reportiori.ge - ბუბა კიკაბიძე: სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არ იდო საჩუქარი, იმიტომ, რომ მამა არ იყო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:19
პრეს-დაიჯესტი
ბუბა კიკაბიძე: სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არ იდო საჩუქარი, იმიტომ, რომ მამა არ იყო...
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 02:18


შელია იყო გამომცდელი, ცხვირი აწითლებული ჰქონდა, წინა დღის ნაქეიფარი იყო. წადი ახლა და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო... ერთი ბოთლი მოიყუდა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო. ნაქეიფარი გახლავართ-მეთქი. ჩამომითვალე, რა ელაგა თქვენს სუფრაზეო. დავიწყე: გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრეს-მეთქი. აუტყდა სიცილი...


ამ „სირთულით"  ჩაიარა დანარჩენმა გამოცდებმაც ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან საახალწლო განწყობით მინდოდა დამეწყო, თუმცა მისმა მონათხრობმა საახალწლო ამბავმა, თავდაპირველად, ცოტა დამაბნია. ის ხომ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელთა მამებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ. "თოვლის ბაბუა არის მამა... ოჯახის კაცი, ვინც უნდა მოვიდეს ღამე და ბავშვმა დილით ნახოს ფეხსაცმელში ჩადებული მისი დანატოვარი საჩუქარი... მე სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არაფერი არ იდო, იმიტომ, რომ მამა არ იყო..." და მაინც, არ არის ეს ინტერვიუ სევდიანი საოცრად გულწრფელი და თბილია...


 

გიჟს ჰგავდა დედა...


ჩვენს თაობას ძნელი ბავშვობა ჰქონდა. მამა თითქმის არავის ჰყავდა. ყველა ჯარში იყო. მამაჩემს თვალების პრობლემა ჰქონდა და დატოვეს, მაგრამ თავისი სურვილით წავიდა. ქერჩში დაიღუპა. დიდ ეზოში ვცხოვრობდით, ძერჟინსკის #10-ში. ვინც რას შოულობდა, ყველაფერს ვიყოფდით. არ იყო მაშინ რკინის კარი და ინგლისური საკეტები. გადაკეტავდა დედა სახლის კარს და გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ მიტოვებდა. ასე იყვნენ სხვებიც. ჩვენს გვარში ყველა მღეროდა. დედა ჯერ ძმასთან, ძია ჯანოსთან მღეროდა, მერე  კაპელაში, 40 წელზე მეტხანს გალობდა სიონის ტაძარში. წმინდა ნინოს ორდენი ჰქონდა მიღებული. მე კი ერთი ათაღლარა ბიჭი ვიყავი. ჯერ მესამე კლასში დამტოვეს, შემდეგ  მეექვსეში, მერვეში. გიჟს ჰგავდა დედა.



მშენებლობიდან უცხო ენებში


ჩვენს სახლთან ცოტა მოშორებით ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ. მათ სადარბაზოს კარგი აკუსტიკა ჰქონდა. რომ წამოვიზარდეთ, იქ გიტარებით დავსხდებოდით და ვმღეროდით. ზურა ხელაია ჩვენზე უფროსი იყო, კარგ სიმღერებს წერდა. ერთხელ წაგვაწყდა, ღამით რომ ვმღეროდით. წამო ჩემთან სამედიცინო ინსტიტუტში და იქ იმღერეო. მაშინ ვნახე პირველად მიკროფონი. იმ პერიოდში ყველა ინსტიტუტში ვიმღერე, გარდა ზოოვეტერინარულისა. მხოლოდ მათ არ ჰყავდათ თვითმოქმედი ანსამბლი. ყველაზე ლამაზი გოგონები უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდნენ, ინიაზში, როგორც მაშინ ვეძახდით. ლექციები რომ მთავრდებოდა, ნახევარი თბილისის ბიჭები ინიაზის წინ იდგნენ. იმხანად დაბრუნდა თბილისში გელა ჩარკვიანი. მითხრა, ჩემს მეგობარს პატარა ორკესტრი ჰყავს და კურსის გამოსაშვები საღამო აქვთ უცხო ენებში, იქნებ მიეხმაროო. მართლაც ვიმღერე. ლექტორს ვეუცხოვე, ეს ბიჭი ჩვენთან სწავლობსო? არა, მშენებლობაზე მუშაობსო, უპასუხიათ. რუსულ სკოლას ვაშენებდით ენგელსის ქუჩაზე. არ უნდა უცხო ენებში ისწავლოსო? არადა, ენის გაგებაში არ ვიყავი. მირჩიეს, წადი, ბიჭო, პედაგოგს მოგამაგრებენ, მოგამზადებს და ჩაგრიცხავენო. ასეც მოხდა. დადგა აგვისტო. პირველი გამოცდა ისტორიაში გვქონდა. რომ მივედი, ფეხები მომეკ­ვეთა, ჯერ ერთი, წინადღის ნაქეიფარი ვიყავი, მეორე, ამდენ გოგოს შორის ერთი ბიჭი აღმოვჩნდი. ეს გოგოები ინგლისურად საუბრობენ. შელია იყო გამომცდელი. ცხვირი აწითლებული ჰქონდა, ისიც წინადღის ნაქეიფარი იყო. რა გვარი ხარო, მკითხა. ვუპასუხე. წადი ახლა, კიკაბიძე, სამ საათში მოდი და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო. სამ საათში მართლაც ყველა გოგო გავიდა გამოცდიდან. შელიამ ერთი ბოთლი გამოცალა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო, მითხრა. ნაქეიფარი გახლავართმეთქი, არ დამიმალავს. ჩამომითვალე, რა ელაგა წუხელ თქვენს სუფრაზეო. დავიწყე: კიტრი, პომიდორი, ხაჭაპური, გოჭი... გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ს ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრესმეთქი. აუტყდა სიცილი. მოკლედ, ისტორიაში ოთხიანი დამიწერეს. ამ "სირთულით" ჩაიარა დანარჩენმა გამოცდებმაც. გავხდი სტუდენტი, მაგრამ სწავლა დაიწყო თუ არა, რეპეტიციაზე ამიყვანეს. რეპეტიციების კვალდაკვალ კონცერტები რიკინ-რიკინით მიდიოდა და პოპულარული გავხდი.



 ასე დავიწყე...



"რეროს" სახელმწიფო ორკესტრისთვის კონკურსი გამოაცხადეს. ძია ჯანოს ვთხოვე, მიმიყვანე, გამსინჯონ მეთქი. არ მიმიღეს, ხრინწიანი ხმა გაქვსო. დასკვნა ასეთი იყო: "Его хриплый голос отдает загнивающим Западом". ასე ეძახდნენ მაშინ დასავლეთს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ, წინასწარ წამოვედი ინსტიტუტიდან. მოკლედ, ვზივარ სახლში. ამ დროს დამირეკა ვახტანგ გოჩიაშვილმა, რომელიც იმ საბჭოში მჯდარა, რომელმაც დამიწუნა. გვარს თუ გამოიცვლი, 2 კვირაში რუსეთში გასტროლებზე წაგიყვანო. დედამ, ჩემი გვარით წადი, ბაგრატიონზე კარგი გვარი რა არისო... პირველი კონცერტი როსტოვში ჩატარდა. პირველ წერილში, რომელიც ჩემზე დაიწერა, მიწასთან ვიყავი გასწორებული: "კონცერტის ბოლოს გამოდის ახალგაზრდა, გამხდარი მამაკაცი და ხრინწიანი ხმით ყვირის მოკროფონში",  ეს იყო 1959 წელი. ასე დავიწყე... შემდეგ "დიელოში" ვმღეროდი, პირველად საზღვარგარეთ მათთან ერთად გავედი. ვინც საზღვარგარეთ დადიოდა, ფარ­თოდ გახელილი თვალებით უყურებდნენ, თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი. მერე იყო "ორერა", რომელთან ერთადაც ხუთივე კონტინენტი მოვიარე... ახლახან ვიყავი ყაზახეთში, ისრაელში, მონტე-კარლოში, უკრაინის 10 ქალაქი მოვიარე. უკრაინამ სახალხო არტისტის წოდება მომანიჭა და 2015 წლის მამაკაცად დამასახელეს.


ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის...


დედას მეგობრები რომ შეხვდებოდნენ, ერთი იტყოდა, ჩემი რეზიკო ლექციებს კითხულობსო, მეორე იტყოდა, ჩემმა სადოქტორო დაიცვაო. დედა თურმე წითლდებოდა და თავჩაქინდრული ამბობდა, ჩემი ბუბა ბარაბანზე უკრავსო. ქება არ იცოდა, ოთარაანთ ქვრივივით იყო. ერთხელ მითხრა, რადგან შენს კონცერტებზე ბილეთებს ყიდულობენ, ალბათ, მე რაღაც არ მესმისო. სულ უნდოდა, ერთად სიმღერა ჩაგვეწერა. მეც სულ ვერ ვაბამდი თავს. ხომ იცით, სანამ დედა ცოცხალია, გგონია, სულ გვერდში გეყოლება. ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის... ჩვენ რომ გაჭირვებაში ვიცხოვრეთ, ბევრს არ უნახავს ასეთი. ცოტა რომ დავდექი ფეხზე, ბინა გავუკეთე და არ გადავიდა, მეზობლებს ვერ დავტოვებო. კუპონები რომ შემოვიდა, აირია ქალი, მილიონი, 2 მილიონი... ერთხელ პროდუქტი მივუტანე და მეკითხება, რამდენი დახარჯეო. დიდი არაფერი, დიდუბეში დატოვეს ჩემი მეგობარი ძველი რაიკომის მდივანი, რომელიც საბჭოთა ფასებით მუშაობს მეთქი. გაიხარა, დაუძახა მეზობლებს, დაურიგა, ბუბას ისეთი ძმაკაცი ჰყავს, კიდევ მომიტანსო.


ნაძვის ხეები უცნობისგან


მამა რომ გავხდი, 30 დეკემბერია, ბავშვებთან ერთად ხელოვნურ ნაძვის ხეს ვრთავ, კარზე ზარია. გავაღე, პატარა ბიჭს ცოცხალი ნაძვის ხე უჭირავს. ბუბა ბიძია, ეს თქვენთან გამომატანეს. ვიღაც კაცმა ფული მომცა და მითხრა, ბუბას აუტანეო. ვერ გავიგე, ვისგან იყო. მოვრთეთ, ბავშვებმა გაიხარეს. მეორე წელს კიდევ მოიტანეს, მერე კიდევ... ერთხელაც აღარ მოიტანეს. იმ პერიოდში მეგობარი საავადმყოფოში იწვა და სანახავად ავედი. მოსაწევად გავედი და იქ ერთი მამაკაცი შემომიერთდა. მივყევით- მოვყევით... რა დიაგნოზი გაქვთმეთქი, შევბედე. კიბო მჭირს, ეჰ, ვეღარ გიგზავნი ნაძვებსო. თურმე ის იყო. ახლაც ხმა მებზარება, რომ ვიხსენებ. უკვე მერამდენე წელია, ჩიჩილაკს ვდგამთ. ჩვენი მეკვლეები, ძირითადად, შვილიშვილები არიან... ბევრნი ვართ- 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი მყავს. ეს პატარა მაგიჟებს... ადრე ჩვენში კავკასიური ნაძვი ხარობდა. პატრიარქის ქადაგების თანახმად, აღუდგენიათ ეს ჯიში. ახლახან დამირეკეს, შევარჩიეთ რამდენიმე გვარი, მათ შორის თქვენიც და მოგართმევთო. მე დავრგავ და ჩემი გვარის სახელზე გაიზრდება ის ხე.


"შენ რომ რამე დაგემართოს, ლამაზ კაბას შევიკერავ...



ნანი ბრეგვაძე: იცით, ბუბა რაზე დამცინის ხოლმე? ამ ამბავს ხშირად იხსენებს. ერთხელ ბუბამ კომპლიმენტი მითხრა, შავი კაბა მეცვა და ძალიან გიხდებაო. მაშინ ცუდად იყო, ოპერაცია გაუკეთეს, მე კიდევ დაუფიქრებლად ვუთხარი: ბუბა, შენ რომ რაღაცა დაგემართოს, მე ახალ, ძალიან კარგ კაბას შევიკერავ, ან ვიყიდი და იმ კაბით დავჯდები პანაშვიდზე-მეთქი. გაგიჟდი, გოგო, რას მეუბნებიო. მერე მივხვდი, რა ვუთხარი....მას შემდეგ ამ ამბავს ყველასთან ჰყვება, აი, ასე ემზადება ნანიო. ნიჭიერი ადამიანია, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით, მიყვარს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და სულითა და გულით ვულოცავ ახალ წელს".


"ონ ნას ნე ლიუბიტ"


ნანი ბრეგვაძე: "ბუბასნაირი პოპულარული ადამიანი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე არ შემხვედრია. საზღვარგარეთ ხშირად ვყოფილვართ ერთად. უნდა გენახათ, რა ხდებოდა ქუჩაში. მის დანახვაზე ხალხი გამორბოდა. დღემდე მისტირის მთელი რუსეთი: "ონ ნას ნე ლიუბიტ". ეს მათთვის დიდი ტრაგედიაა, რუსეთს რომ არ ეკარება. ერთმა იმპრესარიომ,  ბუბა ოღონდ წამოვიდეს ჩვენთან კონცერტზე, საკუთარ თვითმფრინავს გამოვუგზავნიო, ძალიან კარგ პირობებსაც სთავაზობდა, ბუბამ კი, წადით, თქვენი დედაცო".



"მაწუხებს, რომ საქართველო ორად არის გაყოფილი"


თაობა მიდის  გია დანელია არ არის კარგად, რიაზანოვი გარდაიცვალა, მე 77 წლის გავხდი... "მიმინო" განსაკუთრებულად მიყვარს. სამხატვრო საბჭოს რომ აჩვენეს და დავინახე, როგორ გადმოცვივდნენ სკამებიდან, მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა... ახლა იმ ასაკში ვარ, ცხოვრებისეული დასკვნები რომ უნდა აკეთო... თუ სიტყვა თქვი, უნდა შეასრულო; ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია; ოჯახი არ უნდა დაანგრიო; სახლი ააშენო; ხე დარგო... ეს წინაპრებისგან ვიცით, მაგრამ ვაკეთებთ, რო... ძნელია კაცურად სიარული... ახალ წელს მივულოცავ ყველას. ძალიან მაწუხებს, რომ საქართველო ორად არის გაყოფილი. ერთი მეორეს აგინებს და პირიქით. მინდა, მშვიდობა იყოს, სიმღერა, ღიმილი, წყნარი ცხოვრება. ოპტიმისტი ვარ, ვთვლი, ყველაფერი კარგად იქნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016