საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე წარადგინა გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც უეჭველად დაამტკიცებენ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. ხელისუფლება კვირიკაშვილისთვის უცხო არ არის, ის 2013 წლიდან ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის ვიცე-პრემიერი იყო, ბოლო რამდენიმე თვე კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმუშავა. მომავალი პრემიერი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია და ადრე მის „ქართუშიც" მუშაობდა. ამ ფაქტორის გარეშე ხომ ჩვენში მაღალ თანამდებობებზე იშვიათად ინიშნებიან. ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი და რა გზა გამოიარა დღემდე?
გიორგი კვირიკაშვილი 1967 წლის 20 ივლისს, თბილისში დაიბადა. ოქროს მედალზე დაამთავრა იმ დროს საკმაოდ პრესტიჟული კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
1992 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალობის შეცვლა გადაწყვიტა და თსუ-ს ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პარალელურად მან მუშაობა დაიწყო „გაერთიანებული ქართული ბანკის" საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
სწავლის დასრულების შემდეგ, კვირიკაშვილი Trade Invest Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1998 წელს ის „გაერთიანებული ქართული ბანკის" ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის სამმართველოს დირექტორად დაინიშნა. იმავე წელს მან აშშს ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში.
1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, გიორგი კვირიკაშვილი სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადადის ფისკალური, მონეტარული და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ. ამავე წლის ნოემბერში, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დეპუტატი ხდება პროსამთავრობო პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო სიით, მაგრამ ძალიან მალე „ახალ მემარჯვენეებთან" გადადის. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, კვირიკაშვილი პოლიტიკიდან მიდის. 2004 წელს ის „პირველი კომერციული ბანკის" აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა.
2006 წელს გიორგი კვირიკაშვილს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაუმართლა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შემდეგ „ქართუ ბანკში" იწყებს მუშაობას. 2011 წლიდან კვირიკაშვილი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს... 2012 წელს კვირიკაშვილი ფირმა Lenzie Fisher Hendty LLH-ში მუშაობდა ფინანსური სექტორისა და საპენსიო რეფორმის ექსპერტად, მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მთავრობაში არ მიიწვია.
ეს მშრალი და საქმიანი ბიოგრაფიული ცნობებია გიორგი კვირიკაშვილის ცხოვრებისა. თუმცა, ცხადია, მისი ცხოვრება მხოლოდ სამსახურით არ შემოიფარგლება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას.
გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე ექიმი მაკა ცინაძეა. კვირიკაშვილმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო. გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი - ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს ჰყავს: 24 წლის ანა, 21 წლის ნინო, 19 წლის გიორგი, ოჯახის უმცროსი წევრი ნიკოლოზი კი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. გიორგი კვირიკაშვილისთვის თებერვალი უდავოდ გამორჩეული თვეა, ოთხივე შვილი თებერვალში შეეძინა. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პრემიერისთვისაც ივლისიც განსაკუთრებული თვეა. თავად და მისი მეუღლეც ივლისში არიან დაბადებულნი, ორივენი 1967 წელს - მაკა ცინაძე მეუღლეზე 10 დღით უფროსია.
გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ოფიციალური არხებით თითქმის შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის გაგება, გარდა იმისა, რაც მის ბიოგრაფიასა და ქონებრივ დეკლარაციაში ისედაც ასახულია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, მისი ყოფილი, „ქართუ ბანკის" თანამშრომლებისგან შევიტყვე მომავალი პრემიერის ხასიათისა და ცხოვრების რამდენიმე საყურადღებო შტრიხი.
გიორგი კვირიკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად მისი ყოფილი თანამშრომლები იმას მიიჩნევენ, რომ ეს კაცი გაბრაზებული თითქმის არასდროს უნახავთ. „ქართუ ბანკის" ყოფილი თანამშრომლები კვირიკაშვილზე ხუმრობდნენ - ბანკი რომ გაკოტრდეს, ამ კაცს, ალბათ, სახეზე ვერც შეატყობო. „ქართუ ბანკის" თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ინტელექტუალია და თითქმის არ არსებობს საკითხი, რის შესახებაც მასთან საფუძვლიანი საუბარი არ შეიძლებოდეს, ყველა თემაზე გამოგყვება და მინიმუმ, თავს არ შეირცხვენსო, მეუბნებიან. ასევე, იგონებენ, რომ ახალგაზრდობის წლებში, როცა მისი მეგობრები კროსვორდებს ავსებდნენ და „გაიჭედებოდნენ", მას ურეკავდნენ, - გიორგი, გვიშველეო. ეტყობა, კარგი მეხსიერება აქვს.
კვირიკაშვილს თამადობაც ყვარებია. „უყვარს ქეიფი, სიმღერა და დროსტარება". - მეუბნება ერთი ქალბატონი. ვნახოთ, ღარიბაშვილის ალავერდს როგორ გადაიბარებს...
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"