reportiori.ge - „ჩვენი რძე ბევრად იაფი იქნება, ვიდრე პაკეტებში ჩასხმული“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:30
პრეს-დაიჯესტი
„ჩვენი რძე ბევრად იაფი იქნება, ვიდრე პაკეტებში ჩასხმული“...
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 22:04


 

ძალიან მინდა, ის რძის ნაწარმი, რომელსაც გავყიდი, ლამაზად შეფუთული იყოს, ისე, რომ ადამიანს არა მხოლოდ რძის გემო ესიამოვნოს, არამედ ვიზუალურადაც მოეწონოს. ამიტომაც შროშაში წავედი, ულამაზესი თიხის ქოთნები შევუკვეთე, რომლებშიც რძის ნაწარმს ჩავასხამ...

 

"ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელმა კრიზისულმა ვითარებამ მსხვილი ბიზნესიც დააზარალა და მცირეც, გაუჭირდა ხალხს; თუმცა ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, ვინც საკუთარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ახერხებენ ფეხზე დადგომას; ვინც იცის, რომ მიწა მარჩენალია და ყველამ და ყველაფერმა რომ მიგატოვოს, ის მაინც გიპატრონებს!" - მეუბნება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში თამარ დავითური და მათვალიერებინებს, რა შეძლო მისმა­ ოჯახმა, როცა მიწას მიუბრუნდა.


მეც უკან მივყვები და გულში განგებას მადლობას ვეუბნები, რომ რაც უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმედს გიღვიძებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, თორემ წუწუნი არაფერზე არ ღირს, ყოველთვის გამოჩნდება საშველი. ხელს რომ გაანძრევ, აუცილებლად დაგეხმარება განგებაცა და ადამიანიც. ჩვენ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი გვეხმარება, თავად კი ამბობს, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ჩემი ვალია, რჩევა ყველას მივცეო, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, ასე არ არის  ერთ ადამიანს იმაზე რომ შესტკივა გული, მეორეს საქმე გამოუვიდეს და შეუძახებს, ეს ისეთი სტიმულია, ზოგჯერ კაცს მთას დააძვრევინებს... ამ "მთების დაძვრა" იმ დროიდან მქონდა ჩაფიქრებული, როცა წლების წინათ მთელ ქვეყანასთან ერთად მეც გამიჭირდა. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, და მოვიფიქრე მე და ჩემი ქმარი საცხობებში პურს ვყიდულობდით და მაღაზიებს ვაბარებდით სავსე ყუთებს. იმ წლებიდან ჩემთვის საუკეთესო გასახსენებელი ის არის, რომ ხალხი მენდობოდა,  ყველა იმ მაღაზიის გასაღები მქონდა ჩაბარებული, სადაც პური შეგვქონდა.


არავის გასჩენია ეჭვი, რომ შეიძლებოდა რაიმე ფასეული წამეღო. ასე მოვითქვით სული და ამასობაში ჩემმა შვილმა მუშაობა დაიწყო. ოჯახი შექმნა, 3 შვილი ეყოლა და როცა ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მხარში ამოდგომა, მაშინ დაკარგა სამსახური. როგორ უნდა გავჩერებულიყავით უმოქმედოდ?! დუშეთის სოფელ გობიდან ვართ, სახლი იქ ყოველთვის გვედგა. მე და ჩემი მეუღლე ბოსტანსაც ვთესავდით და ხეხილსაც ვუვლიდით, მაგრამ ოჯახის სარჩენად სხვა უფრო სერიოზული საქმე იყო საჭირო და ცოტ-ცოტა ყველაფრის მოშენება გადავწყვიტეთ. ცხოველებისა და ფრინველების პატარა სადგომი ავაშენეთ, რომელიც ღორების, ქათმებისა და იხვების კიდევ უფრო პატარ-პატარა სადგომებად დავყავით.


- ალბათ, პირველად ძროხით დაიწყეთ... - როგორც ამბობენ, თუ სოფელში ბიზნესს იწყებ, მას ყველაზე "კარგი ფეხი" აქვს.



 - ძროხა რომ ოჯახის მარჩენალია, მაგას რა ლაპარაკი უნდა! პირველი პირუტყვი ნასესხები ფულით ვიყიდე და ყველის ამოყვანა დავიწყე. ყველს ვყიდდი, ნასესხებ ფულს ვისტუმრებდი და ცოტაოდენ რძის ნაწარმს შვილიშვილებისთვისაც ვინახავდი. მომდევნო წლის შემოდგომაზე ბოსელში უკვე 10 სული პირუტყვი დავაბი თავის ბოჩოლებიანად. ახლა 35 სული პირუტყვი მყავს. ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა და რომ გვეგონა, ფეხზე ვეღარ წამოდგებოდა, ყველა საქმეში მეხმარება... ყველაფერს უვლის, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაკუთრებით ფრინველს  იხვებსა და ქათმებს ვზრდი. წიწილები თელეთიდან ჩამოვიყვანე. მუნჯი იხვებიც ვიშოვე. ეს იხვები განსაკუთრებულად უყვართ უცხოელებს, ალბათ, იმიტომ, რომ ხმაურით არავის აწუხებენ. გარდა ამისა, ხორციც გემრიელი აქვთ და კარგად იყიდება.


- ამდენი ფრინველის გამოკვება ნაყიდი მარცვლეულით ადვილი არ იქნება.


- მარცვლეული თავად მოგვყავს. შარშან უფრო გაგვიმართლა 40 ტონა სიმინდი და 30 ტონა ხორბალი მოვიყვანეთ. წლევანდელმა გვალვამ მეხუთედის მოყვანაც არ დაგვაცალა, მაგრამ რაც მოვიყვანეთ, ის ხომ ჩვენია და ყიდვაში ფულს არ გადავიხდით.


- კრედიტის აღებაც დაგჭირდებოდათ ბანკიდან.


- ბანკები მსხვილ ბიზნესს არიან მიჩერებული, დიდი შემოსავალი აქვს და მოგებაც მეტი; ამიტომ კრედიტსაც მათ აძლევენ; მაგრამ ცოტა იმ კაცსაც უნდა დაეხმარო, რომელიც თავისი შრომით აპირებს ფეხზე დადგომას. რას არ ვდებდი ბანკში, რომ რაც ახლა წვრილფეხა თუ მსხვილფეხა პირუტყვი მყავს მოშენებული, იმისთვის კრედიტი მოეცათ, მაგრამ არ მენდნენ. ჯერ უნდა დავინახოთ, რომ პირუტყვი გყავს, მოგებაზე მიდიხარ და კრედიტს მერე მოგცემთო. თუ მოგებაზე მივდივარ, მაშინ კრედიტი რაღად მინდა?! მადლობა ღმერთს, მცირე ბანკები გვენდნენ და კრედიტიც მოგვცეს. დილის 5-6 საათზე რომ ვდგებით, ვიდრე არ დაბნელდება, მუხლს ვერ ჩავხრით. ყველაფრის მოთავე მაინც ჩემი ვაჟი, ამირანია, რომელმაც რძის საწარმოს აშენება კიდეც მოიფიქრა და კიდეც ააშენა. და ქალბატონი თამარი უკვე თითქმის დასრულებული რძის საწარმოსკენ გამიძღვა. იქვე, ახლოს მისი მეუღლე ნერგებს ძირებს უწმენდდა,  გული არ მიძლებს, ბაღში შემორჩენილ ხმელ ბალახს რომ ვხედავო. ამასობაში ამირან შაბურიშვილიც მოვიდა და საწარმოში შემიყვანა.  სოფელი და მიწა დიდი სიმდიდრეა. ნელ-ნელა და ჯიუტად შრომით მივაღწიეთ, რაც გვაქვს და რისი ბურჯიც ჩემი მშობლები არიან. დედაჩემი რომ ასეთი მშრომელი არ ყოფილიყო, შეიძლება მეც ვერ დამეწყო ეს საქმე. რძის საწარმოს აშენება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც სასიკეთო საქმედ მივიჩნიე,  გარშემო და ჩვენს სოფელშიც პირუტყვი ბევრს ჰყავთ და რძის მოპოვება არ გამიჭირდება. ეს პირუტყვის პატრონსაც ამოასუნთქებს. მინდა ხალხს ასეთი რამ შევთავაზო,  რძეზე მოთხოვნა სტაბილურია, მაგრამ მისი გასაღება ყოველთვის როდია აწყობილი. ზაფხულში სოფლად მოაგარაკეები ჩამოდიან და შესაძლოა რძის ნაწარმი სოფელში გასაღდეს, მაგრამ წელიწადის სხვა დროს რძის პროდუქტის ქალაქში გასატანად ტრანსპორტის ფულიც არის საჭირო, ცალკე დრო და ენერგია იხარჯება და მოგებაც დიდი ვერაფერი გამოდის. დავუშვათ, მე რძეს 1 ლარად ვიყიდი, ოდნავ ნაკლებად, ვიდრე ზაფხულში იყიდება. სამაგიეროდ, წელიწადის არც ერთ დროს არ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე რძე აღარ მჭირდება-მეთქი. ძალიან მინდა, რძის ნაწარმი, რომელსაც ეს საწარმო გაყიდის, ლამაზად შეფუთული იყოს, ისე, რომ ადამიანს არა მხოლოდ რძის გემო ესიამოვნოს, არამედ ვიზუალურადაც მოეწონოს. ამიტომაც შროშაში წავედი, ულამაზესი თიხის ქოთნები შევუკვეთე, რომელშიც რძის ნაწარმს ჩავასხამ.


- ქოთნებში ჩასხმული რძის თვითღირებულება მაღალი არ იქნება?


- ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე პაკეტებში ჩასხმულისა, თან ხალხს ლამაზი ქოთნებიც დარჩება. რძეს სპეციალური ხელსაწყოებით შევამოწმებთ. მოსახლეობისთვის ესეც დახმარება იქნება, - როცა იცი, რომ შენს ერთ ძროხას ბრუცელოზი სჭირს, იზრუნებ, რომ ის მეორეს აღარ გადაედოს. და კიდევ: კატეგორიული უარი ვთქვი მშრალი რძის წარმოებაზე, მინდა ნატურალური რძე გავყიდო. მიწა მინდა და ყიდვის საშუალება არ მომეცა, ამიტომ იძულებული ვარ, რასაც ვხნავ და ვთესავ, ყველაფერი ნაქირავებ მიწაზე მოვიყვანო. გასაყიდი მიწები არის, ფულს ვისესხებდი და ვიყიდდი, მაგრამ ახლა აიჩემეს, მიწა არ იყიდებაო და აუქციონზე იჯარით გასაქირავებლად გამოაქვთ. ეს აუქციონები კი დაცინვაა, - ამას წინათ შევედი და მიწის იჯარით აღებას 2.000 ლარად მთავაზობდნენ წელიწადში. წელიწადში რომ 2.000 ლარს მხოლოდ იჯარაში გადაიხდი, იმ მიწამ რა მოგება უნდა მოგცეს! სანამ ეს საკითხი არ მოწესრიგდება ქვეყანაში და მას არ ექნება, ვინც მართლაც დაამუშავებს, მანამდე ჩვენი მიწისგან ბევრს ვერც ვერაფერს მივიღებთ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016