პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძისა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრს ურჩევს, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა.
„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მივანიჭეთ. თუ წინა ხელისუფლების დროს კანდიდატს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა, იუსტიციის საბჭოს არჩევა კი ღია კენჭისყრით ხდებოდა, ჩვენ სარისკო ნაბიჯი გადავდგით და ფარული კენჭისყრით სასურველი კანდიდატის შერჩევა მოსამართლეებს მივანდეთ. სამწუხაროდ, მყარად არის გამჯდარი მენტალიტეტი, რომ ვიღაცეებმა უფროსი ეძებონ, კონკრეტული პიროვნება, რომ უერთგულონ და მის გარშემო დაირაზმონ", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
კითხვაზე - გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ფაქტობრივად, რეფორმა ჩავარდა და იუსტიციის საბჭოში საეჭვო ბეგრაუნდის მოსამართლეები მოხვდნენ, უსუფაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობდა.
„თუ ხელისუფლება მოსამართლის მართვას შეეცდებოდა, ახალ ადეიშვილს გამოვძერწავდით, მათი შეცვლით კი 15 წლის წინანდელ პროცესს გავიმეორებდით, როცა მოსამართლეთა კორპუსი სრულად შეიცვალა. გაჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, დაბეჯითებით ვამბობ - დემარშები არავის წაადგება. ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.