აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2016 მაიმუნის წელია. როგორი საახალწლო სუფრით უნდა შევხვდეთ და რა რიტუალების შესრულებაა საჭირო, ბედნიერი წელი რომ გვქონდეს? და კიდევ, როგორი იქნება ქართული პოლიტიკა მაიმუნის წელიწადში?
„კვირის ქრონიკას" ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა:
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 2016 წელი აღმოსავლური კალენდრით, მაიმუნის წელს განეკუთვნება და ის, რეალურად, 8 თებერვალს იწყება, მანამდე თხის წელიწადი გრძელდება. აქედან გამომდინარე, 31 დეკემბერს ჩვენ გვაქვს ორი სიმბოლო - თხა და მაიმუნი, შესაბამისად, ეს ორივე სიმბოლიკა მაგიდაზე უნდა იდოს, რათა არც ერთს არ ვაწყენინოთ. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ნიშანს გარკვეული სტიქია მართავს, თხის წელიწადი განეკუთვნება ხის სტიქიას, ხოლო მაიმუნი - ცეცხლის სტიქიას. რატომ არის სტიქია მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის გვაძლევს ფერს. მაიმუნის ძირითადი ფერი არის წითელი, ანუ ცეცხლოვანი სტიქიის ფერი და ამ ფერებში შედის ასევე ბორდო, ვარდისფერი ტონები. ამას გარდა, რახან თხის წელიწადი გრძელდება, თხის ძირითადი ფერებია მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ოქროსფერი ტონალობები, რომელიც ჩვენ ასევე უნდა გვქონდეს წარმოდგენილი ტანსაცმელში ახალი წლის საღამოს, რადგან აღმოსავლეთში რიტუალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ჩვენ სწორედ ამით უნდა მოვიპოვოთ მომავალი წლის კეთილგანწყობა.
- რაც შეეხება საახალწლო სუფრას: რა უნდა იყოს აუცილებლად სუფრაზე?
- უნდა ვიპოვოთ ისეთი საკვები, რომელიც ამ ნიშნებს ეამებათ და ამით მათ პატივი მივაგოთ. პირველი - ტრადიციული საკვები, რადგან თხის წელიწადია და თხა, თავის ბუნებით, ტრადიციონალისტია, ამიტომ ტრადიციულად ხაჭაპური, გოზინაყი, საცივი ისევ და ისევ აქტუალურია, სასმელებთან ერთად. ამას გარდა, რადგან მაიმუნის წელი მოდის, ის უფრო ორიგინალურ საკვებს ითხოვს - პირველ რიგში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანანი, ამას გარდა ციტრუსები, ეგზოტიკური საკვები, დავუშვათ, კივი, ავოკადო და ასე შემდეგ. მოდით, აღვნიშნოთ ისიც, რომ კარგი იქნება, თუ თხას წინ დავუდებთ მწვანილს, ხოლო მაიმუნს ცოტა მზესუმზირა დავუყაროთ. ამას გარდა, თუ გვაქვს, დავუშვათ, რაღაც ხის ნაკეთობები - კოვზები, ჯამები და ასე შემდეგ, კარგი იქნება, თუ მათაც მაგიდაზე დავდებთ. უკეთესი იქნება, თუ ნაძვის ხეს სამხრეთ-დასავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დავდებთ, თუ ამის საშუალება არ გვაქვს, ეს დიდი პრობლემა არ არის, ჩიჩილაკის გვერდით დავდგათ და კარგი იქნება მანდარინის ხის ნამდვილი ან თუნდაც სინთეზური ტოტი, რადგან აღმოსავლეთში ნაძვის ხე ეს არის სწორედ მანდარინის ტოტი. აქედან გამომდინარე, მანდარინი არის სიუხვის, ბარაქისა და წარმატების ერთერთი სიმბოლო. ნაძვის ხეზე ფერებიც, ძირითადად, იმ ტონალობებში უნდა იყოს, რაც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ.
- რიტუალებზე რას იტყვით? როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი წლის საღამოს?
- მნიშვნელოვანი რიტუალი უკავშირდება სანთლებს: რადგანაც წლის ძირითადი ნიშნები არის ორი და ცხრა, ცხრა შეიძლება სანთლისთვის ბევრია, მაგრამ ორი წითელი ფერის სანთელი რომ გვქონდეს, კარგი იქნება. თუ წითელს ვერ ვიშოვით, მაშინ ყვითელი ფერის სანთლები დავალაგოთ გვერდიგვერდ, ავანთოთ და ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე, წინა წელიწადს მადლობა გადავუხადოთ და ყველა სახის პრობლემები, დარდები მომენტალურად გააყოლეთ ამ წინა წელს. ხოლო როგორც კი ახალი წელი დადგება, აქ უკვე ანთებულ სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მოხდეს მომავალ წელს. კიდევ აღვნიშნოთ ის, რომ წელს მეკვლის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ მეკვლედ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც ოჯახში უფრო იღბლიანია, ან ასეთი პიროვნება შეიძლება სანათესაოსა და მეგობრებშიც ავირჩიოთ. ამ პიროვნებამ ოჯახში უნდა მოიტანოს სამი რამ: ერთი ცალი მანდარინი, ერთი ცალი ბანანი და ერთი ცალი ფორთოხალი. დანა არ უნდა გამოვაჩინოთ მასთან მიმართებაში, მან ეს ყველაფერი ოჯახში უნდა შეიტანოს, თავისი ხელით გაფცქვნას და აუცილებლად მიართვას, აჭამოს ოჯახის ყველა წევრს და არავითარ შემთხვევაში - სტუმრებს, რადგან სტუმრები წაიღებენ ჩვენს იღბალს. დანა იმიტომ არა, რომ ის, ასევე, იღბლის წამღებია ახალი წლის ღამეს. ამასთანავე, რასაც მეკვლე ოჯახში შეიტანს, ის არ უნდა აირიოს სხვა ამდაგვარ პროდუქტებთან ერთად. ერთადერთი, რაც მაგიდაზე არ უნდა იყოს, ეს არის ცხვრის ხორცი. რაც შეეხება სხვა მომენტებს: ახალ წელს ვიმხიარულოთ, მაიმუნს იუმორი უყვარს და შეგვიძლია, იუმორისტული სკეტჩებით, თამაშებით გავერთოთ.
- მაიმუნის წელი რა გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე? რა სახის პოლიტიკურ პროცესებთან გვექნება საქმე?
- მაიმუნის წელიწადი საკმაოდ რთული, წინასწარ განუსაზღვრელი და მოულოდნელი ცვლილებების წელიწადია. ჩვენ შევედით გარდაქმნებისა და რეფორმების სამწლიან ზონაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო. 2016 წელი არის ამ გარდაქმნების აპოთეოზი და 2017 წელი ამ ყველაფერს ბეჭედს დაასვამს. გარდაქმნები ეხება ყველაფერს. როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ, რა ცვლილებებია მინისტრთა კაბინეტში, პრემიერიც კი შეიცვალა, აქედან გამომდინარე, მომავალ წელს გაცილებით მეტი ცვლილებები იქნება. შეიძლება დიდი ცვლილებები იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან პოლიტიკის ორი პლანეტა - იუპიტერი და სატურნი ურთიერთწინააღმდეგობაშია, რაც რადიკალურად შეცვლის ძალიან ბევრ, ურყევ პოზიციას პოლიტიკის სფეროში. მომავალ წელსაც შეიძლება, პრემიერი შეიცვალოს, შეიძლება პრობლემები იყოს ხელმძღვანელ პირებთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოიხსნას სხვადასხვა დონეზე. ასევე, პარლამენტის, თითქმის, 70 პროცენტი შეიცვლება, ანუ ეს არის აბსოლუტურად ახალი სისხლის შემოსვლის წელიწადი ყველა სფეროში, მათ შორის საბანკო-ეკონომიკურ სფეროშიც, მით უმეტეს, აქ შეიცვლება ეროვნული ბანკის დირექტორი და მასთან დაკავშირებული მთელი ეს ჯგუფი. იგივე სამართალდამცავი ორგანოები - უშიშროება, თავდაცვის სფერო, იურისპრუდენცია, აუცილებლად სპორტის სფერო, სადაც უკვე ისედაც არის საკმარისად სკანდალები. ტურისტულ სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები, განათლების სისტემაში აუცილებლად შეიცვლებიან ხელმძღვანელები... ამიტომ ვიმეორებ, ეს მოულოდნელი და წინასწარ განუსაზღვრელი ცვლილებების წელიწადია, რადგან ეს არის ზეაქტიური მაიმუნი და რომელი ტოტიდან სად გადახტება და რატომ, ამას აბსოლუტურად ვერ მოუძებნით ადეკვატურ ახსნა-განმარტებას. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი არაადეკვატური გადაწყვეტილება, მოქმედება, ურთიერთსაწინააღმდეგო კანონების მიღება, იქნება ძალიან ბევრი ტყუილი და ჭორი, სხვისი ნამოქმედარის თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობა... აქედან გამომდინარე, მაიმუნის წელი გვაძლევს საშუალებას, ადამიანებმა რეალურად გამოავლინონ თავისი ჭეშმარიტი სახე და წლის მეორე ნახევრისთვის უფრო მეტად გაირკვევა, ვინ ვის და რა გზით ატყუებდა, მათ შორის, ზემაღალ სახელმწიფო სტრუქტურებში. საბოლოოდ გაირკვევა ვინ არის თეთრი, ვინ არის შავი და ვინ - ნაცრისფერი. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი დაკარგავს თავის თანამდებობას. ეს არის სისხლის შეცვლის საუკეთესო პერიოდი საქართველოში, როცა მოვლენ ახალი რეფორმატორები, ახალი სერიოზული ლიდერები, ახალი ჯგუფები და ორგანიზაციები და ჭეშმარიტი პროფესიონალები და არამხოლოდ უბრალოდ ცნობადი სახეები, როგორც ეს დღეს არის ჩვენთან. საქართველოს რეალური აღზევება მოსალოდნელია უკვე 2020-21 წლებიდან, მანამდე სწორედ ეს პროცესებია ჩასატარებელი, რათა რეალურად შემოვიდნენ ის ახალი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს შემდგომ განვითარებასა და წინსვლას. აი, სწორედ ასეთი სერიოზული პროცესები გველოდება ჩვენ პოლიტიკის სფეროში.
- თვითონ მოსახლეობას რას ურჩევდით? როგორ უნდა მოიქცნენ 2016 წლის განმავლობაში და რისგან შეიკავონ თავი?
- მოსახლეობას ესაჭიროება სიმშვიდე და მოთმინება, რადგან რომ ვთქვა, პერიოდი ძალიან იღბლიანი და წარმატებული იქნება-თქო, ტყუილია. იქნება ბევრი გაჯერებული ტყუილი, კონფლიქტი, სკანდალი და ასე შემდეგ, რადგან, როცა ადამიანებს ხსნიან და რადიკალურად იცვლება ქვეყნის, მათ შორის, იდეოლოგიური მიმართულება, ეს ყოველთვის მტკივნეული პროცესებია. ამიტომ უნდა აღიჭურვონ მოთმინებით და გაიგონ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალური მოთმინება და თავდაჭერა გვმართებს კიდევ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, აქ არ უნდა დავუშვათ სერიოზული შეცდომები, ვიმოქმედოთ ფრთხილად, წინდახედულად, „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის" პრინციპით, რომ არ იყოს სულსწრაფობა და ახალი შეცდომები არ დავუშვათ. რასაკვირველია, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მაიმუნისთვის დამახასიათებელ გონებაგამჭრიახობას, ვიქნებით უფრო ოპტიმისტურები და უფრო მეტად იუმორით მივუდგებით სირთულეებს, მით უფრო ადვილად გავივლით ამ პერიოდებს და ყოველივე ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ეს ჩვენთვის.
ნინო ლაბარტყავა
გაზეთი „კვირის ქრონიკა"