„რომელი უწყება საჭიროებს რეფორმირებას?" - „რეპორტიორის" მიერ დასმულ ამ შეკითხვას ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა უპასუხა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტროში ისეთი მდგომარეობაა, რომ პაციენტს და ექიმს ერთმანეთი მტრებად ეგულებათ. კლინიკის ხელმძღვანელები აღარ იყენებენ ტერმინს - პაციენტი, ისინი მათთვის კლიენტები არიან.
„პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რას წარმოადგენს სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა; ეს გახლავთ ერთი ავტორის მიერ გატარებული პროცესი, რომელსაც ქაღალდზე გადატანილი არცერთი სტრიქონი არ ახლავს.
საქართველოს მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩერჩილი ბრძენკაცი გახლდათ. მისი ფრაზაა: „როცა იწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი". სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" მიერ ერთმანეთის აწიოკებაში გატარებული წლები არის ზიანის მომტანი ქართული სახელმწიფოსთვის.
რაც შეეხება უწყებების რეფორმირებას, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტრო. სამინისტრო, რომელიც მხოლოდ პენსიების და სადაზღვეო თანხების დარიგებით არის დაკავებული, ვერ იცლის ჯანდაცვისთვის. პაციენტი და ექიმი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ერთმანეთი მტრებად ეგულებათ. აუცილებელია, ექიმების მოტივაციის გაზრდა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნული სამინისტრო ვერ იქნება წარმატებული ვიდრე არ გახდება დამოუკიდებელი სტრუქტურა და არ შეიქმნება შრომისა და სოციალური საკითხების ცალკე სტრქტურა.
ამას გარდა, მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის, ყველაზე მეტი კითხვის უცოდინარი ბავშვები საქართველოში არიან. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და განათლების სამინისტრო ამაზე უნდა მუშაობდეს. სამინისტროს არაბუნებრივად მიწებებული მეცნიერება უნდა ჩამოშორდეს. მეცნიერების განადგურების დიდი წილი მოდის „ნაციონალური მოძრაობის" სათავეში ყოფნის პერიოდზე. დაიხურა ბევრი აკადემიური ინსტიტუტი და მათი შენობები გაიყიდა. უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც სამინისტროს თანხმობას აძლევს, მოსწავლეებმა იმ სახელმძღვანელოებით ისარგებლონ, რომლითაც ახლა სწავლობენ.
ეს სამოქალაქო სექტორის პასიურობის ბრალიც არის. აუცილებელია, სტანდარტების მიმართ სწორი მიდგომები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შესაბამისი განათლება მიიღონ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის" - ამბობს ცისკარიშვილი.