ და იყო შანსი, მომხდარიყო თბილისის ოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა გადადის საგანგებო სამუშაო რეჟიმის პირობებში", - განაცხადა მაისაიამ.
აქვე მაისაია განმარტავს, რომ „სიტუაციური ოთახი" მოქმედებს ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და არის საფრთხე, რომ მოხდეს ქვეყნის ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის პარალიზება.
„მაგალითად, როდესაც სამხედრო გადატრიალება მზადდება... ბუნებრივია, ამ ტიპის ბუნკერი ყველანაირად აღჭურვილი უნდა იყოს - სარეზერვო მართვის, განათების, კომუნიკაციური კავშირგაბმულობის დამატებითი სისტემებით, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ოპერატიულ საქმიანობას", - აღნიშნა მაისაიამ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ალია"