reportiori.ge - „არ მინდა სწრაფი ცვლილებები, ყველა თანამშრომლის პოტენციალი უნდა შევაფასო და ისე მივიღო გადაწყვეტილება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:09
პრეს-დაიჯესტი
„არ მინდა სწრაფი ცვლილებები, ყველა თანამშრომლის პოტენციალი უნდა შევაფასო და ისე მივიღო გადაწყვეტილება“
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 11:29


საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს შინ ვესტუმრეთ. საუბარი დაწყებულიც არ გვქონდა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით აცნობეს, რკინიგზელები გაიფიცნენო. მართლაც უცნაურად დაემთხვა გარდამავალ პერიოდს (როდესაც ძველი მთავრობა მიდის და ახალი ჯერ არ დამტკიცებულა) ჯერ მაღაროელებისა და მერე რკინიგზელების გამოსვლები. სანამ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს საქმიანი სატელეფონო საუბარი აქვს, მის მეუღლეს და შვილებს ვესაუბრები:


მაკა ცინაძე, გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე: - მე და გიორგიმ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. 1990 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. 4 შვილი გვყავს - ნინო და ანა, სტუდენტები არიან. ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობენ  იესემში. გიორგი მეთერთმეტე კლასშია, უმცროსი ნიკოლოზი კი პირველკლასელი. როდესაც გიორგი მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს,  განსხვავებული ემოციები გვქონდა.


მისი ვაჟი, გიორგი, მეუბნება, რომ მამის წარდგენა მინისტრის პოსტზე ნახევრად გაუხარდა. ნინო და ანა კი მიიჩნევენ, რომ მამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი. ამასობაში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა დაასრულა სატელეფონო საუბარი და გაგვიმხილა, - ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმეო.


გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი პროფესიის არჩევის პერიოდის გახსენებით დავიწყეთ:  


- პატარაობიდან ვიფიქრე, რომ მედიცინა იყო სფერო, სადაც ადამიანებს დავეხმარებოდი. 


1984 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ძნელი იყო და მიზნად დავისახე, სწორედ იქ ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტში საშინელი კორუფცია იყო. რადგან ოქროსმედალოსანი ვიყავი, ერთი (ფიზიკის) გამოცდის ჩაბარების მერე მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში. იმ წელს მისაღები კომისიის თავმჯდომარე გია მაჩაბელი იყო, უპატიოსნესი კაცი. ჩანს, ობიექტურად ჩაატარა გამოცდები და, ამიტომაც მოვხვდი ინსტიტუტში. მაშინ გამოვიდა სულელური კანონი, სტუდენტები ჯარში მიჰყავდათ. 2 წელი ვიმსახურე ესტონეთში. დავბრუნდი და ისევ სამედიცინოზე გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ერთი წლის მერე გადავწყვიტე, დაუსწრებლად მესწავლა ეკონომიკის  ფაკულტეტზეც. საბაზრო ეკონომიკის პერიოდი იწყებოდა, კარგი მათემატიკური განათლება  მქონდა და ახალმა რეალობამ  დამაინტერესა. მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობა წითელ დიპლომზე დავამთავრე.


 ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე ექიმობის ინტერესი გამინელდა. ოჯახში მთხოვეს, იქნებ მომავალში შეიცვალო აზრი და სამედიცინო ინსტიტუტიც დაამთავროო. პირველი სამი კურსი სულ ფრიადებზე მაქვს გასრულებული, მერე სულ სამიანები მყავდა. საზეიმო ვითარებაში მივიტანე სამედიცინოს დიპლომი სახლში, რომელიც არ გამომიყენებია.


ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას „ვნეშეკონომბანკში" ვმუშაობდი. ეს ბანკი „ექსპორტ-იმპორტ ბანკად" გარდაიქმნა. მერე „შემნახველი ბანკი" „ინდუსტრია ბანკი", „ექსპორტ-იმპორტ ბანკი" გაერთიანდნენ და გაერთიანებული ქართული ბანკი ჩამოყალიბდა. იქიდან მეგობრების ჯგუფი „ბინსოცბანკში" გადავედით. ის, ფაქტობრივად, ნულიდან შევქმენით და საკმაოდ მომგებიან კომერციულ ბანკად გადავაქციეთ, სადაც მმართველის მოადგილე ვიყავი.


ამ პერიოდში ედმუნდ მასკის პროგრამით ამერიკის მთავრობამ დამიფინანსა მაგისტრატურაში სწავლება. ერთი წლითა და სამი თვით ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ვსწავლობდი. ძალიან გამიჭირდა ამერიკაში მარტო ყოფნა. უკვე სამი შვილი მყავდა და ძნელი იყო ოჯახის დატოვება. ამერიკიდან ჩამოსვლის მერე ისევ ბანკში გავაგრძელე მუშაობა. 1999 წელს სახელმწიფო კანცელარიაში გადავედი ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ. ამავე წელს პარლამენტის წევრი გავხდი „მოქალაქეთა კავშირის" სიით. „ახალი მემარჯვენეების" ფრაქციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი, შემდეგ ახალი მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები" დაფუძნდა. ამ მოძრაობის დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიდერები - დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე  გაიყვნენ. 2003 წლამდე დავრჩი „ახალ მემარჯვენეებში".


2003 წლის არჩევნებისთვის ეკონომიკის პროგრამის მომზადების სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. სიაში მეთერთმეტე ვიყავი, მაგრამ უარი ვთქვი დეპუტატობაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი მემარჯვენეებიდან" წამოვედი, დათოსა და ლევანთან ისევ ვმეგობრობ. უარის ერთ-ერთი მიზეზი იყო პარლამენტარის დაბალი ანაზღაურება - 800 ლარი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღების საშუალება მქონდა. გარდა ამისა, პოლიტიკა და ცხოვრების საჯარო წესი არ მხიბლავდა. ორი დღეა მაჩვენებენ ტელევიზიით. ცნობადი სახე არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიული საქმიანობა და საექსპერტო  სამუშაო იყო. ცხოვრების საჯარო წესის გამო უკვე დისკომფორტი მაქვს. ეს არის ერთ-ერთი დიდი დისკომფორტი, რაც ჩემს მინისტრად დანიშვნას ახლავს.


- ბიძინა ივანიშვილის გუნდში როგორ მოხვდით?


- „ახალი მემარჯვენეებიდან" წამოსვლის მერე ერთ-ერთ კომერციულ (პირველი კომერციული ბანკი) ბანკში ვიყავი აღმასრულებელი მენეჯმენტის მრჩეველი. იქ მუშაობის პერიოდში, 2006 წლის თებერვალში, მივიღე შემოთავაზება ბატონი ბიძინასაგან, რომ ბანკ „ქართუში" გამეგრძელებინა მუშაობა. 2011 წლის ოქტომბრამდე „ქართუს" გენერალური დირექტორი ვიყავი. მერე ერთი წელი ამერიკულ საკონსულტაციო ფირმაში ვიმუშავე და ცოტა ხნის წინ ბატონი ბიძინასაგან ისევ მივიღე შემოთავაზება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. დიდხანს ფიქრი არ დამცალდა. ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში წასვლით ყველაფერი პირადი, დარტყმის ქვეშ დააყენა და უფლება არ მქონდა, ჩემი პირადი ცხოვრების დისკომფორტის გამო უარი მეთქვა ამ შემოთავაზებაზე.


- რა არის თქვენთვის მთავარი საქმიანობისას?


- სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ. ჩემს ცხოვრებაში ისე ხდებოდა, რომ რაღაც ციკლის მერე თავიდან ვიწყებდი ყველაფერს. არასოდეს ისე არ ვიქცეოდი, რაც კარიერულად სასარგებლო იქნებოდა. სულიერი სიმშვიდე, ოჯახთან ყოფნა და ანალიტიკური საქმიანობა მირჩევნია. თუმცა არც „ქართუ" ბანკში მქონია მშვიდი სამუშაო. ეს იყო ბიზნესზე ორიენტირებული ბანკი, სადაც იმდენი მოვახერხეთ, რომ არ გვქონოდა ხისტი კაპიტალისტური მიდგომა. ჩვენთვის მთავარი იყო ადამიანური დამოკიდებულება. ეს ჰუმანურობისა და კაპიტალიზმის ნაზავია. ამის საშუალება ჩვენმა დამფუძნებელმა მოგვცა, რომელიც ბანკისგან ზემოგებებს არ ითხოვდა და გვეუბნებოდა, ისე მიუდექით ბიზნესს, რომ ვიღაცას სახლი არ წაართვათო. ჩვენი მიდგომა ასეთი იყო: აგვერიდებინა ადამიანებისათვის სარისკო გადაწყვეტილების მიღება.


- როგორია სამუშაო გარემოში ბიძინა ივანიშვილი?


- ძალიან კარგად იღებს არგუმენტებს. თუ მასთან უარგუმენტოდ მიიტანე რამე წინადადება, მისი განხილვა იქვე დამთავრდება. როდესაც საკითხს დასვამ, აუცილებლად შეგედავება და თუ არ შეგიძლია მოსაზრების დასაბუთება, ჯობს, ამ საკითხზე არც მიხვიდე. ბატონი ბიძინას დიდი პლუსი ის არის, რომ ზედაპირულად არ იღებს გადაწყვეტილებებს. ჯერ არგუმენტს  მოისმენს, მერე კი გკითხავს ამ თემის გაგრძელების ალბათობას. თუ თემის განვითარების რამდენიმე ვარიანტია, შეგეკითხება, რამდენი პროცენტია ერთი ან მეორე მიმართულებით პროცესის სწორად განვითარების ალბათობა. თვლის ყველაფერს.


- ეს მეთოდი გამოიყენა პოლიტიკაშიც?


- შედეგიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მეთოდურად გათვალა ეს ერთი ურთულესი წელი, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა. ბატონ ბიძინასთან ხშირი შეხვედრებით განებივრებული არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ რამდენიმე შეხვედრაზე, რაც მასთან მქონია, ბანკის სტრატეგიასა და პოლიტიკას ასე განვიხილავდით. 


- ეკონომიკის სამინისტროში დასანერგ სიახლეებზე თუ იმსჯელეთ მომავალ პრემიერთან?


- ჯერჯერობით ძალიან დაკავებულია, ცალკეული სამინისტროების მუშაობაში არ არის ჩართული. ჯერ დამოუკიდებლად ვმუშაობ. ბატონ ბიძინასთან მუშაობის კომფორტი ის არის, რომ სტრატეგიულ საკითხებს ითანხმებს, მერე კი აბსოლუტურად დელეგირებული აქვს სამუშაო.


- რა სტრატეგიული საკითხებია შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან?


- ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები, სამინისტროებში რა ტიპის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. ძალიან კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა გადაბარება. შეხვედრა მქონდა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. არც ერთი მხრიდან ხელის შეშლას არ ვგრძნობ. უკვე პირველი მოადგილე მოვიყვანე, დიმიტრი ქუმსიშვილი.


- ბატონი დიმიტრი „პალიტრამედიის" ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო.


- მანამდე დიმიტრი ქუმსიშვილი „ქართუში" ჩემი მოადგილე იყო და მასთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს. შრომისმოყვარე და ღირსეული ადამიანია. ჩვენ კარგად ვმუშაობთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ხასიათით ძალიან განვსხვავდებით. დღეს ეკონომიკის მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოადგილე შევარჩიე. პირველი მოადგილე ისეთი ადამიანია, რომელთან ერთადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, დანარჩენს შევხედავ.


ეკონომიკის სამინისტრო ბევრ მიმართულებას მოიცავს. მას დაემატება ბუნებრივი რესურსების ხარჯვის კონტროლი და ინფრასტრუქტურა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით, თავი გავართვათ.


- წინა ხელისუფლების მიდგომებიდან რა არის თქვენთვის მიუღებელი?


- კატეგორიულად მიუღებელია ბიზნესმენებთან დამოკიდებულება. ადამიანს, რომელიც გადასახადს იხდის, არ უნდა „სთხოვო", დამატებით რაღაც ააშენოს ან დააფინანსოს. მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ბიზნესის კეთებას. ბოლო პერიოდში აფუძნებდნენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს ჰქონდა წილები.


საერთაშორისო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბიზნესის ყველაზე არაეფექტური მმართველია.


ბიზნესსექტორი უნდა წაახალისო, რომ საქმე აკეთოს. თუ არის სახელმწიფო ქონება, რომლის გასხვისება არ გინდა, ძალიან კარგი ფორმაა მართვის უფლებით გადაცემა და სახელმწიფომ შედეგებს უნდა გაუწიოს მონიტორინგი. სულ მეკითხებიან ლაზიკაზე. ეს პროექტი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ სახელმწიფომ ის არ უნდა ააშენოს. ლაპარაკი არ არის ქალაქის აშენებაზე. იმ ადგილას რომ იყოს პორტი ან სარკინიგზო კვანძი, ალბათ, ეკონომიკას ბიძგს მისცემს და არ არის ცუდი. ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ფინანსების მოძიებით და არა სახელმწიფო რესურსების ხარჯზე. ამაში ბიუჯეტის ფული არ უნდა დაიხარჯოს. თუ ის გადაკეთდება ინფრასტრუქტურულ პროექტად, შეიძლება სახელმწიფო მასში მონაწილეობდეს, მაგრამ უკეთესია, ასეთ პროექტებში მეტი კერძო კაპიტალი იყოს.


- ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე სკეპტიკურად უყურებდა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საფრთხეებზე მსჯელობას.  თქვენ რომელი ობიექტები მიგაჩნიათ სტრატეგიულად, რომლის გასხვისებაც არ შეიძლება?


- არასწორი იქნება ამაზე ახლა კომენტარის გაკეთება. მალე ჩამოყალიბდება ახალი მინისტრთა კაბინეტი და ვიმსჯელებთ. აუცილებლად იქნება ისეთი ობიექტების ნუსხა, რომელიც არ გასხვისდება და ეს ჩვენ წინასწარ გვაქვს დეკლარირებული. 


- ძალიან ხშირად მიდის მსჯელობა მონოპოლიების თემაზე. ამ პრობლემას როგორ დაძლევთ?


- მონოპოლიები უმწვავესი საკითხია. გაცილებით იოლია ჩაერიო საწყის ეტაპზე, რომ ძირშივე აღკვეთო, ვიდრე შექმნილი მონოპოლიების სტრუქტურა დაშალო. ფაქტობრივად, ამ მონოპოლიებს აქვთ შიდა ინფრასტრუქტურა. ყველაზე რთული ის არის, რომ ექსკლუზიური ხელშეკრულებები აქვთ დადებული მომწოდებლებთან. არ დაგიმალავთ, ამ მხრივ ძალიან მძიმე სურათია ფარმაცევტიკაშიც. ერთადერთი გზა არის, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალი ბიზნესების შემოსვლას არსებულ ბაზრებზე და გავაძლიეროთ კონკურენციის სააგენტო. კანონი ისეთია, რომელიც კონკურენციის სააგენტოს, ფაქტობრივად, მოქმედების უფლებას არ აძლევს. კონკურენციის სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყება, არ იყოს არც ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში და უნდა ჰქონდეს მოქმედების შეუზღუდავი არეალი. მას უნდა ჰქონდეს უფლება, სასამართლოში მოსარჩელედ გამოვიდეს და კარტელური  შეთანხმებების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი. უპირველესად კანონმდებლობაა შესაცვლელი.


ძნელია ფესვგადგმული ოლიგოპოლიის დაშლა, მაგრამ არსებობს აღმოსავლეთევროპული გამოცდილება მონოპოლიების დაშლაში და ამ გამოცდილებასაც გამოვიყენებთ.


- რამდენიმე დღის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საშუალო ბიზნესის განვითარება. რატომ არის ეს სეგმენტი პრიორიტეტული თქვენთვის?


- ბანკ „ქართუში" გვქონდა დაკვირვება, რომ ძალიან პერსპექტიული იქნებოდა 1,5-2 მილიონ დოლარამდე ვალდებულებების მქონე კომპანიების დაფინანსება, რომელიც არის საშუალო ნიშა. დავიწყეთ ამ ტიპის კომპანიების ძებნა ბაზარზე და აღმოჩნდა, რომ თითქმის  არ არსებობდა. იყო მეგაკომპანიები და მცირე. შუა ნიშა მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მოისპო და  ამას ჰქონდა როგორც ფინანსური (რომ მონოპოლიებს ეშოვათ დიდი ფული), ასევე პოლიტიკური მოტივაცია. რაც უფრო ცოტა იქნება საშუალო ნიშაში მყოფი კომპანიები, მით უფრო ადვილი საკონტროლებელია ფულიანი ადამიანების საზოგადოება. წვრილი ნიშა კი არც იყო საინტერესო ხელისუფლებისთვის. როდესაც ბიზნესმენს აქვს 1 ან 2 მილიონი, მას უჩნდება მოტივაცია, მოქალაქეობრივი პოზიცია, რომ ვინმეს მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს.


თუ ქვეყანაში გაჩნდება 1 და 2 მილიონის მქონე 5-10 ათასი კაცი, ეს პრობლემა ხდება ისეთი ტიპის ხელისუფლებისთვის, როგორიც საქართველოში იყო. ამიტომაც მიზანმიმართულად განადგურდა ეს სეგმენტი.


ახალი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, ძლიერი საშუალო ნიშის შექმნა, რომელიც ქვეყანაში სოციალურ რისკებსაც მოხსნის. 


- გაქვთ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგები?


- ჯერ კონკრეტულად რაიმეს თქმა ძნელია. ჯერ სტრუქტურული მოდერნიზებაა საჭირო, რათა ეკონომიკა გახდეს კონკურენტუნარიანი. თუმცა ვიტყვი, რომ სოფლის მეურნეობის წახალისებას დიდი ეფექტი ექნება, რადგან იქ ბევრი ადამიანია დასაქმებული. ამ სფეროს წახალისებით ბევრი ადამიანის სოციალური  პრობლემა მოგვარდება.  


- არსებული გადასახადები რამდენად არის პრობლემა ეკონომიკისათვის?


- იმდენად გადასახადები არ არის პრობლემა, რამდენადაც თამაშის წესების სიცხადე. როდესაც თამაშის წესები ნათელია და პროგნოზირებადი, მაშინ გადასახადების დონე განსაზღვრულია და სახელმწიფო არ ითხოვს დამატებით ვალდებულებებს ბიზნესისგან.


- ახალი ხელისუფლება რა თამაშის წესს სთავაზობს ბიზნესს?


- ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ მინიმალურად ჩავერევით ბიზნესში, რომ ბიზნესგარემოში ნებისმიერი ცვლილება კარგა ხნით ადრე გამოცხადდება იმისათვის, რომ მოესწროს ახალ პირობებზე რეპოზიციონირება, გადაწყობა. გადასახადებზე ადმინისტრირება მკაცრი იქნება და არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით კონტროლი შესუსტდება.


იმედია, ბიზნესმენები შვებით ამოისუნთქავენ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე.  


- სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, აიკრძალოს თუ არა კაზინოები, საზოგადოდ, სათამაშო ბიზნესი. რას აპირებთ ამ მიმართულებით?


- ჩემი პოზიცია ასეთია, - ბიზნესისთვის ნებისმიერი ცვლილება წინასწარ უნდა იყოს ცნობილი. სათამაშო ბიზნესიც ისეთივეა, როგორიც სხვა. ამიტომაც თუ ასეთი რამ დაიგეგმა, მათ დრო უნდა მივცეთ, რომ შეძლონ გადაწყობა.


- ჰესების გაუთვლელმა მშენებლობამ რამდენიმე რეგიონში ბუნებრივი გარემო დააზიანა. რა იქნება ახალი მთავრობისთვის პრიორიტეტი - ელექტროენერგიის გამომუშავება თუ გარემოს შენარჩუნება?


- ასეთი მეგაპროექტები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა განიხილოს. სამინისტროს დასკვნის გარეშე არც ერთი პროექტი არ უნდა გაკეთდეს. ეკონომიკის ზრდა არ ღირს იმად, რომ საქართველო მოვსპოთ. როგორ შეიძლება მომწონდეს, რომ ეკონომიკურ ზრდას შეეწიროს ბუნებრივი გარემო და ლანდშაფტი. ამის შედეგი იქნება მოკლევადიანი ეფექტის მქონე, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი შედეგი დამანგრეველი იქნება. ტურიზმი და ეკოტურიზმი, რითაც ვამაყობთ  და რაც ჩვენი ერთ-ერთი  უმთავრესი სავაჭრო ნიშანია, აღარ იარსებებს და ვინღა ჩამოვა საქართველოში?


საქართველოში ძალიან ბევრი ინიციატივიანი ადამიანია, ვისაც შეუძლია აკეთოს ბიზნესი, მაგრამ ისეთი გარემო იყო შექმნილი, ყველა სახელმწიფო სამსახურს ეძებდა. მას მერე, რაც ეკონომიკის მინისტრად დამასახელეს, აფეთქდა ჩემი ტელეფონები. ყველას ვერ დავეხმარები და შევეგუე ამ ამბავს. ამ თანამდებობაზე წასვლისას ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი ეს არის. უნდა შევეგუო, რომ ამას შეეწირება იმ პირთა კეთილგანწყობა, რომელთაც წლების განმავლობაში ვაშენებდი და ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი. სამინისტროში, სადაც მივდივარ, ადამიანები მუშაობენ და მათ უკან ოჯახები დგანან. ბანკის მმართველობისას ჩემთვის ტრაგედია იყო თანამშრომლის დათხოვნა და ახლაც ეს განცდა მაქვს. არ მინდა სწრაფი ცვლილებები. ყველა თანამშრომლის პოტენციალი უნდა შევაფასო და ისე მივიღო გადაწყვეტილება.


- ახალი ხელისუფლება ლაპარაკობს კომუნალური გადასახადების ტარიფების დაწევაზე. თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ იკავებდა ამაზე თავს წინა ხელისუფლება?


-  მათთვის მეტის და მალე ამოღების სურვილი იყო მთავარი. კომუნალური გადასახადების ტარიფების დათვლა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და შეკითხვებიც ნაკლები გაჩნდება. ჯერჯერობით პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდები და თუ მისი ნება იქნება, შევუდგები ამ საქმეს. ღმერთს ვთხოვ, დამეხმაროს მუშაობაში.

 

იზო რიკაძე

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016