reportiori.ge - ნიკოლოზ ჯანჯღავა: თალიბანი - ავღანური ფენიქსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:00
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ ჯანჯღავა: თალიბანი - ავღანური ფენიქსი
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 00:52


„ვაფრთხილებ ყველა „ჯვაროსანს", რომ ახლა შინ ექიმი ბრაიდონიც კი აღარ დაბრუნდება" - ასე დაემუქრა „ალ ქაიდას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აიმან ალ ზავაჰირი დასავლეთს. მან ამით ისტორიული პარალელი გაავლო იმ სამხედრო კატასტროფასთან, რაც იმ დროისთვის უძლეველ, დიდი ბრიტანეთის იმპერიას მე-19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, ე.წ. პირველი ავღანური-ბრიტანული ომის დროს დაემართა.


რას წარმოადგენს ახლა ის ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც არიანა „არიების სამშობლო" ერქვა? როგორ მოხდა, რომ სამი საუკუნის განმავლობაში უკვე მესამე მსოფლიო ძალა მარცხდება ამ ტერიტორიაზე, ევრაზიის შუაგულში? სადაც არ მოიპოვება არც ერთი ბუნებრივი რესურსი; რომლის ტერიტორიის 60% უდაბნოა და დანარჩენი - მთიანი; დასახლებულია სხვადასხვა ეთნოსით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ჰქონდათ ერთადერთი მიზანი - იყვნენ თავისუფლები. ეს ქვეყანა არის ავღანეთი!


მოვიყვანთ რამდენიმე ძირითად ისტორიულ ფაქტს: ცენტრალიზებული სახელმწიფო ავღანეთის ტერიტორიაზე - ავღანეთის სამეფო ჩამოყალიბდა 1747 წელს. მისი პირველი დამაარსებელი იყო ცნობილი სპარსელი დამპყრობლის, ნადირ შაჰის ერთ-ერთი გენერალი - ახმად შაჰ დურანი. ეს სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად ერეოდა ირანის, ინდოეთისა და შუა აზიის სახანოების საკითხებში, მაგრამ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპელები - ბრიტანელები გაძლიერდნენ ინდოეთში, რუსეთმა კი დაიპყრო შუა აზია და თავისი გავლენა გაავრცელა სპარსეთზე, ავღანეთის სამეფოს სტატუსი და როლი კნინდება.


მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან დიდი ბრიტანეთი სულ უფრო ყურადღებით ადევნებდა თვალს შუა აზიისკენ რუსეთის მისწრაფებებს. ინგლისის მთავრობა ინდოეთში - „დიდი რაჯი" საფრთხედ აღიქვამდა რუსეთის მიახლოებას ინდოეთის საზღვრებთან. ლონდონში კი ფიქრობდნენ, რომ რუსეთის აგრესიის მთავარი მიზანი იყო ინდოეთის დაპყრობა და ინგლისის განდევნა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი - „დიდი თამაში", რომელიც ნიშნავდა ორი იმპერიის ბრძოლას გავლენის სფეროს გაზრდის მიზნით. ავღანეთი ამ „დიდი თამაშის" ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე იყო. ინგლისმა ორი ომი გამართა ავღანელი ემირების წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ მინიმალურად შეძლო ავღანეთის კონტროლქვეშ მოქცევა. ქაბულის მთავრობას ჩამოერთვა საგარეო ურთიერთობების უფლება, მაგრამ ჰქონდა სრული თავისუფლება შიდა პოლიტიკის წარმართვაში. ავღანეთში „დიდი თამაში" შეწყდა XX საუკუნის დასაწყისში, როცა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი საერთო მტრის - გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.


1919 წელს ავღანეთმა წამოიწყო კიდევ ერთი ომი ინგლისის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ავღანური ჯარი დამარცხდა, მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. ავღანეთი - როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აწარმოებდა „ჩაკეტილი კარის" პოლიტიკას, ის არ უშვებდა უცხოელებს და კრძალავდა უცხოურ ინვესტიციებს თავის ქვეყანაში. ავღანეთის შემოტრიალება „დიდი მსოფლიოსკენ" დაიწყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ. ავღანეთის მთავრობა მაქსიმალურად იყენებდა თავის სასარგებლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირებას იმისათვის, რომ მიეღო მეტი ფინანსური დახმარება საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის. როგორც ამბობდა ავღანეთის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე: „სურვილი გვქონდა,  ამერიკული სიგარეტისთვის ცეცხლი რუსული სანთებელით მოგვეკიდებინა". მაგალითად: აშშ-მ აიღო თავის თავზე ინფრასტუქტურის განვითარების პროექტები და ახალგაზრდა ავღანელების მომზადება ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში. საბჭოთა კავშირმა დაიწყო ავღანეთის სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფა და ოფიცრების მომზადება სამხედრო სასწავლებლებში; თუმცა ავღანეთში ჩრდილოეთიდან მარტო ფინანსური დახმარება არ მიდიოდა; საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა მასობრივად დაიწყეს კომუნისტური იდეოლოგიის დანერგვა ავღანელ ახალგაზრდებში.


1978 წელს ავღანეთში მოხდა აპრილის ე.წ. „საურის" - რევოლუცია. რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის, სტუდენტებისა და შეიარაღებული ძალების ნაწილმა მოაწყო გადატრიალება - მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი დაუდ-ხანი და ქვეყანაში დამკვიდრდა კვაზისოციალისტური დიქტატურა. ამან გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება; დაიწყო ადგილობრივი მემარცხენეების წინააღმდეგ სახალხო აჯანყება, რასაც დაემატა ავღანელ მარქსისტებს შორის შიდა დაპირისპირება - ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის დაყოფა ორ ფრაქციად - „ხალკად" და „ფარჩამად". ვითარება სახელმწიფოში იმდენად გართულდა, რომ ცენტრალური მთავრობა მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქს აკონტროლებდა. ავღანეთში მარქსისტული ექსპერიმენტის მარცხი გარდაუვალი იყო. ეს რომ არ დაეშვათ, დიდი ყოყმანის შემდეგ კრემლში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავღანეთში წითელი არმიის ქვედანაყოფები შეეყვანათ. მე-40 არმია იქ 1979 წლის დეკემბერში შევიდა.


საბჭოთა კავშირის პირდაპირი აგრესია მოულოდნელი იყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის. ავღანური ოპოზიცია ცოტა ხანში გაერთიანდა და წითელ არმიას „წმინდა ჯიჰადი" გამოუცხადა. ჩამოყალიბდა „მოჯაჰედთა" მოძრაობა.


რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს დაიწყო მოჯაჰედების მასობრივი დაფინანსება და შეიარაღება. ძალიან დიდი როლი შეასრულა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების - „სტინგერების" გადაცემამ ავღანური ოპოზიციისთვის, რომელმაც წერტილი დაუსვა საბჭოთა არმიის საჰაერო უპირატესობას ავღანურ ცაში. გორბაჩოვის დროს „პერესტროიკისა" და „გლასნოსტის" მიმდევრებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო „ავღანური ტრაგედიის" დამთავრება. გორბაჩოვმა და შევარდნაძემ შეთანხმებას მიაღწიეს აშშ-სთან და 1989 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარი გამოვიდა ავღანეთიდან. სსრკ-მ ამ ომში დაკარგა 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი. საბჭოთა კავშირის 10-წლიანი აგრესია ძვირად დაუჯდა ავღანელ ხალხს - 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5 მლნ გახდა ლტოლვილი.


წითელი არმიის გამოყვანის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი კვლავაც უჭერდა მხარს პროსაბჭოურ ქაბულის მთავრობას ნაჯიბულას ხელმძღვანელობით. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ შეწყდა ქაბულის მთავრობის მხარდაჭერა. 1992 წლის აპრილში „მოჯაჰედებმა" იერიშით აიღეს ავღანეთის დედაქალაქი. ყველასგან მიტოვებულმა ნაჯიბულამ ქაბულში გაეროს წარმომადგენლობას შეაფარა თავი. ავღანეთსა და მთელ მსოფლიოში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პროკომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ მოჯაჰედებმა მიაღწიეს მიზანს და დაიწყებოდა ავღანეთის მშვიდობიანი განვითარება.


მოჯაჰედები გაერთიანებულები იყვნენ ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაჯიბულას მთავრობის დაცემის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება გუშინდელ მოკავშირეებს შორის. მოჯაჰედებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაური იყო აჰმად შაჰ მასუდი. მას, ეროვნებით ტაჯიკს, ესმოდა, რომ ავღანეთს მხოლოდ პუშტუნმა უნდა უხელმძღვანელოს. ის გაერთიანდა ცნობილ თეოლოგ რაბანისთან და ჩამოაყალიბა გარდამავალი მთავრობა. ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა სხვა საველე მეთაური - გულბედინ ჰეკმატიარი, რომელმაც თავისი რაზმებით ალყა შემოარტყა ქაბულს და დაიწყო მისი დაბომბვა. ქვეყანაში მოიშალა ყველა სოციალური და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი. ყველა დაუპირისპირდა ერთმანეთს. დაიწყო ახალი სამოქალაქო ომი.


1994 წლის ბოლოს ქალაქ ყანდაღარის გუბერნატორმა მოიტაცა ადგილობრივი მცხოვრებლის ქალიშვილი და გაამწესა თავის ჰარამხანაში. ოჯახის უფროსი მივიდა უხუცესთან - მოლა ომართან და სთხოვა დახმარება. მოლა ომარს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი ამ რეგიონში. ის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში თვალიც დაკარგა, მაგრამ როდესაც „მოჯაჰედები" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, უარი თქვა სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე და შინ დაბრუნდა. მოლა ომარმა შეაგროვა მცირერიცხოვანი რაზმი და შეიჭრა ე.წ. გუბერნატორის სასახლეში. მან არა მარტო გაათავისუფლა მოტაცებული ქალიშვილი, არამედ გუბერნატორი იქვე ტანკის ლულაზე ჩამოახრჩო. მოლა ომარმა გამოაცხადა, რომ ერთადერთი კანონი, რომელიც იკანონებს ყანდაღარში არის „შარიათი" და მხოლოდ ადგილობრივი უხუცესების არჩეული ღირსეული ადამიანი მართავს ყანდაღარს. ცოტა ხანში ყანდაღარი გახდა მოლა ომარის ასეულობით და ათასეულობით მხარდამჭერის თავმოყრის ადგილი. ასე ჩამოყალიბდა „თალიბანის" მოძრაობა.


 „თალიბანის" მოძრაობის საწყისები ყალიბდება პაკისტანში. ამ ქვეყანამ 80-იან წლებში 3 მლნ-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო ავღანეთიდან. პაკისტანში იზრდებოდა ავღანელების ახალი თაობა. იქაურმა სამხედრო დიქტატორმა, ზია ულ ჰაკმა, რომელსაც გეზი ჰქონდა აღებული პაკისტანის ისლამიზაციაზე, გახსნა უამრავი რელიგიური სკოლა - მედრესე, სადაც სწავლობდნენ ავღანელი ბავშვები. ამ სკოლის დამფინანსებელი უმეტესწილად იყო საუდის არაბეთი. მედრესეში ასწავლიდნენ ისლამის ვაჰაბიტურ ვერსიას. სალაფიზმი არის რელიგიური მიმართულება ისლამში, რომელსაც აღიარებს საუდის არაბეთის მმართველი ელიტა. ის ქადაგებს ყურანის მხოლოდ პირდაპირ წაკითხვას მინიმალური ინტერპრეტაციით. 90-იანი წლების დასაწყისისთვის პაკისტანში ჩამოყალიბდა კრიტიკული მასა იმ ახალგაზრდა ავღანელებისა, რომლებსაც არასოდეს ენახათ სამშობლო, იყვნენ გამსჭვალულნი რელიგიური ფანატიზმით და კარგად იცოდნენ სამხედრო საქმე.


პაკისტანის „უწყებათაშორის დაზვერვას" (IშI) იმედი ჰქონდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დამთავრების შემდეგ ავღანეთში დამყარდებოდა წესრიგი. ის იმედგაცრუებული დარჩა „მოჯაჰედთა" ხელმძღვანელობით, რომლებმაც ერთმანეთთან ბრძოლა გააჩაღეს. „უწყებათაშორის დაზვერვა" მოლა ომარის სახით ისეთ ლიდერს ხედავდა, რომელიც გააერთიანებდა ავღანეთს და სიმშვიდეს მოუტანდა. ამავდროულად პაკისტანის ელიტას ეკონომიკური ინტერესიც ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა ყოფილი საბჭოთა შუა აზიის უზარმაზარი ნავთობისა და გაზის ბაზარი. პაკისტანის მმართველ წრეებს სურვილი ჰქონდათ, ნავთობისა და გაზის მილსადენები ცენტრალური აზიიდან პაკისტანამდე გაეყვანათ, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანი იყო სიმშვიდე ავღანეთში. გარდა ამისა პაკისტანის სამხედრო სტრატეგიაში არსებობდა ეგრეთ წოდებული „სტრატეგიული სიღრმის" დოქტრინა, რომლის თანახმად, ინდოეთთან ომის შემთხვევაში პაკისტანი გამოიყენებდა ავღანეთს, როგორც სათადარიგო უზრუნველყოფის ბაზას. ყველაფერმა ამან უბიძგა პაკისტანის ხელმძღვანელობას მოლა ომარის მოძრაობის ყველანაირი მხარდაჭერისკენ.


„თალიბი" ნიშნავს მოწაფეს. პაკისტანურ მედრესეებში სწავლადასრულებული ათასობით სტუდენტი გახდა მოლა ომარის დისციპლინირებული ჯარისკაცი. მათთან ერთად იბრძოდნენ პაკისტანის შეიარაღებული ძალის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებდნენ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და უზრუნველყოფას. „თალიბანის" მთავარი ამოცანა იყო სამოქალაქო ომის დამთავრება ავღანეთში, ძველი მოჯაჰედების - საველე მეთაურების განდევნა და მათი აზრით ნამდვილი ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თალიბებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს ქვეყნის ცენტრალური რაიონების დაკავება. 1996 წლისთვის მათ დაამარცხეს გულბედინ ჰეკმატიარის, რაბანისა და ისმაილ ხანის დაჯგუფებები და დაიკავეს დედაქალაქი. ქაბულის აღების შემდეგ პირველი, რაც `თალიბებმა" გააკეთეს - ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიჭრნენ გაეროს ორგანიზაციის შენობაში, გამოიყვანეს იქიდან ქვეყნის ყოფილი მმრთველი ნაჯიბულა, აწამეს და ჩამოახრჩვეს.


„თალიბანის" ასე სწრაფად წინსვლას განაპირობებდა არა მარტო მათი სამხედრო უპირატესობა, არამედ ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გადაღლილი იყო განუწყვეტელი სამოქალაქო ომით, მათ ხვდებოდა, როგორც გამათავისუფლებლებს. დაპყრობილ ტერიტორიაზე თალიბები ამყარებდნენ საკმაოდ მკაცრ რეჟიმს - შარიათი იყო გამოცხადებული ერთადერთ კანონად. კაცებს აკრძალული ჰქონდათ წვერის გაპარსვა; იკრძალებოდა მუსიკა; ქალებს ეკრძალებოდათ სამსახური და განათლება, გარეთ გასვლა შეეძლოთ მხოლოდ ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლებით; უნდა შემოსილიყვნენ ბურკხით, სპეციალური სამოსით, რომელიც ქალს თავიდან კოჭებამდე ფარავდა. „თალიბები" სპორტსაც იყენებდნენ თავიანთი ინტერესებისთვის; აკრძალული იყო, ფაქტობრივად, სპორტის ყველა სახეობა, გარდა ფეხბურთისა, რადგან ავღანელების სიყვარული ფეხბურთის მიმართ რელიგიურ სიყვარულს უდრიდა, თუმცა სტადიონზე `თალიბებმა" აკრძალეს რომელიმე გუნდის მხარდაჭერა და მატჩების შუალედში, იყენებდნენ რა ხალხის თავმოყრას, მიმართავდნენ საჯარო დასჯას - დახვრეტას, ჩამოხრჩობას ან ჩაქოლვას. ამით „თალიბანი" აჩვენებდა მოსახლეობას, რომ ყველა ღონეს და საშუალებას გამოიყენებდნენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.


ქვეყნის „ისლამიზაციაში" `თალიბანის" მოძრაობას მხარდაჭერას უწევდა მომავალი „ტერორისტი ნომერი 1" - ოსამა ბინ ლადენი. ოსამა პირველად ჩავიდა ავღანეთში 80-იანი წლების დასაწყისში, მდიდარი, საუდიტური ოჯახის წარმომადგენელი. ის ეხმარებოდა მოჯაჰედებს არაბი მოხალისეების ჩაყვანაში და ფინანსურად უზრუნველყოფდა დაჭრილი მებრძოლების სამედიცინო დახმარებას. 1996 წლიდან ოსამა მეორედ ჩადის ავღანეთში და იწყებს ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდას" საბოლოო ჩამოყალიბებას. ის იყენებდა თავის ფინანსურ შესაძლებლობებს, რათა დახმარება გაეწია „თალიბანისთვის", ავღანეთის გაერთიანებისა და ისლამიზაციის საქმეში. ოსამა იყენებდა „თალიბების" მფარველობას და ავღანეთში გახსნა ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკების ქსელი.


 „თალიბანის" მთავარი შემოსავლის წყარო იყო საოპიუმე ყაყაჩოს კულტივაცია და ჰეროინის გასაღება. მათი მმართველობის ბოლო წლებში, მიუხედავად ოფიციალური აკრძალვისა, ჰეროინის წარმოებამ ავღანეთში მიიღო სამრეწველო მასშტაბები. 2000 წელს დამზადდა 3500 ტონაზე მეტი ჰეროინი.


ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელმაც ეფექტიანი სამხედრო წინააღმდეგობა გაუწია, იყო ე.წ. „ჩრდილოეთის ალიანსი". მისი ხელმძღვანელი ახმად შაჰ მასუდი იყენებდა რუსულ სამხედრო მხარდაჭერას იმისათვის, რომ შეეჩერებინა „თალიბები". რუსეთი ეხმარებოდა თავის ძველ მოწინააღმდეგეს, რადგან „თალიბების" გაბატონებას ავღანეთში საფრთხედ აღიქვამდა და ეწინააღმდეგებოდა მათი გავლენის გაზრდას ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტამდე რამდენიმე დღით ადრე ოსამა ბინ ლადენის მიგზავნილმა ტერორისტებმა მოკლეს ქარიზმატული აჰმად შაჰ მასუდი.


9/11 ტერაქტების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ულტიმატუმი წაუყენა „თალიბანს" - გადაეცათ ოსამა ბინ ლადენი და შეეწყვიტათ ტერორისტების მომზადება ავღანეთში. მოლა ომარმა პუშტუნური ტრადიციებიდან - „პუშტუნვალიდან" გამომდინარე, უარი თქვა ბინ ლადენის გადაცემაზე. 7 ოქტომბრიდან ამერიკამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია `თალიბების~ წინააღმდეგ. ეს იყო უნიკალური სამხედრო ოპერაცია. აშშ-დან მონაწილეობდნენ მხოლოდ მცირერიცხოვანი სპეციალური დანიშნულების ჯგუფები. ისინი მიზანჩვენებას აძლევდნენ აშშ-ის საჰაერო ძალებს, რომლებიც ბომბავდნენ `თალიბების~ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. „ჩრდილო ალიანსის" მებრძოლები, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ამერიკელების მიერ და ზურგს უმაგრებდათ ამერიკული საჰაერო ძალა, ათავისუფლებდნენ ქალაქებს ერთი მეორის მიყოლებით. 2001 წლის დეკემბრისთვის „თალიბანის" რეჟიმი, როგორც ორგანიზებული სამხედრო ძალა გაანადგურეს, მაგრამ ამერიკელებმა ვერ შეძლეს და ხელში ვერ ჩაიგდეს მოლა ომარი და ოსამა ბინ ლადენი.


2002 წლის იანვრიდან NAთO იწყებს ოპერაციას ავღანეთში. ქაბულში იხსნება საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების (ISAF) შტაბი. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა 15 სახელმწიფოს სამხედრო კონტინგენტი. მათი რაოდენობა არ აღემატებოდა 6000 კაცს და ისინი ქაბულში იყვნენ განლაგებულნი. ავღანეთში სწრაფი გამარჯვების შემდგომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, ადმინისტრაციამ მთელი ყურადღება გადაიტანა ერაყში სამხედრო ინტერვენციის მოსამზადებლად. ავღანეთი გადავიდა მეორე პლანზე, „თალიბანის" ხელმძღვანელობა ტყუილად არ კარგავდა დროს. მოხდა მათი ძალების რეორგანიზაცია მეზობელ პაკისტანში. პაკისტანის პრეზიდენტი მუშარაფი ოფიციალურად მხარს უჭერდა ამერიკელების ძალისხმევას ავღანეთში, მაგრამ იმავდროულად პაკისტანის სამხედროები ხელს უწყობდნენ „თალიბანის" მოძრაობას, რათა რეორგანიზაცია მოეხდინა და ძალები მოეკრიფა. ჩამოყალიბდა ე.წ. „კვეტის შურა", სადაც გაერთიანდა „თალიბანის" ყველა ლიდერი და მათი ამოცანა გახდა ავღანეთში ამბოხების გაჩაღება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ერაყის ომზე, 2004 წლიდან დაიწყო „თალიბანის" მოძრაობის აღორძინება ავღანეთში. „თალიბების" საკმაოდ მსხვილი სამხედრო შენაერთები გარკვეული პერიოდით იკავებდნენ ტერიტორიებს და ქალაქებს. ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა ავღანური მოსახლეობის იმედგაცრუება ცენტრალური ხელისუფლებით და ავღანეთის იმდროინდელი პრეზიდენტით, კარზაით.


 „თალიბების"  დამარცხების შემდეგ ავღანეთის ახალი მმართველები ჩაეფლნენ კორუფციაში და უსამართლოდ მართავდნენ ქვეყანას. პოლიციისა და სასამართლოს კორუმპირებულობამ მიაღწია კრიტიკულ დონეს. უსამართლობა გაბატონდა ქვეყანაში. უცხოური გრანტები, რომელიც გამოიყო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საირიგაციო სისტემების აღდგენასა და გზების დაგებაზე, იკარგებოდა ჩინოვნიკების ჯიბეებში. ავღანეთის რეგიონებში, პირველ რიგში, სამხრეთით, „თალიბებმა" ჩამოაყალიბეს პარალელური, „ჩრდილოვანი" ხელისუფლება. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ნებისმიერ საკითხს წყვეტდნენ მხოლოდ კორუფციული გარიგების საფუძველზე მაშინ, როდესაც `თალიბების~ წარმომადგენლები იყენებდნენ ადგილობრივი გლეხებისთვის გაცილებით ადვილ და სამართლიან სისტემას, რომელიც შარიათს ეყრდნობოდა. რაც მთავარია, თალიბებმა აჩვენეს, რომ ძალადობის მონოპოლია მარტო სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვს. თალიბებმა არა მარტო პარალელური სასამართლო სისტემა შექმნეს ადგილებზე, არამედ გადასახადებსაც აწესებდნენ და აკონტროლებდნენ ნარკოტრაფიკს. 2014 წლისთვის ოპიუმის წარმოება ავღანეთში კატასტროფულად გაიზარდა და 6400 ტონას მიაღწია. მსოფლიო ჰეროინის 90%-ზე მეტი მზადდება ავღანეთში, „თალიბების" ყოველწლიური შემოსავალი ნარკოტრაფიკისგან შეადგენს 500 მილიონ დოლარს. თალიბები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ყველა წარმომადგენელს, რომელიც მუშაობდა ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში ან თანამშრომლობდა კოალიციურ ძალებთან. ფაქტობრივად, 2009 წლის მიწურულისთვის ქაბულის ცენტრალური მთავრობა ქვეყნის მხოლოდ 50%-ს აკონტროლებდა.


2010 წლისთვის ISAF-ის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელმაც დაიწყო ოპერაცია - შეტევა (შურგე). ამ ოპერაციის მიზანი იყო კოალიციური ძალების მნიშვნელოვნად გაზრდა - ამერიკელების საერთო რაოდენობა 90 000-ს აღწევდა, სხვა კოალიციური ძალების კი 40 000-მდე იყო. მათ ეხმარებოდა 300 000-იანი ავღანური ეროვნული არმიის ქვედანაყოფები. პეტრეუსის სტრატეგია იყო, სამხედრო გზით დაემარცხებინა მოწინააღმდეგე, გაეკონტროლებინა ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი და მერე გადაეცა პასუხისმგებლობა ადგილობრივ უსაფრთხოებაზე ავღანური ეროვნული ჯარისთვის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები. მათი ამოცანა იყო „თალიბების" საველე მეთაურების მმართველი რგოლის განადგურება. 2012 წლამდე ამ ოპერაციამ საკმაოდ ეფექტიანად გაართვა თავი ამოცანას. ავღანეთის დიდი ტერიტორია დაბრუნდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.


პენტაგონმა 2012 წლისთვის დაიწყო ოპერაცია „შეტევაში" მონაწილე ქვედანაყოფების გაყვანა ავღანეთიდან. 2014 წლიდან კოალიციის ქვედანაყოფებმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და პასუხისმგებლობა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე გადასცეს ავღანურ ჯარს. კოალიციამ ყურადღება გადაიტანა ავღანური ჯარის გაწვრთნის საკითხებზე. 2015 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით - რომ 2016 წლისთვის ავღანეთში დარჩება ამერიკული კონტიგენტი - 5500 ჯარისკაცის ოდენობით, სულ კი კოალიციაში იქნება 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურე.


 2014 წელს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა აშფარ ჰანიმ, მაგრამ ავღანეთის ახალმა მთავრობამ მაინც ვერ შეძლო წინამორბედი მთავრობის პრობლემების გადაწყვეტა. ხელისუფლება მაინც დარჩა კორუმპირებული და არაეფექტიანი. ავღანური ჯარის ბრძოლისუნარიანობა ვერ გაიზარდა. არ არის გადაწყვეტილი მართვის, უზრუნველყოფისა და ჯარისკაცების მორალური მდგომარეობის პრობლემები. ძალისმიერი სტრუქტურები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ავღანეთი მსოფლიოში ბოლო ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. მისი სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 7 მლნ დოლარს, აქედან 92 % წარმოადგენს უცხოურ გრანტებსა და დონორი ქვეყნების დახმარებას. ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ისეთი მდგომარეობა, რომ ავღანეთს არ შეუძლია თავისივე სახელმწიფო აპარატის უზრუნველყოფა.


„თალიბანს" აქვს ბევრი პრობლემა. პირველ რიგში, ის არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი ორგანიზაცია. ეს არის სხვადასხვა ძალის, დაჯგუფებისა და ტომის გარკვეული კონფედერაცია, სადაც ყველას აქვს თავისი საკმაოდ დიდი ავტონომია. „თალიბანის" ბირთვს წარმოადგენს პუშტუნური ტომები, ეს არის დიდი პრობლემა იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, პირველ რიგში, ტაჯიკების, უზბეკებისა და ხაზარასთვის, ვისაც ეშინია, რომ `თალიბების~ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან პუშტუნური ნაციონალიზმის ქადაგებას და გააგრძელებენ ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას. რთული ურთიერთობა აქვს „თალიბანს" ისლამური სახელმწიფოს მესვეურებთან. „თალიბები" უყურებენ ისლამურ სახელმწიფოს, როგორც უმცროს ძმას და არა სრულუფლებიან პარტნიორს „ჯვაროსნებთან" ბრძოლაში. მხოლოდ რამდენიმე ავღანურმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა გამოუცხადა ერთგულება ისლამური სახელმწიფოს ხალიფას - ალ ბაღდადის. თვითონ ავღანელი „თალიბები" ეჭვის თვალით უყურებენ ნებისმიერ ორგანიზაციას, სადაც მათ მეორეხარისხოვანი როლის თამაში მოუწევთ.


დიდი ცვლილებები იყო „თალიბანის" ხელმძღვანელობაშიც; მოლა ომარი გარდაიცვალა 2013 წელს. მის მაგივრად აირჩიეს - აქჰტარ მანსორი. ეს პიროვნება, იმისათვის, რომ დაემტკიცებინა თავისი ქმედითუნარიანობა, ძალიან გააქტიურდა. 2015 წლის 30 სექტემბერს ქვეყნის ჩრდილოეთით, რომელიც მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო, `თალიბებმა~ ერთი დღით აიღეს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი კუნდუზი. მათ იერიში მიიტანეს ქალაქის ადმინისტრაციის, პოლიციისა და ციხის შენობებზე. გაათავისუფლეს ყველა პატიმარი, რომლებიც მაშინვე მათ შეუერთდნენ. ამ აქციით „თალიბანმა" აჩვენა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება.


„თალიბანის" სტრატეგიას აქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება: მოახდინონ ქაბულის ცენტრალური ხელისუფლების სრული პარალიზება; აჩვენონ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ ერთადერთი ეფექტური ძალა, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროს არის „თალიბანი" და რომ „ჯვაროსნები" ნებით კი არ ტოვებენ ავღანეთს, არამედ სამხედრო მარცხის გამო გარბიან ქვეყნიდან.


ავღანეთის ახალი პრეზიდენტი ცდილობს, დაამყაროს დიალოგი „თალიბანის" ზომიერ წარმომადგენლებთან, რათა მოიძებნოს გარკვეული კომპრომისი. ომი, რომელიც გრძელდება 2001 წლიდან და რომელსაც არ უჩანს ბოლო, ძვირად დაუჯდა კოალიციის ძალებს - 3 400-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა; აქედან 2 216 ამერიკელია, 32 - ქართველი, 30 000-მდე არის დაჭრილი. ამ შიდა დაპირისპირების დროს დაიღუპა მინიმუმ 100 000 მეტი ავღანელი. 500 000 მეტ ადამიანს აქვს შიდა ლტოლვილის სტატუსი; ეკონომიკა და  სოფლის  მეურნეობა  განადგურებულია 30 -წლიანი ომის შემდეგ. ახლა „თალიბები" აკონტროლებენ ტერიტორიის 40 %-ს და არ აპირებენ არანაირ კომპრომისს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თავიანთი წინაპრების მსგავსად, ბრძოლის ველზე სრული გამარჯვების მოპოვება სურთ.


ნიკოლოზ ჯანჯღავა - გენერალური შტაბის პოლკოვნიკი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016